მთავარი » 2011 სექტემბერი 18 » ინტელიგენცია და კათოლიციზმი
3:12 PM ინტელიგენცია და კათოლიციზმი | |
ამ წერილში ერთ საინტერესო მოვლენაზე გვინდა საუბარი. ინტელიგენციის ნაწილს, რომელიც რელიგიურობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, კათოლიციზმისკენ მიუწევს გული. უცნაურია, რომ ჰუმანისტები და ლიბერალები სიმპათიას იჩენენ ამ აღმსარებლობისადმი, რადგან ისინი, ერთი მხრივ, უმაღლეს ფასეულობად ადამიანის ღირსებასა და უფლებებს, მათ შორის რელიგიის თავისუფლებას აცხადებენ, მეორე მხრივ კი სოლიდარობას გამოხატავენ ყველაზე ტოტალიტარული კონფესიისადმი. ეს სწორედ ის კონფესიაა, რომელიც ინკვიზიციის ცეცხლითა და ჯვაროსნული ომების მახვილით განამტკიცებდა თავის ბატონობას და, რომელმაც სისხლიანი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში. შესაძლოა შემოგვედაონ: კათოლიციზმი ახლა სხვაა, უკვე ჩაქრა ინკვიზიციის კოცონი და "რომის საღვთო იმპერიიდანაც” მხოლოდ მიწის მცირე ნაგლეჯი – ვატიკანიღა დარჩა, ამიტომ საშინელებანი და ძალადობა წარსულს ჩაბარდაო. მაგრამ კბილებჩაცვენილი ვეფხვი ზნეს არ იცვლის და კათოლიციზმის დოქტრინებიც უცვლელი რჩება. ინკვიზიცია და ჯვაროსნული ომები გამომდინარეობდა თავად კათოლიციზმის არსიდან – შექმნილიყო თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის თავიც პაპი იქნებოდა. ეს იმთავითვე უმთავრესი იდეა გახლდათ კათოლიციზმისა. მაგრამ სახელმწიფო ხომ ძალადობასა და იძულების გარეშე ვერ იარსებებს! ისტორიის გარკვეულ, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში არსებობდა "რომის საღვთო იმპერია”. ამ სახელმწიფოში პაპს სამეფო ტახტი ეპყრა და იმპერიას უფრო მახვილით მართავდა, ვიდრე ჯვარით. მოგვიანებით თავად ხალხმა უარყო ეს ,,თეორატია” გეოგრაფიული რუკებიდან გაქრა "რომის საღვთო იმპერია”, მაგრამ კათოლიციზმში უცვლელად დარჩა თავად პრინციპი სახელმწიფოსი – პრინციპი პრაგმატიზმისა, დიპლომატიის, სანქციებისა და წახალისებისა – ორიენტირები, რომლებითაც კათოლიციზმი გარეგანი ძალებისაკენ იღებს გეზს. კათოლიციზმით მოხიბლულმა ჰუმანისტებმა, სიტყვა "თავისუფლება” სალაყბოს რუპორად რომ უქცევიათ, თითქოს არ იციან, რომ კათოლიკური კონფესია აბსოლუტური მონარქიაა, რომლისათვისაც პაპის სიტყვა საეკლესიო კრების დადგენილებაზე მნიშვნელოვანია. მათ არც ის ახსენდებათ, რომ კათოლიკეებმა მრავალი მართლმადიდებელი დახოცეს იმის გამო, რომ სარწმუნოების ღალატზე ვერ დაითანხმეს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, მართლმადიდებლებს დაეხოცოთ კათოლიკეები იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელთ მართლმადიდებლობის მიღება არ სურდათ. ჩვენი ინტელიგენტები მზად არიან უარყონ ინკვიზიციისა და ინდულგენციების არსებობა, უარყონ არსებობა შინაომებისა, რომლებშიაც პაპები პეტრეს სიმბოლური გასაღებით ხელში კი არა, სავსებით რეალური იარაღით მონაწილეობდნენ. ამ ადამიანებს, რომელთაც სურთ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატულობასა და შეზღუდულობაში, ხოლო მღვდლებს ყოველგვარ ადამიანურ მანკიერებაში დასდონ ბრალი, ავიწყდებათ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს უვაჭრია ინდულგენციებით და არც ცოდვათა მიტევებისთვის დაუწესებია გადასახადი. დღეს ზოგიერთი იმასაც ამბობს, ინკვიზიციისა და ჯვაროსნული ომების მსხვერპლთა რაოდენობა გაზვიადებულიაო. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ტყუილია, იმის მსგავსი, ბავშვობაში რომ ჩაგვჩიჩინებდნენ, ჩვენს ქვეყანაში არანაირი რეპრესიები არ არსებობს, დასჯილი და იზოლირებულია მხოლოდ აშკარა დამნაშავეთა მცირე ნაწილიო. ჩვენი ჰუმანისტები, რომელთა უმეტესობაც, როგორც წესი, რელიგიათა ეკუმენისტურ კავშირს ემხრობა, თითქოსდა ივიწყებენ, რომ კათოლიკური ეკლესია ,,ერეტიკოსების” სიკვდილით დასჯით არ კმაყოფილდებოდა და საშინელი ტანჯვა-წამებით ისტუმრებდა მათ იმქვეყნად. "ესპანური ჩექმა” თუ საწამებელი ძელი, რომელზეც ფეხებზე სიმძიმეებმობმულ ადამიანს ჰკიდებდნენ (მერე ძელს ატრიალებდნენ და ასე გრეხდნენ და ტანჯავდნენ მსხვერპლს), ანდა გავარვარებული ნაკვერჩხლებით სავსე ტაფა, რომელზედაც ადამიანებს აყენებდნენ ხოლმე – ეს მართლაცდა ჯოჯოხეთის ატრიბუტები არც ჰოფმანის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია და არც ჰიუისმანსის სატანურ ორგიათა აღწერილობა. ყოველივე ეს სწორედ კათოლიკური სასამართლოს კუთვნილებაა. კათოლიკურ ინკვიზიციას ხშირად შუა საუკუნეებში არსებული სასჯელის სიმკაცრით ამართლებენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ეკლესიამ ადამიანის სისატიკე სიყვარულის სულით უნდა მოალბოს. კათოლიკე პაპები ამის სანაცვლოდ ინკვიზიციის გასამართლებელ ბულებს უშვებდნენ, რომლებშიაც დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ თუ ,,მწვალებელი” წამებისას მოკვდებოდა, ჯალათს ეს დანაშაულად არ ჩაეთვლებოდა. ასეთი თვალთმაქცობა ყოველთვის უცხო იყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ჩვენი ინტელიგენტები, თითქოს გამადიდებელი შუშით აკვირდებიანო, ისე მკაცრად განსჯიან მართლმადიდებელ იერარქებსა და მღვდლებს მათი არსებული თუ არარსებული სისუსტეებისა და შეცდომებისთვის, ხოლო პაპის ტახტზე აღზევებული ბორჯიებისა და სხვა ურჩხულთა მიერ ჩადენილ არა ადამიანურ, არამედ სატანურ დანაშაულობათ არც კი იხსენებენ. ადამიანები, რომლებიც ეკლესიას სულიერების ნაკლულევანებაში სდებენ ბრალს, იმავე დროს ივიწყებენ იეზუიტების ორდენს – სიცრუის ამ დაკანონებულ სისტემას, რომელიც დიდი ხანია ვატიკანის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს ორდენი ვატიკანის პოლიტიკური დაზვერვის ორგანოა და ყველა ამ ტიპის სპეცსამსახურისათვის ჩვეული საშუალებებით მოქმედებს. მან იმდენად შეირცხვინა თავი, რომ ხალხის შეგნებაში სიტყვა ,,იეზუიტი” უპრინციპო, ცრუ, თვალთმაქცი ადამიანის აღმნიშვნელი გახდა, რომელიც დასახული მიზნის მისაღწევად მზადაა ყველაფერი იკადროს. ამ ადამიანებს არც ის ახსენდებათ, რომ ვატიკანს კავშირი აქვს ისეთ ოკულტურ გაერთიანებებთან, როგორიცაა, მაგალითად, მალტის რაინდთა ორდენი, არ ახსენდებათ ვატიკანის დიპლომატიური თამაშები ანტიქრისტიანულ ძალებთან, მაგალითად, ფაშისტებთან. ჩვენი ინტელიგენცია ზოგიერთ მღვდელს საყვედურობს არაგულგრილ დამოკიდებულებას გასამრჯელოსადმი, რომელსაც მას წესის (ნათლობა, პარაკლისი, გარდაცვლილისათვის წესის აგება, პანაშვიდი) შესრულებისათვის უხდიან, თუმცა ეს მღვდლის მატერიალური არსებობის ერთადერთი საშუალებაა. მაგრამ იმათ, ვინც მართლმადიდებელი მღვდლებისგან სრულ უანგარობას მოითხოვენ, არ ახსენდებათ ან არ იციან, რომ ვატიკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკირია. ბანკი კი ის რვაფეხაა, რომელიც მსხვერპლის სისხლით იკვებება – საუკეთესო შემთხვევაში სისხლის 10%-ს წოვს, უარესში კი – უკანასკნელ წვეთსაც. მაგრამ ვატიკანის ბანკს "სულიწმიდის ბანკი” ჰქვია. გამოდის, რომ მსოფლიო მევახშე სულიწმიდის იარაღად იწოდება. მართლმადიდებელთათვის ეს უდიდესი მკრეხელობაა სულიწმიდის მიმართ. რით შეიძლება აიხსნას ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილის სიმპათიები კათოლიციზმის მიმართ? რით აიხსნება ეს ფსიქოლოგიური ფენომენი? ადამიანები სიტყვით თავისუფლებას ითხოვენ, საქმით კი მაინც ისეთ კონფესიას ირჩევენ, უკიდურეს ცენტრალიზმზე რომ არის აგებული და თავისი სტრუქტურით აბსოლუტურ მონარქიასაც კი აღემატება. ჰუმანისტები, რომლებიც ადამიანის ღირსების პატივისცემასა და კაცთა შორის თანასწორობას ქადაგებენ, გრძნობამორეულნი დგანან იმ რელიგიურ-ისტორიული ორგანიზაციის წინაშე, რომელმაც სისხლით გაიკვალა გზა ისტორიაში, სისხლით დასვარა მსოფლიო რუკა; ისინი, ვინც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს ითხოვენ, იმ სტრუქტურას იწონებენ, რომელიც სარწმუნოების საკითხში არა თუ თითოეულ ადამიანს, თვით საეკლესიო კრებასაც კი არ უტოვებს რეალურ უფლებებს: კათოლიკური ეკლესიის ყოველი წევრი მოვალეა, რომ ერთი, პირამიდის თავში მდგომი პირის გადაწყვეტილება მიიღოს ისე, როგორც თავისი უტყუარობით საღმრთო წერილთან გატოლებული, პერმანენტული წინასწარმეტყველება. მაინც რა იზიდავს ჩვენს შემოქმედებით ინტელიგენციას კათოლიციზმისაკენ? პირველ ყოვლისა ის, რომ მართლმადიდებლობა სულიერია, კათოლიციზმი კი მშვინვიერი. იმისათვის, რომ მართლმადიდებელი გახდე, საკმარისი არ არის მართლმადიდებლურად იყო მონათლული. მართლმადიდებლობისათვის შინაგანად უნდა გარდაიქმნა, საკუთარი თავი ღირებულებათა სხვა, შენთვის უჩვეულო სკალის წინაშე უნდა დააყენო, რომელზედაც ყოველივე ის, რითაც ადრე ცხოვრობდა ინტელიგენტი, სადღაც ქვევით, სულ ბოლო ადგილზე აღმოჩნდება. ხატოვნად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ადამიანის გულმა სულიერი სამყაროს ნათლის მიღება შეძლოს, ჯერ ჩვეულისა და ხილულის ნაჭუჭი უნდა გამოამტვრიოს. კათოლიციზმი კი კაცს უფლებას აძლევს ბარტყივით იჯდეს თავისი უწინდელი ვნებებისა და ჩვეულებების ნაჭუჭში და მინიმუმით დაკმაყოფილდეს. კათოლიციზმი კომპრომისია, კომპრომისი სულსა და სამშვინველს შორის, სადაც გამარჯვებული ყოველთვის სამშვინველი გამოდის; კათოლიციზმი, ამავე დროს, კომპრომისია რელიგიასა და საერო კულტურას შორის, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ეკლესიისა და სახელმწიფოს რაღაც უცნაური, გაურკვეველი და ცვალებადი ფორმის ჰიბრიდი. სხვა მიზეზი ჩვენი ინტელიგენტების კათოლიციზმისკენ ლტოლვისა ის არის, რომ ბევრს კათოლიციზმი ნახტომი ჰგონია აზიიდან ევროპაში. ის კი ავიწყდებათ, რომ საქართველოს თავისი კულტურა და თავისი ტრადიციები აქვს, ავიწყდებათ, რომ, როცა საქართველოში ცას სწვდებოდნენ ქრისტიანული ტაძრები, პარიზში, რომელსაც მაშინ ლუტეცია ეწოდებოდა, ჯერ კიდევ წარმართული მსხვერპლშეწირვის ცეცხლი ენთო. ავიწყდებათ, რომ საქართველოს კულტურა უფრო ძველია, ვიდრე ევროპის ქვეყნებისა, მათ შორის საფრანგეთისაც. ჩვენი ინტელიგენციის ერთ ნაწილს რაღაც ავადმყოფური ფსიქოლოგიური კომპლექსიც კი ჩამოუყალიბდა – მათ გადაწყვიტეს, რომ მართლმადიდებლობა ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და თუ ქვეყანა განუდგება წინაპართა სარწმუნოებას, ე.ი. საკუთარ ისტორიას, რაღაც ჯადოსნური ძალის წყალობით ვაკე სორბონად გადაიქცევა, ავლაბარი კი მონმარტრად. მართლმადიდებელი ეკლესია ქართული ეროვნულობისა და სახელმწიფოებრი-ობის ღერძი გახლდათ. სწორედ მართლმადიდებლობა აერთიანებდა ერთ ხალხად ქვეყანას მაშინაც კი, როცა საქართველო სამეფოებად და სამთავროებად იყო დაშლილი. ჩვენი ინტელიგენტების ერთ ნაწილს ეს არ ახსენდება, არ ახსენდება და იმის იმედიც კი აქვს, რომ კათოლიციზმი დაიცავს ქვეყანას მოსალოდნელი აგრესიებისა თუ აგრესორთა პრეტენზიებისაგან. მაგრამ ისტორიულად კათოლიციზმი ყოველთვის იძლეოდა დაპირებებს, მაგრამ არასოდეს ასრულებდა მათ. ფლორენციის უნიას კონსტანტინოპოლის დაცემა მოჰყვა და ამ ტრაგედიას დასავლეთი სამხედრო დახმარებით კი არა, ელეგიური ლექსებით გამოეხმაურა. პირველი მსოფლიო ომის დროს სომხებმა ვატიკანის შეწევნის იმედით კათოლიკობის მიღება დაიწყეს, მაგრამ კათოლიკურ სამყაროს მათი დახმარება არც უფიქრია და სომეხთა გენოციდმა ორ მილიონამდე კაცი იმსხვერპლა. * * * ზემოთ ჩამოვთვალეთ ის ფაქტორები, რომლებიც ქართველი ინტელიგენციის სიმპათიებს განაპირობებს კათოლიციზმისადმი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ფსიქოლოგიური მოსყიდვის ფაქტორი. საქმე ისაა, რომ კათოლიციზმი გიგანტური ნაბიჯებით მიემართება ამა სოფლის სულისკენ. იგი თანამედროვე ადამიანს ცხონების გაიოლებულ, ჩვენ ვიტყოდით, კომფორტულ გზას სთავაზობს. თავისი კონფესიის წევრთა რიცხვის გასაზრდელად კათოლიციზმი დღეს ისეთ დათმობებზე მიდის, რომლებსაც თვით ძველი დროის კათოლიკეებიც კი თავიანთი სარწმუნოების ღალატად ჩათვლიდნენ. თანამედროვე ადამიანი განებივრებული და ჭირვეულია, ნებისყოფაც მოდუნებული აქვს. კათოლიციზმი მას საქმეს უადვილებს: მან ფაქტიურად უარყო ასკეტიკა, ქრისტიანობის ეს ონტოლოგია, გააუქმა მარხვა, ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში სულაც აღარ არის საჭირო ზიარებისათვის მომზადება: ადამიანს შეუძლია საუზმისა თუ სადილიდან ერთი საათის შემდეგ მოისმინოს მესა და ეზიაროს. თავად კათოლიკური ლიტურგია, კათოლიკური მესა, მართლმადიდებლურთან შედარებით უკიდურესად, სამჯერ მაინც არის შემოკლებული და მთელი ამ მოკლე ხნის მანძილზე იქ მყოფნი ფეხზე კი არ დგანან, დამსხდარნი ისმენენ ლოცვას, თუმცა დიდი ხანია შემჩნეულია, რომ სხეულის მოდუნებას ყურადღებისა და სხვა მშვინვიერ ძალთა მოდუნება სდევს თან. ლოცვა გონების დიდ დაძაბვასა და კონცენტრირებას მოითხოვს. სხეულის მოდუნება კი ადვილად ითრევს ადამიანს ოცნებებში და ძილსაც გვრის. ისიც უნდა ითქვას, რომ კათოლიციზმში სიტყვა "ლოცვაც” სულ უფრო და უფრო ხშირად იცვლება სიტყვით "მედიტაცია” (ფიქრი, განსჯა). თანამედროვე ადამიანი თავისი ინტელექტუალური ამპარტავნების გამო უფრო მეტად გონებით განსჯის, ფიქრისა თუ წარმოსახვისკენაა მიდრეკილი, ვიდრე ლოცვისკენ. ლოცვა კი დიალოგია ღმერთთან, ლოცვის დროს ადამიანი ღმერთისკენაა მიმართული. სწორედ ლოცვის მეშვეობით ძალუძს ადამიანს გადალახოს თავისი ბუნების შეზღუდულობა – თვისება ყოველივე ქმნულისა. ჩვენი ინტელიგენცია ლიტერატურისა და ხელოვნების სამყაროში ცხოვრობს (ჩვენ აქ შემოქმედებით ინტელიგენციას ვგულისხმობთ), გონებისა და წარმოსახვის ძალებით შექმნილ განსაკუთრებულ სამყაროში, მიწიერი კულტურის იმ სასახლეში, საუკუნეების მანძილზე რომ იგებოდა. და აი, ასეთი ადამიანი კათოლიკურ ტაძარში პოულობს მისთვის ნაცნობსა და მონათესავეს, პოულობს იმავე საერო კულტურას, მხოლოდ რელიგიური თემატიკის საბურველში გახვეულს, იმავე გრძნობით-ესთეტიკურ სუროგატს სულიერებისას. კათოლიციზმი მშვინვიერი სფეროს რელიგიაა. ამიტომ ყველაზე ამაღლებული მდგომარეობა, რასაც შეიძლება კაცი ამ კონფესიის მეშვეობით მისწვდეს, დიდად არ განსხვავდება შემოქმედებითი აღმაფრენისა და შთაგონებისგან. ხელოვნების (მხედველობაში გვაქვს საერო ხელოვნება) სამყარო სუბლიმირებული ფანტაზიის სამყაროა და ბევრი კათოლიკე მისტიკოსის სავარჯიშოების არსიც სწორედ წარმოსახვის განვითარებაშია. მაგალითად შეგვიძლია ეგნატე ლოიოლას სახელგანთქმული სავარჯიშოები მოვიყვანოთ, რომელთა შესრულებისასაც ადამიანი ვიზუალურად წარმოიდგენდა ხოლმე სამოთხისა თუ ჯოჯოხეთის სურათებს. წარმოსახვა ვნებებთან არის დაკავშირებული, ასე რომ, კათოლიციზმი აქაც თანამედროვეობას ეხმიანება, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეხმიანება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივ დაცემულობას. იგი გვასწავლის, რომ ადამიანი თავიდანვე ვნებიან არსებად შეიქმნა და ცოდვით დაცემის შედეგად მხოლოდ ზებუნებრივი მადლი დაკარგა. თუ მართლმადიდებლობა ვნებას სულის ავადმყოფურ გადაგვარებად და გრძნობათა დეფორმირებად მიიჩნევს, კათოლიციზმისათვის ვნება ბოროტად, გადაჭარბებით გამოყენებაა თანდაყოლილი ბუნებისა. მისთვის ვნება გრძნობების დამახინჯება და დეგრადაცია კი არა, ემოციათა ჰიპერგანვითარებაა. ამიტომ კათოლიციზმში ვერ ვნახავთ სიღრმისეული გამოცდილების სწავლებას შინაგანი ლოცვისა და ვნებების ამოძირკვის, შესაბამისად, გულის ვნებათაგან განწმენდის შესახებ, იმის მსგავსს, მართლმადიდებელმა მოღვაწეებმა რომ დაგვიტოვეს. კათოლიციზმში გარეგანი შინაგან მდგომარეობაზე წინ დგას და ამ უკანასკნელისაგან მოწყვეტით განიხილება. თუ თანამედროვე ინტელიგენტისათვის მართლმადიდებლობის გზაზე დადგომა ხელახალი შობაა ტკივილსა და ტანჯვაში, კათოლიციზმის მიღება მისთვის გადასვლაა ერთი ოთახიდან მეორეში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი საფეხურით მაღლაა პირველზე. * * * კათოლიციზმი ფრიად მოქნილი კონფესიაა და მანევრირების დიდი უნარით გამოირჩევა. როცა პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება მის ხელთ იყო, კათოლიკური ეკლესია ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ცეცხლითა და მახვილით ახშობდა. "ერეტიკოსებს” არა მხოლოდ მოქალაქეობრივი, არსებობის უფლებაც კი ჩამორთმეული ჰქონდათ. ინკვიზიცია მათ დასარწმუნებლად რკინის მარწუხებს მიმართავდა, რომლებითაც შიგნეულობას უგლეჯდა მსხვერპლს, განათლება კი "ერეტიკოსებში” კოცონის შუქით შეჰქონდათ, მათივე დასაწვავად რომ ანათებდა, ისე, თითქოს ბაალისა და მოლოხის მსხვერპლშეწირვა განუახლებიაო. დღეს კათოლიციზმმა მეთოდები შეიცვალა, მაგრამ მისი არსი – სურვილი დედამიწაზე ეკლესია-სახელმწიფოს შექმნისა მონარქ-დემიურგის – პაპის თაოსნობით, იგივე დარჩა. კათოლიციზმი უცვლელია თავის ქრონოსში – იგი შინაგანად ერთიანია დროში. წინათ ვატიკანი პოზიციების განმტკიცებას ძალადობით ცდილობდა, ახლა კი თავის გადარჩენა ამა სოფლის წინაშე პერმანენტული დათმობებით სურს. წინათ ის ნებისმიერი ასტრონომიული სისტემის აღიარებას, გეოცენტრულის გარდა, დანაშაულად თვლიდა რწმენის წინაშე, ახლა კი ადამიანის მაიმუნისგან წარმოშობის ევოლუციონისტურ თეორიასაც აძლევს არსებობის უფლებას. ტეიარ დე შარდენის პანთეისტური თეორია, რომელიც არ ეთანხმება არა თუ კათოლიციზმის სწავლებას, არამედ არც ერთ ქრისტიანულ კონფესიას, ვატიკანმა თავის არსენალში მიიღო, როგორც ელიტარული მოძღვრება ინტელექტუალთათვის, როგორც ეზოთერიზმის მსგავსი კათოლიციზმის წიაღში. კათოლიკურ მონასტრებში დღეს ძენ-ბუდიზმით და იოგათი არიან დაკავებულნი, ეჭვი პაპის უცდომელობაში კი ანათემით ისჯება (იხ. 1870 წლის ვატიკანის პირველი კრების დადგენილება). ჩვენს ინტელიგენტებს პრინციპულობაზე უყვართ მსჯელობა, თუმცა, ამავე დროს, ისინი კარგად ეგუებიან ვატიკანის რეზინისებურ, მოქნილ დიპლომატიას. მაგრამ მათ იმაზეც მართებთ დაფიქრება, რომ ყველა, ვინც კათოლიკური ეკლესიის წევრი ხდება, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ამ ეკლესიის წიაღში ჩადენილ დანაშაულთათვის, პასუხისმგებლობას იღებს არა იმისთვის, რაც ცალკეულ ადამიანს ჩაუდენია თავისი ადამიანური სისუსტით, არამედ კათოლიციზმის, როგორც ორგანიზაციის, როგორც სისტემის ნამოქმედარის გამო. კათოლიციზმის მიღება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თანახმაა პასუხი აგოს პაპის ბულებსა და ენციკლიკებზე, მათ შორის იმათზეც, ინკვიზიციის გამართლებას რომ ცდილობენ. ისინი კათოლიკემ კრიტიკის გარეშე უნდა მიიღოს, რადგან შეუძლებელია მათი გაუქმება – პაპის ეპისტოლე ხომ შეუცდომლად ითვლება. ეს ეპისტოლეები თავად კათოლიციზმის არსს ასახავენ. ჩვენ ვატიკანის რეზინისებური დიპლომატია ვახსენეთ. კათოლიციზმის მეთოდებიც, მისი ტაქტიკა, რეზინის დრეკად ხელკეტს გვაგონებს: რეზინის ხელკეტს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს გადაღუნავ, მაგრამ ამით მისი ფორმა არ შეიცვლება და იგი ყოველთვის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. ვისაც რეზინის ეს თვისება აღარ ახსოვს, შესაძლოა მოულოდნელად შუბლშიც კი მოხვდეს. "პარიზი ღირს მესად”! – თქვა საფრანგეთის გონებამახვილმა მეფე ჰენრიხმა. მაგრამ ჩვენი ინტელიგენცია ვერ მიიღებს მესისთვის პარიზს – მას დიდი-დიდი რაიმე ჰუმანიტარული დახმარება არგუნონ. ჩვენს ინტელიგენტებს ევროპის ეკონომიკურ აღმავლობაზე უყვართ საუბარი. მაგრამ დღეს ყველაზე მდიდარი ქვეყნები კათოლიკური კი არა, პროტესტანტუ-ლია. ასევე ძალზე მდიდარია არაბთა გაერთიანებული საემიროები და წარმართული იაპონია. და თუ გეზს კომპიუტერებსა და ბანკებზე ავიღებთ, როგორც მატერიალური კეთილდღეობის წყაროზე, მაშინ კათოლიციზმი კი არა, პირდაპირ სინტოიზმი და იუდაიზმი უნდა მიგვეღო. მაგრამ რელიგია ხომ უპირველეს ყოვლისა სულის ცხოვრებაა. რას წარმოადგენს დღევანდელი ევროპა რელიგიური თვალსაზრისით – მაღალი ზნეობის საზოგადოებას თუ სულიერებადაშრეტილ სამყაროს? დაე, დაფიქრდეს ამაზე ჩვენი ინტელიგენცია! თქვენ გინდათ მიწიერი კეთილდღეობისათვის თქვათ უარი მამების რწმენაზე. მაგრამ იცოდეთ, აქაც მოტყუვდებით: მამინაცვლისთვის თქვენ ყოველთვის გერებად დარჩებით. თუ იმას ფიქრობთ, რომ კათოლიკეები დიდად აფასებენ საქართველოს და მის კულტურას, მაშინ გირჩევდით წაგეკითხათ ლამბერტისა და შარდენის წიგნები საქართველოზე. დომენიკელმა ბერმა არქანჯელო ლამბერტიმ რამდენიმე წელი იცხოვრა საქართველოში და მთელი ამ ხნის მანძილზე სამეგრელოს მთავრის სტუმართმოყვარეობით სარგებლობდა. ამის მერე კი დაწერა წიგნი "სამეგრელოს აღწერილობა”, სადაც ის ქართველ მღვდლებს ყაჩაღებს ადარებდა და, საერთოდაც, ეჭვს გამოთქვამდა: შეიძლება კი ქართველებს ქრისტიანები ვუწოდოთო? იქვე გასაოცარ ცილისწამებას ვკითხულობთ: ეკლესიაში წირვაზე (მაგალითისთვის მოაქვს სააღდგომო ლიტურგია) წმიდა საიდუმლოს ნაცვლად მეგრელები შემწვარ ბატკანს ეზიარებიანო. ასეთი გახლავთ ამ მისიონერთა ნამდვილი სახე – ორპირი და ორგული: მეფეთა და დიდებულთა წინაშე მათ ბაგეებს პირფერობის თაფლი სდიოდა, მაგრამ ამ თაფლში შემდგომ ყოველთვის შხამი აღმოჩნდებოდა ხოლმე გარეული. განა არ იციან ჩვენმა პროფესორ-მასწავლებლებმა რომ, როცა ჯალალ-ედინისა და მონღოლებისგან გაპარტახებულ ქვეყანას მძიმე დროება დაუდგა და რუსუდან დედოფალმა სამხედრო დახმარებისთვის რომის პაპს მიმართა, ამ უკანასკნელმა პასუხად "ფეხშიშველთა” ორდენის რამდენიმე ბერი გამოგზავნა საქართველოში კათოლიციზმის საქადაგებლად? განა არ იციან, რომ შაჰ-აბასის ლაშქრობის შემდეგ თეიმურაზი ევედრებოდა პაპს საქართველოსთვის დახმარების ხელი გამოეწვდინა, მაგრამ მხოლოდ "ლოცვა-კურთხევა” მიიღო მისგან? რომ სულხან-საბა ორბელიანი კათოლიკე მონარქების გულის მოსაგებად სარწმუნოებასაც კი განუდგა და კათოლიკობა მიიღო; შემდეგ თითქმის მთელი ევროპა მოიარა და გულმოდგინედ ცდილობდა დაერწმუნებინა კათოლიკე მმართველები, კავშირი შეეკრათ საქართველოსთან, არ მიეტოვებინათ ეს ქრისტიანული ქვეყანა მაჰმადიანური სამყაროს გარემოცვაში. ყოველივე ამის პასუხად კი ის აკმარეს, რომ საფრანგეთის კონსულმა კონსტანტინოპოლში მოწყალება გაიღო – გზის ხარჯები აუნაზღაურა და ვალები გაუსტუმრა. ყოფილა კი საქართველოს ისტორიაში ისეთი შემთხვევა, რომ კათოლიკეებს გაჭირვების ჟამს ხელი გაემართოთ ქართველებისთვის? ნუთუ ჩვენი ინტელიგენცია ფიქრობს, რომ ამის პირველი შემთხვევა მაინცდამაინც ჩვენს დროში იქნება? ნუთუ ისტორიულმა გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლა მათ?! * * * ახლა ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ საკმაოდ დამახასიათებელი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ: ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემასთან დაკავშირებულმა რამდენიმე პირმა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით სახალხოდ დასდო საქართველოს ეკლესიას ბრალი, თითქოს იგი მეცნიერებას ეღობება წინ. საქმე ისაა, რომ ჩვენი ეკლესია უარს ამბობს მიიღოს გრიგოლის კალენდარი, რომის პაპ გრიგოლ 13-ის ღვიძლი შვილი. ნუთუ ამ განათლებულმა ხალხმა არ იცის, რომ გრიგოლის კალენდარმა გამოჩენისთანავე ევროპის უნივერსიტეტების უმეტესი ნაწილის, მათ შორის პარიზის უნივერსიტეტის პროტესტი გამოიწვია? მის შემოღებას წინ აღუდგნენ უდიდესი მათემატიკოსები და ასტრონომები, რომელთა შორის ევროპული ალგებრის ფუძემდებელი ფრანსუა ვიეტიც გახლდათ. ვითარება ისე დაიძაბა, რომ პაპმა გრიგოლმა სასწრაფოდ გამოსცა ბულა სახელწოდებით "ყველაზე მთავარის შესახებ” და ანათემით დაემუქრა კალენდრის რეფორმის ყველა მოწინააღმდეგეს. ნუთუ პაპის ეს საქციელი არ იწვევს შოკს ჩვენს თავისუფალი აზროვნების მოყვარე ინტელიგენციაში?! დაახლოებით იმავე ხანებში კათოლიკე ბერმა, გვარად დიეგომ, გადაწვა მაიას ტომის დედაქალაქში თავმოყრილი ამ ტომის კუთვნილი მთელი ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკა სწორედ იმ ხალხისა, რომელმაც შექმნა ყველაზე ზუსტი კალენდარი ისტორიაში ცნობილ მოქმედ კალენდართა შორის. ხანძარს მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერი გადაურჩა, ისიც შემთხვევით. ამის ჩამდენი გახლდათ არა უბირი ფანატიკოსი, არამედ სახელგანთქმული ისტორიკოსი და ეთნოგრაფი. იქნება მისმა საქციელმა აღაშფოთა ვატიკანი და იქნებ დასაჯა მან თავნება ბერი – ეს მართლაცდა სუტანიანი კონკისტადორი? არა! ვატიკანმა სოლიდარობა გამოუცხადა დაპყრობილი ხალხის წიგნების დაწვას იმით, რომ ბერი დიეგო ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა და იუკატანის ტახტი ჩააბარა. ნუთუ არც ეს გაუნელებს აჟიოტაჟსა და ეიფორიას იმათ, ვინც ვატიკანს მეცნიერებისა და კულტურის მრავალსაუკუნოვან კერად მიიჩნევს?! ჩვენ ზემოთაც ვახსენეთ, რომ ვატიკანი ოკულტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ნუთუ ეს არ იციან მათ, ვინც კათოლიციზმს ქრისტიანობის ყველაზე ურყევ სვეტად მიიჩნევს, ნუთუ არ იციან, რომ ამჟამინდელმა პაპმა კათოლიკეებს მოუხსნა მაგვარ გაერთიანებებში შესვლის აკრძალვა?! უფრო მეტიც, მან პირადად მიიღო ჯადოქარი ჯუნა და, როგორც ამ უკანასკნელის საგაზეთო ინტერვიუში ვკითხულობთ, გამოთხოვებისას ხელზეც ემთხვია სიტყვებით: - რამდენს მოუტანა ამ ხელმა კურნებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ პაპმა ჯადოქრის მაგიური მანიპულაციები აკურთხა. თვითონ ჯუნამვე აღნიშნა, რომ ეზოთერული ცოდნა მას თავისი ასირიელი წინაპრებისაგან აქვს მიღებული. რა უბადრუკი სურათებია – პაპი, რომელიც ინკვიზიციის ტრიბუნალის მეშვეობით ცეცხლზე წვავს ჯადოქრებს და პაპი, რომელიც ხელებს უკოცნის თანამედროვე ჯადოქარს... * * * დღეს ზოგიერთი ინტელიგენტი, უნივერსიტეტის პროფესორების ჩათვლით, სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიამ თავის დროზე არ მიიღო უნია რომის ეკლესიასთან. თავს ნებას მივცემთ და მათ იმ ქალიშვილს შევადარებთ, არშემდგარი პაემანის გამო რომ წუხს და ოხრავს, თან თავს იმშვიდებს, იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიანო. ქვეყანა, რომლის ისტორიაც მართლმადიდებლობას შეესისხლხორცა, რომელმაც სულითა და გულით უერთგულა სარწმუნოებას და ამხელა მსხვერპლი გაიღო მისთვის, უნიას ვერ მიიღებდა. სხვაგვარად იგი არა მხოლოდ სარწმუნოების მოღალატე შეიქნებოდა, არამედ სხვა ხალხადაც იქცეოდა – სულ სხვა კულტურისა და ტრადიციების, სხვა მენტალიტეტის ქვეყნად. რა მოხდებოდა, რაღაც ძალებს საქართველოს ეკლესიისთვის უნიის ძალით თავს მოხვევა რომ შეძლებოდათ (თუმცა ჩვენ ამას ჰიპოთეტურადაც კი ვერ ვუშვებთ)? ხალხი ბანაკებად დაიყოფოდა, დაიწყებოდა შინაომები, ანდა ნაწილებად დაიშლებოდა ქვეყანა. ზოგიერთ მათგანს სათავეში მართლმადიდებ-ლები ჩაუდგებოდნენ, სხვებს – უნიატები. ასეთ პირობებში საქართველო ალბათ არსებობასაც კი შეწყვეტდა – იგი ევროპულ ქვეყნად კი არა, მაჰმადიანურ სამთავროდ გადაიქცეოდა. ისიც გაიხსენეთ, რომ შუა საუკუნეებში ქართველად ის იწოდებოდა, ვინც საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას აღიარებდა – რელიგიურ ფაქტორს უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა ისტორიული ერთობისა და ეროვნული თვითშეგნების საკითხში. განა არ იციან მათ, ვინც დაკარგულ უნიატობას მისტირის, რომ ჯერ კიდევ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ (და ხშირად ახლაც) მათი გაკათოლიკებული თანამემამულენი საკუთარ ქვეყანაში ფრანგებად იწოდებოდნენ, მაჰმადის რჯულის მიმღებელნი – თათრებად, იმ ქართველებს კი, ვინც რაღაც მიზეზების გამო გრიგორიანელი გახდა, სომხებს ეძახდნენ? ხოლო თუ როგორი ერთობა მოაქვს უნიას, ამის თვალსაჩინო მაგალითი ბიზანტიაა: 1439 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ მიიღო უნია რომთან. რომის პაპმა სამხედრო დახმარება აღუთქვა ბერძნებს. შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, ძველმა რომმა ახალი რომის – კონსტანტინეს ქალაქის საკუთარი მკერდით დაცვა გადაწყვიტაო. მაგრამ გავიდა 5 წელი. კონსტანტინოპოლს თურქები შემოეწყვნენ. დასავლეთი შორიდან შეჰყურებდა ქალაქის უკანასკნელ, სიკვდილისწინა გაბრძოლებას... თუმცა უნიას უშედეგოდ არ ჩაუვლია, მან თავად ქალაქის დამცველთა შორის შეიტანა განხეთქილება – შეიქმნა თურქოფილთა პარტია, რომელიც თვლიდა, რომ მართლმადიდებლები თავიანთ სარწმუნოებას თურქეთის უღელქვეშ უკეთ შეინარჩუნებდნენ, ვიდრე კათოლიკეთა ძალაუფლებას შეფარებულნი. – პაპის ტიარას სულთანის ჩალმა გვირჩევნიაო, - გაიძახოდნენ ბერძნები. კონსტანტინოპოლი დაეცა. მასთან ერთად დაეცა ფლორენციის უნიაც. * * * ახლა კიდევ ერთ სერიოზულ საკითხზე გვინდა საუბარი: ჩვენ არაერთგზის გაგვიგონია, რომ კათოლიკეებმა თავიანთი პაპის პირით მოიბოდიშეს და მოინანიეს ის უსამართლობა და ძალადობა, რომელსაც მათი ეკლესია იჩენდა სხვა აღმსარებლობისა და რელიგიის ხალხების მიმართ. ისიც გვსმენია, რომ კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს სინანული გამოუთქვამთ იმ რელიგიურ თუ ზნეობრივ დანაშაულებათა გამოც, რომლებიც უკვე თავად კათოლიციზმის წიაღში იქნა ჩადენილი გარდასულ საუკუნეთა მანძილზე. უნებლიეთ გვახსენდება მაცხოვრის სიტყვები, თქმული იმათზე, ვინც წინასწარმეტყველთა სამარეებს ამკობდა და ხალხს არწმუნებდა: "უკეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინასწარმეტყუელთასა” (მათე, 23, 30). მამათა წილ მოტანილი ასეთი სიტყვიერი მონანიება ანუ მონანიება საკუთარ დანაშაულობათა მიზეზების აღმოფხვრის გარეშე არ მიიღო ქრისტემ: "ვინაიცა ეწამებით თავთა თვისთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკვლელთა წინაისწარ-მეტყუელთანი. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთა” (მათე, 23, 31-32). სინანული ადამიანის ცხოვრების შეცვლაა. ამისათვის კი აუცილებელია თავად ცოდვილმა პირადად, საკუთარი ნებით მოინანიოს დანაშაული. იგი გონებით უნდა აცნობიერებდეს ჩადენილ ცოდვას, გულით ნანობდეს თავის დაცემას და ნებისყო-ფით ებრძოდეს ცოდვის განმეორებას. მონანიების შემდეგ ის უნდა ებრძოლოს იმ სახეებს, იმ ხატებს, რომლებსაც ეშმაკი საცდუნებლად წარმოუდგენს ხოლმე ადამიანს, უნდა ეცადოს ლოცვით, აზრებითა და საქმით მოსპოს ცოდვის ინერცია. თუკი პაპი ინანიებს კათოლიკური ეკლესიის ისტორიულ მოღვაწეთა პირად ცოდვებსა და შეცდომებს, გამოდის, რომ მას არარსებული უფლება მიუთვისებია იმისა, რომ სხვა ადამიანის პიროვნება საკუთარით შეცვალა. ნუთუ პაპმა იოანე-პავლე 2-მ ალექსანდრე ბორჯიას ანდა კარდინალ რიშელიესაგან მიიღო უფლება-მოსილება მათი შავბნელი საქმეების მოსანანიებლად? ნუთუ მთელი ხუთასი წლის შემდეგ ნათქვამ "პარდონ”-ს ძალუძს თივასავით დაწვას პაპების მთელი პლეადის ცოდვები, იმ პაპებისა, რომელთა ტახტზე აყვანაცა და ტახტიდან ჩამოგდებაც რომაელი კურტიზანი ქალების ხელთ იყო? ნუთუ სიტყვა "ბოდიშს” შეუძლია კათოლიციზმის მატიანიდან წაშალოს ადამიანების წამება, აუტოდაფე თუ კოცონის კვამლი, მრავალი საუკუნის მანძილზე რომ აბნელებდა ევროპის ზეცას? წაშალოს მართლმადიდებელთა ჟლეტა, მაგალითად, ქალაქ იურიევოში (ახლანდელი ტარტუ), რომლის მკვიდრნიც წყალში დაახრჩვეს იმის გამო, რომ კათოლიციზმი არ მიიღეს? განა ამ სიტყვას შეუძლია ხაზი გადაუსვას "ბართლომეს ღამესა” და პაპ გრიგოლ 13-ის ტრიუმფს, ანდა გამოისყიდოს ათონელი ბერების სისხლი, ჯვაროსნული ომების დროს მხეცურად რომ დახოცეს უნიის, ამ აღმოსავლური ყაიდის კათოლიციზმის მიღებაზე უარის გამო? ნუთუ ერთი კაცის ერთ ფრაზას – "დამნაშავე ვარ” ძალუძს შეახორცოს ის ისტორიული ჭრილობა, უნიის ძალადობითა და დევნულებით გავრცელებას რომ მოჰყვა თან? თუმცა პაპი სულაც არ აზუსტებს, პირადად ვის ნაცვლად და რა ცოდვების გამო იხდის იგი კათოლიკეთა სახელით ბოდიშს. ამიტომ მისი სინანული ბურუსით მოცულ აბსტრაქციად რჩება. თუ პატიებას იგი საზოგადოდ კათოლი-კური ეკლესიის დოგმატური და ზნეობრივი ცოდვებისა და შეცდომებისთვის ითხოვს, მაშინ კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობაში ჩავარდნილა და აი, რატომ: ჩვენ ზემოთაც ვახსენეთ, რომ კათოლიკური ეკლესიის სწავლებით, რომელიც დოგმატად იქნა მიღებული 1870 წელს ვატიკანის 1 კრებაზე, რომის პაპები, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრეები საეკლესიო კათედრაზე, "უცდომე-ლობის ნიჭს” ფლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კათოლიციზმის მიხედვით პაპები შეუმცდარნი არიან სარწმუნოებრივ და ზნეობის საკითხებში. ისიც აღვნიშნეთ, რომ ვატიკანის პირველმა კრებამ ანათემა გამოუცხადა ყველას, ვინც გაბედავს და არ მიიღებს ამ უცნაურ დოგმატს. ანათემა კი კათოლიკეთათვის მხოლოდ ეკლესიიდან განკვეთას არ ნიშნავს. ეს ამავე დროს ყველაზე საზარელი მუქარებით სავსე წყევლაა. ასე რომ, პაპის ოფიციალური ეპისტოლეები, ე.წ. ენციკლიკები და ბულები ჭეშმარიტების უმაღლეს კრიტერიუმებადაა გამოცხადე-ბული. მათში ეს საღვთისმეტყველო თუ ზნეობრივი თვალსაზრისით "შეუმცდარი” პაპები მხარს უჭერდნენ კათოლიციზმის მცდარ დოგმატებსა და მათთან ერთად ისეთი დანაშაულებრივი ინსტიტუტის ქმედებებს, როგორიც იყო ინკვიზიცია, მხარს უჭერდნენ აღმაშფოთებელ ვაჭრობას ინდულგენციებით, იეზუიტთა პოლიტიკურ ინტრიგებსა და სხვას. მეტსაც ვიტყვით – რომის პაპი წინასწარ მიუტევებდა ხოლმე ცოდვებს ერეტიკოსთა დამსჯელი ლაშქრობების მონაწილეთ, ლაშქრობებისა, რომელთაც ყველგან ძალადობა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა სდევდა თან და რომელთაც გააპარტახეს და დაანგრიეს მრავალი რეგიონი. მაგრამ ვატიკანის კრების დოგმატის მიხედვით პაპი უმაღლეს მსაჯულად ითვლება ქრისტიანული ზნეობის საკითხებში. ამიტომ, თუ პაპს წარსულის დანაშაულობათა მონანიება სურს, მოვალეა პირველ რიგში თავის წინამორბედთა ენციკლიკების შეცდომები და ცოდვები აღიაროს. მაგრამ ეს პაპის უცდომელობის დოგმატზე უარის თქმას ნიშნავს, ხოლო იმას, ვინც ამ დოგმატში ეჭვის შეტანას გაბედავს, ანათემა ელის. იქმნება მანკიერი წრე და გამოდის, რომ პაპის უცდომელობის დოგმატი თავად პაპის, ამ შემთხვევაში იოანე-პავლე 2–ის წინააღმდეგაა მიმართული: თუ მას სწამს პაპის უცდომელობა, მაშინ უნდა აღიაროს, რომ ყველა მისი წინამორბედი შეუმცდარი იყო და ამდენად შეუმცდარი იყო მათი ბულებიც, ხოლო თუ არ სწამს, ის ვეღარ იქნება კათოლიკე კათოლიკუ-რი დოგმატების უარყოფის გამო და ამიტომ მისი ნებისმიერი პირადი განაცხადი კათოლიკური ეკლესიისთვის ძალას დაკარგავს. უნდა შეგახსენოთ, რომ პაპის უცდომელობის დოგმატმა 1870 წელს პროტესტი გამოიწვია ვატიკანის პირველ კრებაზე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპოზიციაც შეიძინა, რომელიც ე.წ. "ძველკათოლიციზმის” მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. ასი წლის შემდეგ კი, ვატიკანის მეორე კრებაზე, იგივე დოგმატი თითქმის ერთსულოვ-ნად მიიღეს კრების მონაწილეებმა, რომელთა რიცხვიხ ათასს აღემატებოდა. ამგვარად, მოვლენა, რომელსაც "პაპიზმი” ჰქვია, სულ უფრო და უფრო ღრმად გამსჭვალავს კათოლიკური ეკლესიის ცნობიერებასა და ცხოვრებას. იგი კვლავაც თანმიმდევრულად ავითარებს ტენდენციას, შეცვალოს ეკლესიის კრებითობა ცენტრალიზაციითა და ბელადობის ინსტიტუტით. მაგრამ ჩვენ სულაც არ გვსურს იმის თქმა, რომ თითქოს კათოლიკეთა შორის, მათ იერარქებსა და მღვდელმთავრებს შორის არ იყვნენ ზნეობრივი ადამიანები. ეს ცილისწამება იქნებოდა. კათოლიკეთა შორის იყვნენ ისეთნიც, რომელთაც მთელი თავიანთი სიცოცხლე სნეულთა და გლახაკთა სამსახურს შესწირეს. ამის მაგალითად ექიმი გააზიც იკმარებდა. მაგრამ ასეთი მოღვაწეები ხომ პროტესტან-ტიზმსა და სხვა კონფესიებსაც ჰყავთ. მათი პოვნა არც არაქრისტიანულ რელიგი-ებში გაგვიჭირდება – მოწყალება ხომ უნივერსალური სათნოება, სინდისის კანონია. კათოლიკეთა შორის ჩვენ რწმენისათვის წამებულებსაც ვიხილავთ. მაგრამ მოწამეობა საკუთარი იდეისა და მრწამსისთვის არც ანტიკური სამყაროს-ათვის იყო უცხო და ამის შესანიშნავი მაგალითი სოკრატეს აღსასრულია. თავისი მოწამეები ჰყავს ისლამსაც... რომის პაპებს შორისაც შესაძლოა იყვნენ და, ალბათ, კვლავ იქნებიან კეთილ-შობილი და ამაღლებული მისწრაფებების ადამიანები, მაგრამ კათოლიციზმი მათთვის პროკრუსტეს სარეცელია, რადგან ისინიც კი იძულებულნი არიან "უცდომელობის დოგმატით” ამართლონ ის, რისი გამართლებაც შეუძლებელია. სინანული ცვლილებას ნიშნავს. პაპ იოანე-პავლე 2-ს კი არაფერი შეუცვლია. მას რომ ნაცვლად ამგვარი მობოდიშებისა – მობოდიშებისა ყველაფრისა და არაფრისთვის – უარი ეთქვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში მოგზაურობაზე, რომელთა მკვიდრთა უმეტესობას მისი მიღება არ სურდა, ბევრად უფრო ზნეობრივ საქციელს ჩაიდენდა. მან კი ისევ და ისევ ძალისმიერ მეთოდებს მიმართა და გარკვეული ბერკეტებიც მოიშველია. ასე რომ, კათოლიციზმი, როგორც უკვე ვთქვით, თავისი სტრუქტურითა და ძირითადი სტრატეგიით კვლავ იგივეა – მას არ ძალუძს იყოს სხვაგვარი. * * * არის ასეთი გამონათქვამი: "მკვდრებს ვკითხოთ”. ჰკითხეთ მოწამეებს, რომელთა სისხლმაც გააპოხიერა საქართველოს მიწა, რომელს შესწირეს სიცოცხლე – მართლმადიდებლობას თუ უნიას?! ჰკითხეთ ღირს მამებს, საით იწევდა მათი გულები, აღმოსავლეთისა თუ დასავლეთისკენ, რომელ წყაროებს ეწაფებოდნენ, საიდან სვამდნენ მადლის ცხოველ წყალს?! ჰკითხეთ დიდებულ მეფეებს, ზეციური სამეფო ერჩიათ, თუ მიწიერი საბრძანებელი, როგორ საქართველოს ხილვას ინატრებდნენ, მართლმადიდებლურს თუ კათოლიკურს?! ჰკითხეთ თქვენს წინაპრებს, რისთვის იცავდნენ და იმარხავდნენ მართლმადიდებლობას, როცა ქვეყანას ისტორიის ქარცეცხლი წვავდა?! დაე, მკვდრებმა გასცენ საფლავებიდან პასუხი თქვენს კითხვებს. ყური მიუგდეთ მათ ხმას... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |