მთავარი » 2011 » სექტემბერი » 13 » განათლების პრობლემები
10:37 PM
განათლების პრობლემები


- წმიდაო მამაო, თქვენ ხშირად ამბობთ, რომ დღეს ყველაფერი გახრწნილებისაკენ მიექანება. განათლების სისტემაშიც ასეა?

- დიახ. განა ვერ ხედავთ, რა ხდება? განა ეს სკოლებია? განა, რასაც დღეს ბავშვებს ასწავლიან, ის ჩვენი ენაა? განა ეს ჩვენი ისტორიაა? აი, ღვთისმეტყველებაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე კარგად მიდის? უღმერთოებს - საღვთისმეტყველო დიპლომებით - საღვთო სჯულის სწავლების ნებას აძლევენ. ამასთან, არც კი ამოწმებენ, რას ასწავლის ის ბავშვებს - საღვთო სჯულს თუ უღმერთობას. „მისი განთავისუფლების ნება არა გვაქვს“. - ამბობენ პასუხისმგებელი პირები. მაგრამ ფილოლოგმა რომ მათემატიკის სწავლება მოინდომოს, მისცემენ ამის ნებას?

საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ერთი კურსდამთავრებული კი ადამიანებს ზიარების ნებას არ აძლევს, რომ ისინი შიდსით არ დაავადდნენ. ეს ერთ-ერთი იმ „ღვთისმეტყველთაგანია“, ვინც მოწოდებით კი არ ჩააბარა საღვთისმეტყველოზე, არამედ კომპიუტერის „განაწესის“ მიხედვით. ასეთი ცოდნა, საღვთო ცოდნა როდია! ძველად სწავლა წმიდა საქმედ ითვლებოდა, დღეს კი ღვთისმეტყველების პროფესორს ღმერთი არ სწამს, სტუდენტების წინაშე გმობს წინასწარმეტყველებს, მაგრამ მას პედაგოგიური მოღვაწეობის უფლებას არავინ ართმევს. მაგრამ, ბატონო საუკეთესოვ, რა დაგრჩენოდა საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე? როგორ ღვთისმეტყველებს გამოზრდი შენ!

როგორი გავლენა მოახდინეს ჩვენზე პროტესტანტებმა და კათოლიკებმა? რომ იცოდეთ, რა ღრმად გაიდგა ფესვი კათოლიკურმა უღმერთო სულმა! ერთი უსმინე: „- წმ. ეკატერინე დიდი წმიდანი არ ყოფილა, მამამისი წვრილფეხა მეფე იყო. მღვდელმთავარი ნიკოლოზი უმნიშვნელო წმიდანია. დიდმოწამე გიორგი მითია. მთავარანგელოზი მიქაელი არ არსებულა. იყო უბრალოდ ღვთის გამოვლინება, იგივე ითქმის მთავარანგელოზ გაბრიელზე“. შემდეგ ისინი განაცხადებენ, რომ ქრისტე ღმერთი არ არის, რომ ის უბრალოდ დიდი მასწავლებელი იყო. შემდეგ ღმერთს რაღაც უცნობ ძალას დაარქმევენ, ბოლოს კი განაცხადებენ, რომ ღმერთი ეს ბუნებაა. ამდენი თვალხილული ზებუნებრივი მოვლენა, ამდენი წინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველება, ამდენი ცოცხალი სასწაული! მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ზოგიერთი მართლმადიდებელი იქამდე მიდის, რომ ამ სისულელეებს იჯერებს.

ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა, რათა კურთხევა აეღო და იტალიაში სასწავლებლად წასულიყო. იგი ლიტურგიკის შესწავლას და დისერტაციის დაწერას აპირებდა. „- შენს ჭკუაზე ხარ? იეზუიტებთან დისერტაციის დასაწერად მიდიხარ და ჩემთან კურთხევისთვის მოხვედი? მათ ისიც კი არ იციან, რაც იქ ხდება! იქ ხომ უნიატები, იეზუიტები და რა ვიცი, ვინ აღარ ასწავლიან!“ საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ იმიტომ, რომ ასეთი რამ ხდება ხოლმე: მიდიან ჩვენი სტუდენტები სასწავლებლად ინგლისში, საფრანგეთში, დასავლეთის სხვა ქვეყნებში. იქ ევროპული მიკრობებით სნეულდებიან და მერე წერენ რაღაც დისერტაციას, მაგალითად, ისინი სწავლობენ ბერძენ მამებს ევროპულ ენებზე - თარგმანებში. მაგრამ დასავლელმა მთარგმნელებმა ხომ ან სწორად ვერ გადაიტანეს დედანის აზრი, ან ცბიერებით, საკუთარი, არასწორი შეხედულებები დაურთეს წმიდა მამათა ნაშრომებს! და აი, ჩვენი მართლმადიდებელი მეცნიერები, უცხო ენები რომ უსწავლიათ, მოკრებენ დასავლეთში ამ საზღვარგარეთულ მიკრობებს და აქ ეზიდებიან. მერე კი ამ ავადმყოფობას სხვებს ასწავლიან. რა თქმა უნდა, თუკი ადამიანი ყურადღებითაა, ის ნამდვილ ოქროს ყალბისაგან გაარჩევს.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი ეკლესიური ახალგაზრდა, რომელიც საბერძნეთის უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად და რწმენას კარგავს.

- მაშ, მე ვეტყვი ჩემს ზოგიერთ ნაცნობს ამის შესახებ. ვთხოვ, ორიოდე უნივერსიტეტი კიდევ გახსნან საბერძნეთში, რადგან ჩვენი ახალგაზრდები საზღვარგარეთ აღარ მიდიოდნენ, დაე, აქ ისწავლონ. მაშინ აღარც ბავშვები გაირყვნებიან, აღარც მშობლები დაიხარჯებიან. და რამდენი ფული მიდის უცხო ბიძიას ჯიბეში! საზღვარგარეთ წამსვლელ ახალგაზრდებს ყოველთვის ამას ვეუბნები: „წადით, რადგან ასე გინდათ, მაგრამ ეცადეთ, რომ რწმენა არ დაკარგოთ, საზღვარგარეთ მხოლოდ ცოდნა შეიძინეთ და ყველაზე მთავარი: სამშობლოში დაბრუნება ნუ დაგავიწყდებათ. ელადა გელით, მისი დახმარება თქვენი მოვალეობაა. თქვენი ადგილი აქ არის - თანამემამულეების გვერდით, რათა ისინი არ დაიტანჯნენ ექიმის და მეცნიერების სხვა რომელიმე სპეციალისტის დარგის საზღვარგარეთ ძებნით. ყურადღებით იყავით, რომ გული არ გაგიცივდეთ. ევროპელები ცივი ხალხია. ამერიკაშიც ასეა. იქ შეიძლება, მატერიალურად გამდიდრდეთ, მაგრამ სულიერად გაღარიბდებით“.

- წმიდაო მამაო, მასწავლებლების გაფიცვებს ძალიან ცუდი შედეგი მოსდევს. ბავშვები არ დადიან სკოლაში და ქუჩებში დაეხეტებიან.

- მე სულ ვეუბნები მასწავლებლებს, ნურასოდეს გაიფიცებით-მეთქი იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საჭიროა, წინ აღვუდგეთ საღვთო სჯულის სწავლების გაუქმებას, გაკვეთილების დაწყებამდე ლოცვის ამოღებას სასწავლო პროგრამიდან, [6] ბერძნული დროშიდან ჯვრის მოხსნას, და სხვა ამგვარებს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებმა პროტესტი უნდა გამოხატონ, მაგრამ სხვა შემთხვევაში - არა. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვები ზარალდებიან.

- წმიდაო მამაო, ე.ი. განათლების ჩამოყალიბებული სისტემა ბევრ ბოროტებას შეიცავს?

- ძალიან ბევრი ბავშვის სული ზიანდება ამ სისტემის გამო, მაგრამ სახიერი ღმერთი ფორმალურად კი არ განსჯის მათ. ის გამოცდის, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ეს ბავშვები, ცუდი გავლენის ქვეშ რომ არ მოქცეულიყვნენ, მათთვის ეს ბოროტება რომ არ გაეკეთებინათ. ჩვენც ბევრი უნდა ვილოცოთ ამ ბავშვებისთვის, რომ უფალი ჩაერიოს და დაეხმაროს მათ, რომ ისინი სულიერად არ დასნეულდნენ, ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა მოიპოვონ და სათნოებები მოიხვეჭონ.
კატეგორია: ბერი პაისი ათონელი | ნანახია: 812 | დაამატა: Barbare | ტეგები: ბერი პაისი ათონელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: