მთავარი » 2011 სექტემბერი 22 » ეკლესიის ერთიანობის შესახებ!!!
1:04 AM ეკლესიის ერთიანობის შესახებ!!! | |
საყვარელო ძმებო, უნდა ვუფრთხილდეთ არა მხოლოდ აშკარა და თვალსაჩინო ტყუილს, არამედ ისეთსაც, დახვეწილ ცბიერებითა და მზაკვრობით რომაა შენიღბული. მას მერე, რაც მტერი იძლია ქრისტეს მოსვლით, და მოვიდა ნათელი, განმანათლებელი წარმართთა, აღმობრწყინდა მნათობი მაცხოვნებელი, ბედნიერების მომტანი კაცთათვის, მას მერე, რაც ბოროტმა იხილა კერპები – მიტოვებული, თავისი სახლები და საკერპოები – დაცარიელებული, განა შეიძლება უფრო დახვეწილი მზაკვრობისა და ცბიერების წარმოდგენა, ვიდრე ის ახალი ტყუილია, მტერმა რომ მოიფიქრა – თვით ქრისტეანის სახელით აცთუნოს გაუფრთხილებელნი? მან გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა. ვის დაბრმავებას და ძველ გზაზე დაყენებასაც ვერ ახერხებს, ის ახალი გზით შეჰყავს შეცდომაში. თვით ეკლესიიდან იტაცებს ადამიანებს და სწორედ მაშინ, როდესაც ისინი უკვე უახლოვდებოდნენ ნათელს, როცა თავს აღწევდნენ ამა ქვეყნის უკუნითს, მათთვის შეუცნობლად ახალ ბნელეთში ხვევს. ასე რომ, ისინი სახარების სწავლებით არ ცხოვრობენ და ღამის წყვდიადში დაეხეტებიან, თანაც ჰგონიათ, თითქოს ნათელში ვლენან. ასეთია მზაკვრული მანქანება მტრისა, რომელიც მოციქულის თქმით, გარდაისახება "ანგელოზად ნათლისა” (II კორ. 11,14) და თავის მსახურებს სიმართლის მსახურებად წარმოგვიდგენს, ისინი კი დღეს ღამედ აცხადებენ, წარწყმედას – ცხონებად, სასოების საფარველ ქვეშ სასოწარკვეთილებას მალავენ, სიმუხთლეს რწმენას უწოდებენ, ანტიქრისტეს ქრისტედ სახელდებენ, ტყუილს სიმართლედ ასაღებენ და დახვეწილი მზაკვრობით განაქარვებენ ჭეშმარიტებას. ეს იმიტომ ხდება, საყვარელო ძმებო, რომ არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრების სწავლებას. განა შეუძლია მას, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, ჩათვალოს, რომ სარწმუნოებას იცავს? ან რა იმედი უნდა ჰქონდეს მას, ვინც უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ეკლესიას, რომ ამის მიუხედავად მაინც ეკლესიის წევრია? და ეს მაშინ, როცა პავლე მოციქული ეკლესიის შესახებ ამბობს: "ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით, ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისათა; ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი” (ეფეს. 4, 4-6). მტკიცედ უნდა დავიცვათ და დავიმარხოთ ეს ერთიანობა; ნურავის ტყუილს ნუ აჰყვება ჩვენი ძმობა! ნურავინ დაემუქრება სარწმუნოების ჭეშმარიტებას მუხანათური მზაკვრობით! ერთია ეკლესია, თუმცა მორწმუნეთა გამრავლებისას იგი ნაწილებად იყოფა. ისევე როგორც მზეს მრავალი სხივი აქვს, მაგრამ ნათელი მისი ერთია, ხეს ბევრი ტოტი აქვს, ტანი კი – ერთი, მყარად ფესვგადგმული, მრავალი ნაკადული გამოდის წყაროს სათავიდან, და თუმცა წყლის სიუხვეს ამ ნაკადულთა სიმრავლე ქმნის, სათავე მათი მაინც ერთია. სცადე და მოსწყვიტე მზის სხივი თავის საწყისს – ცალკე ის ვერ იარსებებს, მოტეხილი ტოტი მოკვდება, სათავეს მოშორებული ნაკადული მყისვე დაშრება. ასევე ეკლესია, უფლის ნათლით განბრწყინვებული, მთელ ქვეყანას ჰფენს თავის სხივებს, მაგრამ თვით ნათელი, საიდანაც გამოდის ეს სხივები, ერთია და მისი ერთიანობა დაურღვეველი რჩება. მთელ ქვეყანას სწვდება მისი ტოტები, ნაყოფით დახუნძლული, შორს მიედინება მისგან გამოსული მდინარეები, და ამასთან სათავე ერთია, ერთია საწყისი, ერთია დედა, ნაყოფიერებით გამდიდრებული. ჩვენც მისგან ვიშვებით, მისი რძით ვიკვებებით, მისივე სულით განვსულიერდებით. სძალი ქრისტესი შეუძლებელია დამახინჯდეს, იგი სუფთაა და განუხრწნელი, ერთი სახლი აქვს და უბიწოდ ინახავს ერთი სარეცელის სიწმინდეს. იგი ღმერთისათვის გვინახავს – სასუფეველისათვის ამზადებს თავისგან შობილთ. ყოველი, ვინაც განეშორება ეკლესიას, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიის აღთქმას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს, იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ მჯდარა. უფალი ასე გვასწავლის: "რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერ ჩემდა არს, და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს” (მატე. 12,30). ქრისტესმიერი მშვიდობისა და ერთობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგია. ვინც სხვაგან შეკრებს, და არა ეკლესიაში, ის წარაგებს ქრისტეს ეკლესიას. იტყვის უფალი: "მე და მამაი ჩემი ერთ ვართ” (იოანე, 10,30). სხვა ადგილას მამისა, ძისა და სულის წმიდის შესახებ წერია: "ესე სამნი ერთ არიან” (I იოანე 5,7). ვინ იფიქრებს, რომ ეს ერთიანობა, რომელიც ღმრთაებრივ უცვალებლობაზეა დამყარებული და ზეციურ საიდუმლოებებთანაა შეერთებული, განა შეიძლება დაირღვეს და დანაწევრდეს იმის გამო, რომ ეკლესიაში მეტოქე მხარეები ვერ შეთანხმდნენ? არა, ამ ერთიანობის დამარღვეველი არ ინახავს საღმრთო სჯულს, არ იცავს მამისა და ძის რწმენას, არ ადგას ცხოვნების ჭეშმარიტ გზას. ეს საიდუმლო ერთიანობისა, ეს განუყოფელი თანხმობა ასახულია სახარებისეულ ამბავში ქრისტეს კვართის შესახებ. კვართი არ გაუყვიათ და არ დაუნაწილებიათ, არამედ წილად ხვდა მთლიანად ერთ კაცს, და განუყოფელი და დაუნაწევრებელი დარჩა. ამასთან დაკავშირებით საღმრთო წერილი ამბობს: "ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად, თქუეს უკუე უერთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისიცა იყოს” (იოანე, 19, 23-24). ამ კვართს მამისაგან ჰქონდა მაღლით მიცემული ერთიანობა, და ამიტომ არ შეიძლებოდა დაენაწევრებინათ იმათ, ვისაც ის ერგო, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დარჩა მთლიანად და განუყოფელი. ამიტომ შეუძლებელია ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს. თავისი კვართის საიდუმლოთა უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა. ვინაა იმდენად უსჯულო და ორგული, ვინ შეუპყრია ისე ძალუმად განხეთქილების ჩამოგდების ვნებას, რომ შესაძლებლად მიაჩნია, ანდა კადნიერდება დაარღვიოს ღმრთაებრივი ერთიანობა, უფლის კვართი – ეკლესია ქრისტესი? თვით უფალი შეგვახსენებს და გვმოძღვრავს თავისი სახარებით: "და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს” (იოანე 10,10). ვინ იფიქრებს, რომ ერთ ადგილას მრავალი მწყემსისა და მრავალი სამწყსოს არსებობაა შესაძლებელი? პავლე მოციქული, იმავე ერთიანობას რომ შთაგვაგონებს, გვედრის და გვარიგებს: "ხოლო გლოცავ თქვენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალებაი, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა” (I კორ. 1,10). სხვა ადგილასაც იგივეს ამბობს: "ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთას სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისათა” (ეფეს. 4, 2-3). შენ კი გგონია, რომ შესაძლებელია ეკლესიის გარეშე დოგმა, სხვა სამყოფელის მოწყობა? ნუვინ იფიქრებს, თითქოს კეთილ კაცებს შეეძლოთ გამოეყონ ეკლესიას. ქარი არ განაბნევს ხორბალს, და ფესვმაგარ ხეს ქარიშხალი ვერას აკლებს. მხოლოდ ბზეს ფანტავს ნიავი, სუსტი ხე წვება გრიგალისაგან. სწორედ მათ შეაჩვენებს იოანე მახარებელი, როდესაც ამბობს: "ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ, უკუეთუმცა ჩუენგანი იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა” (I იოანე 2,19). წვალებანი ხშირად იქიდან ჩნდებოდნენ და დღესაც ჩნდებიან, რომ თვითრჯულ გონებას არა აქვს მშვიდობა თავის თავში, და განხეთქილების მთესველი ორგულობა არ იცავს ერთიანობას. უფალი ჩვენს თავისუფალ ნებას უფრთხილდება და ამიტომ უშვებს, რომ ჩვენი გულისა და გონების გამოცდით, ჭეშმარიტების ძიების გზით, ნათლად გამოჩნდეს ღირსთა წმიდა სარწმუნოება. ამას წინასწარ გვამცნობს სული წმიდა მოციქულის პირით: "რამეთუ წვალებანიც ყოფად გამოჩნდნენ” (I კორ. 11,19). ასე ხდება ერთგულთა გამოცდა და ორგულთა მხილება, ასე ეყრებიან მართალთა სულები უსჯულოთა სულებს და ბზე – ხორბალს ჯერ კიდევ სამსჯავროს დღემდე! განეყენებიან ისინი, რომელნიც ღმრთაებრივი განჩინების გარეშე, თვითნებურად იღებენ საკუთარ თავზე უგუნური ბრბოს ბელადობას, კანონიერი კურთხევის გარეშე აცხადებენ თავს წინამძღვრებად, ეპისკოპოსის სახელს ისაკუთრებენ მაშინ, როცა მათთვის ეს წოდება არავის მიუნიჭებია. სული წმიდა ფსალმუნებში მათ უწოდებს "მსხდომთა” საჯდომელთა უსჯულოთასა” (ფს. 1,1), სარწმუნოების სენსა და იარას, ადამიანებს, რომლებიც გველივით აცთუნებენ გულუბრყვილობას, ამახინჯებენ ჭეშმარიტებას, რომელთა ენაც დამღუპველ შხამს ანთხევს "და სიტყუამან მათმან, ვითარცა სრსვლიმან, საძოვარი პოოს” (II ტიმ. 2, 17), და რომელთა სიტყვები მომაკვდინებელ საწამლავად შედის ადამიანთა გულში. მათ წინააღმდეგ ღაღადებს უფალი, მათგან იცავს და მათ არიდებს თავის გზადაკარგულ ერს, როდესაც აფრთხილებს: "ნუ ისმენთ სიტყვათა წინასწარმეტყველთათა, რომელნი გიწინასწარმეტყველებენ თქუენ, რამეთუ გაამოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყვიან და არა პირისაგან უფლისა” (იერემია 23,16). მათვე აღწერს უფალი სხვაგან როდესაც ამბობს: "მე დამიტევეს წყაროი წყლისა ცხოველისა, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გახურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა” (იერ. 2,13). ხომ ცნობილია, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი ნათლისღება, იმათ კი ჰგონიათ, რომ თვითონაც შეუძლიათ მონათვლა, ცხოვრების წყარო დაუტევებიათ და რაღაც სხვა, მაცოცხლებელ წყალს ჰპირდებიან ადამიანებს. ამ წყლით ადამიანები კი არ განიბანებიან, არამედ უფრო მეტად იბილწებიან, ცოდვები კი არ აღიხოცებიან, უფრო მეტად მძიმდებიან. ასეთი შობით ღმრთის ძენი კი არა ეშმაკის ძენი იშვებიან. ძენი სიცრუისანი აღთქმულ ჭეშმარიტებას ვერ დაიმკვიდრებენ. ღალატით შობილნი სარწმუნოების მადლს ღუპავენ. უფლისმიერი მშვიდობის სასტიკი განხეთქილებით დამარღვეველნი მშვიდობის ჯილდოს ვერ მოიპოვებენ. მავანნი და მავანნი თავს ნუ მოიტყუებთ უფლის ნათქვამი სიტყვებით: "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა” (მათე 18,20). სახარების გამაყალბებელებს და ცრუ წინასწარმეტყველებს ეს სიტყვები კი მოჰყავთ, მაგრამ რაც მათ წინ უძღვით, იმას ტოვებენ. ერთ ნაწილს გვახსენებენ, მეორეს კი მზაკვრულად ჩქმალავენ. როგორც თვითონ გამოეყვნენ ეკლესიას, ისევე ანაწევრებენ ერთი ადგილის მთლიანობას. უფალი თავის მოწაფეებს ჩააგონებს ერთსულოვნებისა და მშვიდობის შენარჩუნებას და ეუბნება: "ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა შემისაგან ზეცათაისა. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა” (მათე 18,19), და ამით გვიჩვენებს, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული მლოცველთა ერთსულოვნებაზე და არა მათ რაოდენობაზე. "უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა”, ამბობს იგი. ამგვარად, უფალმა გვამცნო პირველ ყოვლისა თანხმობა, ერთსულოვნება, და გვასწავლა მტკიცედ და უყოყმანოდ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მაგრამ როგორ დაეთანხმება ვინმეს ის, ვინც არ ეთანხმება წმ. ეკლესიის სხეულსა და მთელ ძმობას? როგორ უნდა შეიკრიბონ ქრისტეს სახელით ორნი ან სამნი, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ ისინი განუდგებიან ქრისტესა და მის სახარებას? ჩვენ ხომ არ გამოვყოფილვართ ამ ადამიანებს, ისინი გამოგვეყვნენ, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა კრებები მოაწყვეს, წვალებანი და განხეთქილებანი ჩამოაგდეს და დაუტევეს თავის და საწყისი ჭეშმარიტებისა. უფალი კი ამბობს თავისი ეკლესიის შესახებ, ამ ეკლესიის წიაღში მყოფთა შესახებ, რომ თუ ისინი შეთანხმებულნი იქნებიან, თუ უფლის სწავლების თანახმად თუნდაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან და ერთსულოვნად ილოცებენ, მაშინ, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ორნი ან სამნი არიან, მიიღებენ, რასაც ითხოვენ. "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა” ანუ უბრალო და მშვიდობიან, ღმრთისმოშიშ და ღმრთის მცნებათა დამმარხველ ადამიანთა შორის. უფალმა აღგვითქვა, რომ ასეთებს შორის იქნებოდა, როგორც სამ ყრმას შორის იყო სახმილსა შინა, და ცვარით განაგრილებდა მათ, რადგან ისინი ღმრთის ერთგულნი და ერთსულოვანნი იყვნენ (დან. 3, 50). უფალი იყო აგრეთვე საპყრობილეში ჩაგდებულ ორ მოციქულთან, და რაკი ისინი უბრალონი და ერთსულოვანნი იყვნენ, გაუღო საპყრობილის კარი და გამოიყვანა, რათა მათ ექადაგათ ხალხისათვის ჭეშმარიტება (საქმე 9, 19). ამრიგად, როდესაც უფალი თავის მცნებაში გვიდგენს და გვეუბნება: "სადაც იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა”, ამით იგი, შემქმნელი და დამაწესებელი ეკლესიისა, კი არ გამოყოფს ადამიანებს ეკლესიისგან, არამედ ამხილებს სარწმუნოებისაგან განდრეკილთ და მორწმუნეებს მშვიდობის შენარჩუნებას ჩააგონებს. ამ სიტყვებით უფალი გვიჩვენებს, რომ იგი ორ ან სამ ერთსულოვან მლოცველს შორის უფროა, ვიდრე სხვა საქმისათვის თავშეყრილ უამრავ ხალხთან. ამიტომ, როდესაც ლოცვის წესი დაგვიდგინა, უფალმა იქვე დასძინა: "და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი ვისთვისმე, რაითა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი” (მარკ. 11,25). მას, ვინც აპირებს მსხვერპლი შესწიროს ღმერთს, გულში კი ვინმეს მტერობა უდევს, უფალი არ აძლევს საკურთხეველთან მისვლის ნებას, უბრძანებს, ჯერ შეურიგდეს ძმას, და მერე მშვიდობით შესწიროს მსხვერპლი ღმერთს (მათე 5, 23-24). ღმერთმა არ მიიღო კაენის მსხვერპლი, რამეთუ წყალობის თვალით ვერ მიხედავდა მას, ვისაც შურის და სიძულვილის გამო განხეთქილება ჰქონდა ძმასთან. რა მშვიდობას ჰპირდებიან საკუთარ თავს ძმათა მოძულენი? რა მსხვერპლის შეწირვას ფიქრობენ მღვდლების მოშურნენი? ნუთუ, როდესაც ეკლესიის გარეთ იკრიბებიან, ჰგონიათ, რომ მათთან არს ქრისტე? ასეთებმა სიკვდილიც რომ დაითმინონ ქრისტეს სახელით, ლაქას სისხლითაც ვერ ჩამოირეცხავენ. მძიმე, აღუხოცველი დანაშაული განხეთქილებისა წამებითაც კი ვერ განიწმინდება. მოწამე ვერ იქნება ის, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფება, ვერ მოიპოვებს სასუფეველს იგი, ვინც დაუტევა ეკლესია, რომელიც დაიმკვიდრებს სასუფეველს. ქრისტემ მშვიდობა მოგვანიჭა, მან გვიბრძანა, ვყოფილიყავით ერთსულოვანნი და შეთანხმებულნი, გვამცნო მტკიცედ და დაურღვევლად შეგვენახა ერთობა და სიყვარული, და ის, ვინც არ დაიმარხა ძმათა შორის სიყვარული, მოწამე ვერ იქნება. ამასვე გვასწავლის, ამასვე ადასტურებს პავლე მოციქული, როდეასც ამბობს: ”მაქუნდეს-ღათუ ყოველივე სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქნდეს, არავე რაი ვარ. და შე-ღათუ ვჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარავე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულ-გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღინ, არა სარცხვინელ იქმან, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არა სარცხვინელ იქმან, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არადა შეჰრაცხის ბოროტი, ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (I კორ. 13 2-5, 8-9). სიყვარულიო, ამბობს მოციქული, არასადა დავარდების, იგი სამუდამოდ დარჩება ზეციურ სასუფეველში, დაუსრულებლად გაგრძელდება იქ ძმათა კავშირის ერთიანობაში. შფოთისა და უთანხმოების ჩამომგდებნი ვერ ეღირსებიან სასუფეველსა და ჯილდოს ქრისტესგან, რომელმაც თქვა: ”ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყუარებოდეთ ურთიერთას” (იოანე 15, 12). ქრისტეს კუთვნილი ვერ იქნება ის, ვინც მუხანათური განხეთქილებით დაარღვია სიყვარული ქრისტესი, ხოლო ვისაც სიყვარული არა აქვს, იგი ღვთის გარეშეა. ნეტარი მოციქული ამბობს: ”ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა” (I იოანე 4, 16). ამგვარად, ღმერთთან ვერ დაემკვიდრებიან ისინი, ვინც არ ისურვა ღმრთის ეკლესიაში ერთსულოვნება შეენარჩუნებინა, თუნდაც ისინი ცეცხლში დაწვან და მხეცებს მიუგდონ შესაჭმელად. ეს მათთვის სარწმუნოების გვირგვინი კი არა, სასჯელი იქნება ორგულებისათვის, ღმრთისმსახურებრივი ღვაწლის კეთილი დასასრული კი არა, სასოწარკვეთილების დაბოლოება. ასეთი კაცი შეიძლება მოაკვდინონ, მაგრამ მოწამის გვირგვინს ის ვერ მიიღებს, და ისევე ამაოდ უწოდებს ქრისტეანს თავის თავს, როგორც თვით ეშმაკი სახელდებს თავის თავს ქრისტედ. მაცხოვარიც ხომ ამის შესახებ ამბობს: ”რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდიან” (მარკ. 13, 6). ღოგორც ეშმაკი არაა ქრისტე, თუმცა მისი სახელით აცთუნებს ადამიანებს, ისევე ვერ ჩაითვლება ქრისტეანედ ის, ვინც არ ცხოვრობს სახარებითა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მცნებათა მიხედვით. თქმა არ უნდა, დიდი და საკვირველი საქმეა წინასწარმეტყველება, ეშმაკთა განსხმა, დიდ-დიდი სასწაულების ქმნა, მაგრამ ყოველივე ამის მოქმედი ვერ მიაღწევს ზეციურ სასუფეველს, თუ პირდაპირი და ჭეშმარიტი გზით არ ივლის. Aმას გულისხმობს უფალი, როდესაც ამბობს: ”მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა შინა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი” (მათე 7, 22-23). იმისთვის, რომ მამა ღმერთს სათნო ვეყოთ, საჭიროა სიმართლე, იმისათვის, რომ ჩვენი შრომისათვს საზღაური მივიღოთ ღმრთის მცნებებსა და სწავლებას უნდა დავემორჩილოთ. სახარებით უფალი გვიჩვენებს სარწმუნოებისა და სასოების გზას და ამბობს: ”უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს. და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაი. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავ თვისი. უფროის ამათსა სხუაი მცნებაი არ არს. ამათ ორთა ყოველი სჯული და წინაისწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან” (მარკ. 12, 30-31; მათე 22, 37-40). ამ სწავლებით უფალმა გვამცნო ერთიანობა და მასთან ერთად – სიყვარული, ორ მცნებაში მოათავსა სჯული და წინასწარმეტყველები. და რა ერთიანობას იცავს, რა სიყვარულს ინახავს, ან საერთოდ რომელ სიყვარულზე ლაპარაკობს ის, ვინც განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობს და შუაზე ყოფს ეკლესიას, არღვევს სარწმუნოებას, აღაშფოთებს მშვიდობას, აღმოფხვრის სიყვარულს, ბილწავს საიდუმლოებას? დიდი ხანია სათავე დაიდო ამ ბოროტებამ, საყვარელო ძმებო, მაგრამ დამღუპველი დინების დამანგრეველმა ძალამ ამჟამად იმატა, მწვალებლურ ცთუნებათა და განხეთქილებათა მომწამვლელი ქმედება სულ უფრო მეტად მჟღავნდება და ვრცელდება. თუმცა, სული წმიდამ მოციქულის პირით იწინასწარმეტყველა, რომ ქვეყნიერების დასასრულს ასეც მოხდება: ”უკანასკნელთა დღეთა მოიწინეს ჟამნი ბოროტნი და იყვნეს კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავ-მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, უმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყუარე, აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდნენ. და ამათგანცა განეშორე, რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებილთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თითო სახეთა, ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსლვად. ვითარცა ესენი უხდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი გახრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა. გარნა არა წარემატნენ უფროის, რამეთუ უგუნურებაი მათი ცხად იყოს ყოველთა, ვითარცა-იგი მათი იყო” (II ტიმ. 3, 1-9). წინასწარმეტყველება სრულდება: ქვეყნის დასასრულის მოახლოებასთან ერთად უკვე ჩნდებიან ადამიანები და დგება ასეთი ჟამი. მტერი უფრო და უფრო მძვინვარე ხდება, და ამასთან ერთად შეცთომილება გვატყუებს, სიცოფე განგვალაღებს, შური აღგვაგზნებს, გულისთქმა გვაბრმავებს, უსჯულოება გვრყვნის, სიამაყე გვერევა, უთანხმოება გვასასტიკებს და მრისხანება გვღუპავს. მაგრამ დაე ნუ შეგვარყევს და ნუ დაგვაბრკოლებს მოულოდნელი, უკიდურესი მუხანათობა მრავალთა, დაე წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებამ განამტკიცოს ჩვენი სარწმუნოება. წინასწარმეტყველების თანახმად მავანნი შეორგულდნენ, მაშ დაე სხვა ძმები უფრთხილდნენ მათ, რამეთუ ესეც წინასწარ გვამცნო უფალმა: ”ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით, აჰა ესერა წინაისწარ გითხარ თქუენ ყოველი” (მარკ. 13,13). გვედრით თქუენ, გაექეცით ასეთ ადამიანებს და სასიკვდილო შხამივით მოერიდეთ მათ დამღუპველ საუბრებს, როგორც საღმრთო წერილი გვირჩევს: ”მოზღუდე ყურნი შენნი ეკლითა და ნუ ისმენ სიტყვათა უსჯულოთასა” (სირ. 28, 28), რამეთუ ”განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი” (I კორ. 15,33). თვით უფალი გვმოძღვრის და გვამცნებს განვეშოროთ ასეთებს: ”ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი, ხოლო ბრმაი ბრმასა თუ წინა-უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან” (მათე 5,14). უნდა გავექცეთ და განვერიდოთ ყველას, ვინც განუდგა ეკლესიას, ”რამეთუ გარდაგუარძნილ არს ეგევითარი იგი და სცოდავს და არს იგი თვით დასჯილ” (ტიტ. 3,11). განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქრისტესთან ერთადაა ის, ვინც ქრისტეს მღვდლების წინააღმდეგ მოქმედებს, ვინც განეშორება ქრისტეს სამღვდელო დასსა და ერს? ასეთი კაცი ხომ ეკლესიის წინააღმდეგაა ამხედრებული, ღმრთის განგებას უპირისპირდება, მტერია საკურთხეველისა, სარწმუნოებას ღალატობს, ღმრთისმსახურების მიმართ მკრეხელობას სჩადის. იგია ურჩი მონა, უსჯულო შვილი, ბოროტი ძმა, ეპისკოპოსთა შეურაცხმყოფელი და მღვდელთაგან განდგომილი, იგი სხვა საკურთხეველის აღმართვას ბედავს, სხვა ლოცვების შედგენას იწყებს უჯერო სიტყვებით, ცრუ მსხვერპლშეწირვით ბილწავს ღმრთისადმი შეწირული მსხვერპლის ჭეშმარიტებას და არც კი უნდა გაიგოს, რომ ღმრთაებრივი განწესების წინააღმდეგ მოქმედი ღმრთაებრივი ნებითვე დაისჯება უგუნური კადნიერებისათვის. ასე დაისაჯნენ კორე, დათანი და აბირონი, რომლებიც მოსესა და მღვდელ აარონის წინააღმდეგ აღდგნენ და მსხვერპლშეწირვის უფლების მისაკუთრება დააპირეს, მიწა გაირღვა, ღრმა უფსკრული გაჩნდა და ცოცხლივ შთანთქა ისინი. მხოლოდ შფოთისთავებს როდი ეწია ღმრთის რისხვა, ცეცხლმა შემუსრა მათი უგუნურების მოზიარე და მიმდევარი 150 კაციც (რიცხვთა 16), და ამით გვიჩვენა, რომ უსჯულოთა ყველა თვითნებური წამოწყება ღმრთის განგების წინააღმდეგ ღმრთისაგან განდგომას ნიშნავს. ასევე ოზია მეფე: როდესაც ხელში საცეცხლური აიღო და ღმრთის სჯულის საწინააღმდეგოდ მსხვერპლშეწირვის უფლება დაისაკუთრა, არ დაემორჩილა და არ დაუთმო მღვდელ აზარიას, რომელიც აყენებდა მას ამ საქმისაგან, ღმრთის რისხვა ეწია და შუბლზე კეთრი გამოაჩნდა – შეურაცხყოფილმა ღმერთმა სხეულის სწორედ ის ნაწილი დაუშანთა, რომელზეც ღმრთის სათნო-მყოფელთ წყალობის ნიშანი აღებეჭდებათ ხოლმე (II ნეშტთა 26). ასევე დაისაჯნენ აარონის ძენი: როდესაც საკურთხეველზე დაანთეს უცხო ცეცხლი, რაც მათ ღმრთისაგან ჰქონდათ აკრძალული, მყისვე ცეცხლით მოისრნენ ღმრთის მიერ (ლევ. 10). მათვე ჰბაძავენ და მათ კვალს მიჰყვებიან ისინი, ვინც ღმრთის მცნებებს შეურაცხყოფენ, უცხო მოძღვრებებს ითვისებენ და კაცთაგან დადგენილ წესებს მისდევენ. უფალი ამხილებს და ყვედრის ასეთ ადამიანებს თავის სახარებაში, როდესაც ამბობს: ”და დაგიტევებიეს მცნება ღმრთისაი და გიპყრიეს მოძღურებაი კაცთაი” (მარკ. 7,8). საყვარელო ძმებო, მე მსურს, გირჩევთ და გარწმუნებთ, რომ თუკი ეს შესაძლებელია, არავინ ძმათაგანი წარწყმდეს, რომ დედა ეკლესიამ სიხარულით მიიკრას მკერდზე ერთი სხეული, ერთიანი, ერთსულოვანი ერი თვისი. და თუ ამ რჩევას არ ძალუძს ცხოვნების გზაზე მოაქციოს განხეთქილების მთავარნი და უთანხმოების წამოწყებანი, რომლებიც ბრმა და შეუვალ სიცოფეს შეუპყრია, მაშინ თქვენ მაინც, გულუბრყვილობით მოცთუნებულებმა, ტყუილით მონადირებულებმა, ანდა რაიმე ხრიკით მოხიბლულებმა, განხეთქეთ მზაკვრული ბადე, გაათავისუფლეთ ბორკილებისაგან ფერხნი თქვენნი, მერყეობას შეჩვეულნი, შეიცანით მართალი გზა ზეციური სასუფეველისკენ. იტყვის მოციქული: ”გამცნებთ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არ მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან” (II თესალონ. 3,6). და სხვა ადგილას: ”ნუცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყვითა, რამეთუ ამისთვის მოიწევის რისხვა ღმრთისაი ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა, ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა” (ეფეს. 5, 5-7). უნდა გავეცალოთ იმათ, ვინც შეგნებულად ცოდავს, ის კი არა, უნდა გავექცეთ კიდეც, რადგან ვაითუ კაცი, რომელიც ცთუნებისა და ბიწიერების გზაზე მავალს დაუმეგბრდა, თავადაც ასცდეს ჭეშმარიტ გზას და იგივე ცოდვის მოზიარე გახდეს. ერთ არს ღმერთი, ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, ერთ არს სარწმუნოება და ერთ არს ერი, რომელიც სხეულის მთლიანობაშია შეერთებული თანხმობის კავშირით. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, ასევე არ უნდა დანაწევრდეს ერთი სხეულიც კავშირების დაშლით, არ უნდა დაქუცმაცდეს პატარ-პატარა ნაწილებად: ”ყოველივე, რაც მაცოცხლებელ საწყისს მოშორდა, კარგავს სიცოცხლის საწყისს და განცალკევებით ვეღარ განაგრძობს არსებობას. სული წმიდა შეგვაგონებს: ”ვინ არს კაც, რომელსა ნებავს ცხონებაი და უყუარან დღენი კეთილნი? დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა, მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას” (ფს. 33, 13-15). ძე მშვიდობისა მშვიდობას უნდა ეძიებდეს, სიყვარულის კავშირი ვინც შეიცნო და შეიყვარა, იმან უნდა დააყენოს ენა თვისი სასტიკი განხეთქილების ჩამოგდებისგან. როდესაც უკვე მოახლოვდა ჟამი ვნებისა, უფალმა თავის სხვა სწავლებებსა და მაცხოვნებელ შეგონებებთან ერთად ესეც გვითხრა: ”მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ” (იოანე 14, 27). ასეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვა ქრისტემ! მშვიდობის შენარჩუნებაში მან იგულისხმა თავის აღთქმათა ყველა ნიჭი და ჯილდო. ამგვარად, თუკი ჩვენ ქრისტეს მეკვიდრენი ვართ, ქრისტეს მშვიდობა უნდა დავიმარხოთ, თუ ვართ ძენი ღმრთისანი, მშვიდობისმყოფელნიც უნდა ვიყოთ. უფალი ამბობს: ”ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ” (მათე 5, 9). ძეთა ღმრთისათა შეჰფერით იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, მდაბალნი გულითა, უბრალონი სიტყვით, კეთილგანწყობილნი ერთმანეთის მიმართ, ერთსულოვნების კავშირით მტკიცედ შეერთებულნი. ასეთი ერთსულოვნება ჰქონდათ ოდესღაც მოციქულებს. პირველი ქრისტიანები უფლის შეგონებას იმარხავდნენ და ურთიერთის სიყვარულს არ განეშორებოდნენ. ამას გვიმოწმებს საღმრთო წერილი, სადაც ნათქვამია: ”ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ” (საქმე 4, 32), და სხვა ადგილას: ”ესე ყოველნი განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა, ერთბაშად დედებითურთ და მარიამ დედით იესოისით და ძმებითურთ მისით” (საქმე 1, 14). ამიტომ იყო მათი ლოცვა ნაყოფიერი, ამიტომ შეეძლოთ ჰქონოდათა იმედი, რომ მიიღებდნენ ყოველივეს, რასაც მოწყალე ღმერთს სთხოვდნენ. ”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა” წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |