მთავარი » 2011 » სექტემბერი » 13 » დღეს ქალსა და კაცს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ
10:40 PM
დღეს ქალსა და კაცს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ


ერთხელ ყოვლადბრძენ სოლომონს ზუსტად ერთნაირად ჩაცმული ბიჭები და გოგონები მიუყვანეს, რომ ერთმანეთისგან გაერჩია ისინი. სოლომონმა ისინი წყაროზე მიიყვანა და უბრძანა, პირი დაებანათ. იმის მიხედვით, თუ როგორ იბანდნენ ისინი, სოლომონმა გაარჩია ბიჭები და გოგონები. გოგონები ნაზად იბანდნენ თვალებს, ბიჭები კი თამამად ისხამდნენ წყალს და ლოყებზე ხელებს იტყაპუნებდნენ.

დღეს კაცები იმდენად დაემსგავსნენ ქალებს, რომ მათში კაცების ამოცნობა ჭირს. ძველ დროში ორმოცდაათ მეტრზე შეიძლებოდა კაცის და ქალის ერთმანეთისაგან გარჩევა. ახლა კი ახლოდანაც ვერ გაარჩევ. ვერ გაიგებ, კაცია შენს წინ თუ ქალი. ამიტომაა, რომ წინასწარმეტყველება ამბობს, მოვა დრო, ქალი და კაცი ერთმანეთისგან არ გაირჩევიანო. მამა არსენიმ ერთ გრძელთმიან ახალგაზრდას ჰკითხა: - „ბოლოს და ბოლოს, გოგო ხარ თუ ბიჭი?“ თვითონ ბერი ამას ვერ მიხვდა. ადრე წმ. მთაზე ასეთებს კრეჭდნენ. იმ მაკრატლით, რომელსაც დასართავი ძაფისთვის ვხმარობ, მერე სკვნილები რომ მოვქსოვო, მე ახლაც ვკრეჭ ხოლმე მათ. იცით უკვე რამდენი გავკრიჭე?! მე მათ ვკრეჭ ეზოში - საკურთხევლის კედელთან. ასეთი გრძელთმიანები რომ მოდიან, ვეუბნები: „რა კარგია! რამდენიმე ქაჩალი ახლობელი მყავს და შევპირდი, რომ პარიკებს გავუკეთებდი. სიყვარული გამოიჩინეთ და ნება მომეცით, გაგკრიჭოთ! რას ვიზამთ, იმ ხალხს სიტყვა მივეცი“.

- თანხმდებიან ისინი, წმიდაო მამაო?

- იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეტყვი ამას. მე ხომ მათ ყვირილით არ მივვარდები: „რა სამარცხვინოა, თქვენ პატივს არ სცემთ ამ წმიდა ადგილს?“ არამედ ვეტყვი: „მისმინე, ყმაწვილო, ამ თმით ხომ საკუთარ მამაკაცურ ღირსებას შეურაცხყოფ. შენ რომ გენახა, როგორ მიაბიჯებს საპატიო ყარაულის მწყობრში გვარდიელი ქალის რედიკულით, როგორ შეხედავდი ამას? მოუხდება გვარდიელს რედიკული?! მოდი თმები შევიკრიჭოთ!“ და ვკრეჭ. ზოგჯერ, როცა ვინმე გაჯიუტდება და „რატომ“ და „რისთვისო“ დაიწყებს, ვპასუხობ: „- რა „რისთვის?!“, მე ხომ ბერი ვარ და ჩემს საქმეს ვასრულებ ანუ - აღკვეცას“. მთავარი ისაა, როგორ იზამ ამას. ბიჭები იცინიან და მეც სწორედ ეს მჭირდება. ამის შემდეგ კი ვკრეჭ. არა, რა თქმა უნდა, „აღკვეცისას“ სახელს არ ვუცვლი. მარტო ერთს გამოვუცვალე და დავარქვი „ღირს არსი“, იმიტომ, რომ მისი „აღკვეცისას“ ლიტანიით მოაბრძანებდნენ ღვთისმშობლის ხატს - „ღირს არსი“. არადა, როგორ ხარობენ „აღკვეცილების“ მშობლები! იცი, მშობლებისგან რამდენი სამადლობელი წერილი მომდის? მარტო ამისთვის შემინდობს ღმერთი!

ახლა შემოიღეს მოდაში, რომ თავზე თმას იკრეჭენ და უკან კუდს იტოვებენ. „- ეი, არწივებო, რა აზრია ამ კუდებში?“ - ვეკითხები. „არწივები“ კი მპასუხობენ: „- კუდს იმიტომ ვიტოვებთ, რომ ყურადღება მივიქციოთ“. „- სასწაული ხალხი ხართ, - ვეუბნები კვლავ. - ხალხს ახლა იმდენი საქმე აქვს, ფულიც რომ გადაუხადოთ, ყურადღებას მაინც არავინ მოგაქცევთ!“ სხვები კი - ჯანმრთელი ახმახები საყურეს ატარებენ. რამდენისათვის მომიხსნია ეს საყურეები.

- ზოგიერთი კი, წმიდაო მამაო, მხოლოდ ერთ საყურეს ატარებს.

- ერთ საყურეს ანარქისტები ატარებენ, ერთი საყურე ანარქიზმის ნიშანია. ისინი საყურეს იმიტომ კი არ იკეთებენ, რომ ქალებივით თავი მოირთონ, არამედ ყურის გახვრეტა და საყურის გაყრა პროტესტის ნიშანია. ჩემთან, ათონზე მამასთან ერთად მოვიდა ოცდაორი წლის გრძელთმიანი, წვერიანი და საყურიანი ბიჭი. - „წესი არ არის, რომ ბიჭმა საყურე ატაროს. ბევრი არასწორად გაგიგებთ, მე ამის ახსნა არ მჭირდება, მაგრამ ხალხმა ხომ არ იცის, რომ ანარქისტი ხართ და შეიძლება, თქვენი საქციელი სწორად ვერ შეაფასონ“. - ვუთხარი მე. მან მოიხსნა საყურე და მე გადმომცა. ის ოქროსი იყო. თანაც მითხრა: „იუველირს მიეცი, რომ სამკერდე ჯვარი გაგიკეთოს“.

- ზოგიერთი, წმიდაო მამაო, საყურეს ცხვირზე ატარებს.

- ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკმა რგოლი წამოაცვა მათ ცხვირზე. მარტო ლაგამი არ ჩანს. ზოგიერთი კი მკერდზე მსხვილ ოქროს ჯაჭვს ატარებს და რამდენიმე პირადაც. ერთს ასეთი რამ მოვუწყე: მოვხსენი მთელი ეს ჟღარუნები და ვუთხარი: „- ყველაფერი ან ვინმე ობოლს მიეცი, ან დედაშენს ჩააბარე, რომ რომელიმე ღარიბს დაეხმაროს“. მეტ-ნაკლებად ადამიანური სახე რომ მიიღო, მეკითხება: „- ახლა რაღა ვქნა?“ „- არაფერი, რაიმე უბრალო ჯაჭვით დაიკიდე ჯვარი“. მარტო იფიქრე: მამაკაცები!.. და ოქროს სამკაულებს ატარებენ. დგას შენ წინ და ოქროში ერთიანად ანათებს, თანაც ორი-სამი ყელი ჯაჭვი უმშვენებს კისერს. პრინცესები არ ატარებდნენ ამდენ სამკაულს. დგას და წუწუნებს, რამდენი პრობლემა აქვს! პრობლემა კი სწორედ ამაშია. მისი პრობლემა - ეს ეპიტიმიაა, რომელსაც ატარებს. ზოგს თვითონვე ვხსნი ამ აკაზმულობას, ზოგიერთს კი ვეუბნები, რომ საკუთარი ხელით მოიხსნას. ადამიანებმა საზომი დაკარგეს და ისინი ბოლოს და ბოლოს სრულიად უვარგისნი გახდნენ. ზოგიერთი კისერზე დაკიდულ ზოდიაქოს ნიშანს ატარებს. ერთს ვეუბნები: „- ეს რა არის, ამისთანა რამეს პირველად ვხედავ?“. „- ეს პატარა მხეცი ჩემი ზოდიაქოა“. - მპასუხობს. მე თავდაპირველად მომეჩვენა, რომ ღვთისმშობლის ხატი იყო. მას კი ვუთხარი: „- რას ვიზამთ, ეტყობა - თვითონაც ზოოპარკის მხეცები ხართ, რადგან გულზე ზოდიაქოს ატარებთ?“ საოცარი ხალხია! შინაგანი უწესობა გარეგნობაშიც ვლინდება. ვილოცოთ, რომ უფალმა დაიცვას ახალგაზრდობა და ცოტაოდენი საკვეთელი შემორჩეს მათში.
კატეგორია: ბერი პაისი ათონელი | ნანახია: 957 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: