მთავარი » 2012 » აპრილი » 18 » პაპიზმის სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო
8:17 PM
პაპიზმის სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

შესავალი

კითხვა: აქვთ თუ არა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს ერთიıდა იგივე რწმენა?
პასუხი: არა, მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ რწმენას შორის არის სხვაობა და ამასთან დიდი სხვაობაც.
კ: რაში მდგომარეობს ეს სხვაობა?
პ: მართლმადიდებლებმა რწმენა წმიდად და შეუბღალავად შეინახეს, ისე, როგორც ის უფალმა იესო ქრისტემ გაგვიცხადა, როგორც ქადაგებდნენ მოციქულნი, როგორც განმარტეს მსოფლიო კრებებმა და ეკლესიის მასწავლებელმა წმ. მამებმა. კათოლიკებმა კი ქრისტიანული რწმენა დაამახინჯეს, ერეტიკული სწავლებების გვერდით დააყენეს და ის წესები მიიღეს, რომლებიც წმ. ეკლესიის გადმოცემებს არ ეთანხმებოდა.
კ: დიდი ხანია რაც კათოლიკები სარწმუნოებრივ ცდომილებაში არიან?
პ: ეკლესია კათოლიკებს შეაგონებდა, მოუწოდებდა უარი ეთქვათ ცდომილებაზე, მაგრამ ისინი ჯიუტობდნენ. მაშინ ეკლესიამ მოიწყვიტა და განკვეთა ისინი.
კ: მათი განკვეთით სწორად მოიქცა ეკლესია?
პ: სწორად მოიქცა, რადგან კათოლიკებმა ყური არ უგდეს მას: “ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი; ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი; ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი”(მათე 18, 15-17). პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში წერდა: “მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე, უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ”(ტიტე 3,10-11).
კ: ამჟამად რა ცდომილებაში არიან კათოლიკები?
პ: კათოლიკეთა მთავარი ცდომილებანია შემდეგი: ისინი ასწავლიან, რომ რომის პაპი მთელი ეკლესიის თავი და ღმერთის მოადგილეა დედამიწაზე, ამტკიცებენ რომ ის არ შეიძლება შეცდეს, როცა სარწმუნოებაზე მსჯელობს და ამიტომ უცდომელს უწოდებენ. ასევე სწამთ, თითქოსდა სულიწმიდა არა მხოლოდ მამისაგან, ძისაგანაც გამოვალს, სცნობენ იოაკიმ და ანასაგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვას, აქვთ სწავლება წმიდანთა ჭარბ დამსახურებაზე, ჩვილებს მირონს არ სცხებენ და არ “აზიარებენ” მათ, ერისკაცებს აღუკვეთენ “წმიდა სისხლთან” ზიარებას, და მხოლოდ ხმიადით “აზიარებენ”, შაბათობით მარხულობენ, ღვთისმსახურებას ხალხისათვის გაუგებარ ლათინურ ენაზე ასრულებენ, ღვთისმსახურებისას ორღანს იყენებენ და ა.შ.

პაპის მეთაურობის შესახებ<

კ: სწორია თუ არა კათოლიკეთა მტკიცება იმისა, რომ რომის პაპი მთელი ეკლესიის თავი და ქრისტეს მოადგილეა დედამიწაზე?
პ: არა, ეს სწორი არ არის. ეკლესიის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, რის შესახებაც წერს წმ. პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: “და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიათა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო”(ეფეს. 1,22-23).
კ: ხომ არ დაადგინა უფალმა იესო ქრისტემ დედამიწაზე ეკლესიის მეთაურად მოციქულთაგან რომელიმე თავის ნაცვლად?
პ: არა, არ დაუდგენია: უფალმა მოციქულებს მთავრობაზე და უფროსობაზე განსჯაც კი აუკრძალა, როცა უთხრა: “უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ხელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ” (მარკ. 10,42-44).
კ: როგორღა ამტკიცებენ კათოლიკები, თითქოსდა უფალმა წმ. პეტრე მოციქული დაადგინა ეკლესიის თავად და თავის მოადგილედ?
პ: კათოლიკები ცდებიან იმის გამო, რომ არასწორად იგებენ მაცხოვრის სიტყვებს, რომელიც მან უთხრა მოციქულ პეტრეს: “და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისა ცათაისანი, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა”(მათე 16,18-19).
კ: რას ნიშნავს სიტყვები “ამას კლდესა ზედა”?
პ: წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტების 53-ე საუბარში ამბობს: “ამას კლდესა ზედა ანუ სარწმუნოებაზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას. მოციქულის სარწმუნოება კი რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს შემდეგში: “შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა”. ნეტარი ავგუსტინე მეორე ტრაქტატში იოანეს პირველი ეპისტოლეს შესახებ წერს: “რას ნიშნავს სიტყვები: აღვაშენო ეკლესიაი ჩემი ამას კლდესა ზედა? ეს ნიშნავს: ამ რწმენაზე, ამ სიტყვებზე - “შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა”.
კ: სახარებიდან რა მოჰყავთ საფუძვლად კათოლიკებს იმის მტკიცებისთვის, თითქოსდა უფალმა ეკლესიის თავად და თავის მოადგილედ დედამიწაზე წმ. პეტრე დაადგინა?
პ: პირველ რიგში კათოლიკებს მოჰყავთ მაცხოვრის სიტყვები პეტრესადმი: “სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი; ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი (ლუკა 22,31-32). ამ სიტყვებიდან კათოლიკები აკეთებენ დასკვნას, თითქოსდა პეტრე მოციქულს დაევალა დანარჩენი მოციქულების დამტკიცება ანუ ჩააბარა მათზე მთავრობა და მეუფება. მეორე - კათოლიკები ამტკიცებენ, თითქოსდა სიტყვებით: “აძოვენ კრავნი ჩემნი” და “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი” მაცხოვარმა ძალაუფლება ჩააბარა მოციქულ პეტრეს არა მხოლოდ ქრისტიანებზე, არამედ მოციქულებზეც (იოანე 21,15-17).
კ: როგორ უნდა შევხედოთ კათოლიკეთა ამგვარ განმარტებას?
პ: ეს განმარტება უეჭველად არასწორია და მცდარი. ერთის მხრივ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ “ძმებში” და “ცხვრებში”, რომელთა დამწყსვაც მოციქულ პეტრეს დაავალა უფალმა, სწორედ მოციქულები ვიგულისხმოთ. მეორეს მხრივ მოციქულებს წმ. პეტრე თავიანთ მეთაურად არასდროს ჩაუთვლიათ.
კ: საიდან ჩანეს ეს?
პ: უპირველესად თორმეტი მოციქულისადმი უფლის სიტყვებიდან, სადაც ნათქვამია, რომ მათ თანაბარი ხელისუფლება აქვთ და ქრისტეს გარდა არავინაა მათი მსაწავლებელი. აი ეს სიტყვები: “ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ; და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქუენი, რომელ არს ცათა შინა”(მათე 23,8-9).
კ: იქნებ ეს სიტყვები არა მხოლოდ მოციქულთა, დანარჩენი ქრისტიანების მიმართაც ითქვა?
პ: არა, იმიტომ, რომ მოციქულნი ქრისტიანებს შვილებს უწოდებდნენ(იოანე 2,1-18), თავიანთ თავს კი მამებს, რადგან შობდნენ მათ სულიერი ცხოვრებისათვის: “რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გეხსნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუის მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ; აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისვლად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ; რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებენ, არამედ მამა-დედანი შვილთა”(Iკორ. 4,15; Iıკორ. 12,14).
კ: კიდევ საიდან ჩანს, რომ მოციქულები პეტრეს თავიანთ თავად არ თვლიდნენ?
პ: ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იერუსალიმში შეკრებილმა მოციქულებმა თავმჯდომარეობა არა პეტრეს, არამედ იაკობს დააკისრეს: “ ... და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო ისმინეთ ჩემი” (საქმე 15,13). ასევე ცნობილია, რომ ერთხელ პავლე მოციქული “წინააღუდგა” მოციქულ პეტრეს: “და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდემულ იყო; და რამეთუ პირველ მოსვლადმდე ვიეთთამე იაკობისაგან წარმართთა თანა ჭამდა, ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თვისი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან” (გალატ. 2,11-14). ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ მოციქულნი პეტრეს თანასწორად, თანამოძმედ თვლიდნენ და არა მთავრად.
კ: რა მიზნით ცდილობენ კათოლიკები პეტრეს მთავარ მოციქულობის დამტკიცებას?
პ: რამდენადაც პეტრე მოციქული კათოლიკეთა აზრით არა მხოლოდ თავი იყო ეკლესიისა, არამედ ქ. რომის ეპისკოპოსიც, აქედან ისინი ასკვნიან, რომ რომის პაპი, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრე, მთელი ეკლესიის თავს წარმოადგენს.
კ: იყო თუ არა სინამდვილეში პეტრე რომის ეპისკოპოსი?
პ: ეს საკითხი დიდ ეჭვქვეშაა. პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: “და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოანე, რომელნი იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თვისთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაი, რაითა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ” (გალ. 2,9). ანუ მოციქული ამბობს: “უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაი იგი წინადაუცვეთელებისაი, ვითარცა-იგი პეტრეს წინადაცუეთილებისაი”(გალ. 2,7). თუკი პეტრე მოციქულს თვით უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები ექადაგა წინადაცვეთილთათვის ანუ იუდეველთათვის, როგორღა უნდა ყოფილიყო ის რომის ქრისტიანთა ან წარმართთა ეპისკოპოსი? ამასთანავე პავლე მოციქულს, როგორც ცნობილია დაწერილი აქვს რომაელთა მიმართ ეპისტოლე, რასაც ის არასგზით არ გააკეთებდა იქ წმ. პეტრეს - თვით ეკლესიის თავის ეპისკოპოსობის შემთხვევაში, როგორც ამას კათოლიკები ამტკიცებენ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პირდაპირ ამბობს: “მე ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც ქრისტეს სახელი უკვე იყო ცნობილი, რათა სხვის ნაღვაწზე არ მეღვაწა” - “ხოლო ესრედ პატივცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაითა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე” (რომ. 15,20).

კ: სცნობდნენ თუ არა ძველი ქრისტიანები რომის პაპს მთელი ეკლესიის მეთაურად?

პ: არა, არ სცნობდნენ. ცნობილია, რომ მოციქულების და მათ შორის პეტრეს გარდაცვალების შემდგომ მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა კიდევ კარგა ხანს იცოცხლა. შეუძლებელია დავუშვათ, რომ ძველ ქრისტიანებს რომის პაპი წმ. იოანეზე მაღლა დაეყენებინათ.

კ: მომდევნო პერიოდებში ხომ არ ჩაუთვლიათ ქრისტიანებს რომის პაპი ეკლესიის მეთაურად?

პ: არა, არ ჩაუთვლიათ. მსოფლიო კრებებზე, რომლებიც მთელი ეკლესიის ხმას წარმოადგენდა, განსაზღვრულ იქნა რომის პაპის დანარჩენ პატრიარქებთან თანაბარი უფლებები.
კ: რომელმა მსოფლიო კრებებმა განსაზღვრეს ეს?

პ: პირველმა მსფოლიო კრებამ მე-6 წესად დაადგინა: “დაცულ იქნეს ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში (პენტოპოლისში), რომ ყველა ამათზე ვრჩელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ძალაუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიაშიც და სხვა სამთავროებშიც – დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება”. ამ წესის მიხედვით რომის პაპი გათანაბრებული იყო ალექსანდრიის, ანტიოქიის პატრიარქებთან და სხვა საოლქო ეპისკოპოსებთან. იგივე კრებამ მე-7 წესად დაადგინა “რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამოტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიტის პატივი”. ამ წესით რომის პაპთან იერუსალიმის პატრიარქიც იყო გათანაბრებული.
მე-2 მსოფლიო კრებამ მე-3 კანონით დაადგინა. “კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულება პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინოპოლი არის ახალი რომი”. ამ წესით კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაპთან იყო გათანაბრებული. ის რაც დადგინდა პირველ ორ კრებაზე, შემდგომ მსოფლიო კრებებზე იქნა განმტკიცებული. ასე, მე-4 მსოფლიო კრებამ 28-ე წესად დაადგინა: “დადგენილება ამ წმიდა კრებისა, რომელიც შეეხო კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა საყდრის დიდებულებას . . . ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, რადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ასორმოცდაათმა ღვთივმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის უწმინდეს საყდარს”.
მე-6 მსოფლიო კრების 36-ე კანონში იგივეა დადასტურებული: “ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი და ქალკედონში შეკრებილი ექვსას ოცდაათი წმინდა მამის სჯულისდებას განვაახლებთ და ვადგენთ: განვსაზღვრავთ: კონსტანტინოპოლის საყდარს ძველი რომის საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს . . . შემდეგ იყოს დიდი ქალაქის, ალექსანდრიის საყდარი და მის შემდეგ – იერუსალიმის საყდარი”.
ამგვარად ყველა საოლქო ეპისკოპოსს ან პატრიარქს მსოფლიო კრებათა განსაზღვრით თანაბარი უფლებები და ხელისფულება ჰქონდა.

კ: შეეძლოთ თუ არა საოლქო ეპისკოპოსებს და მათ შორის რომის პაპს განევრცოთ თავიანთი ხელისუფლება სხვა ეკლესიებზე?

პ: არა, არ შეეძლოთ. მე-2 მსოფლიო კრება მე-2 კანონით ადგენს: “არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავის ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიათა აღრევა”. მე-3 მსოფლიო კრება მე-8 კანონით იგივეს ადგენს: “ნურც ერთი ეპისკოპოსი ნუ მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც თავიდანვე და ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპყრობელთა გამგებლობის ქვეშ. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, განტავისუფლებულ უნდა იყოს იგი, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელმთავრებში არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნებამ და მედიდურობამ”.

კ: როგორ უყურებდნენ მსოფლიო კრებები რომის პაპების მცდელობას გაევრცელებინათ თავიანთი ხელისუფლება სხვის საეკლესიო ოლქებზე?

პ: კრებები, კერძოდ მე-7 მსოფლიო კრების მიერ დამტკიცებული კართაგენის ადგილობრივი კრების 139-ე კანონი ამას კრძალავს იმ ეპისკოპოსთა გადაყენების მუქარით, რომლებიც საჩივრით პაპს მიმართავდნენ.

კ: კიდევ რითი ცდილობენ ლათინები თავიანთი პაპების მეთაურობის დამტკიცებას?

პ: ისინი სხვათა შორის ამბობენ, რომ ძველ აღთქმაში ყველა მორწმუნისათვის ერთი მღვდელმთავარი იყო. ამიტომ ახალ აღთქმაშიც უნდა იყოს ყველა ქრისტიანის ერთი სულიერი თავი, რომელიც ღვთის წინაშე ყველასათვის იწინამძღვრებს.

კ: შესაძლოა თუ არა წმ. წერილში ამ აზრის დადასტურების პოვნა?

პ: არა, პირიქით: მოციქული პავლე ნაცვლად ამბობს, რომ ძველი აღთქმის ერთურთის მემკვიდრე მღვდელმოძღვართა შემცვლელნი იქნებიან არა ახალი აღთქმის მღვდელმთავარნი - კაცნი, არამედ ერთადერთი, საუკუნო მღვდელმთავარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე(ებრ. 7:23,24,28).

კ: რა უნდა ვუპასუხოთ ლათინებს, როცა ისინი ამბობენ, თითქოსდა იესო ქრისტეს არ ძალუძს ეკლესიის მართვა იმიტომ, რომ ზეცად ამაღლდა. ჩვენ კი ხილული მღვდელმთავარი და მეოხი გვესაჭიროება?

პ: მათ პავლე მოციქულის სიტყვებით უნდა ვუპასუხოთ: ,,ვინაიცა ყოვლითურთ ცხოვრებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუხდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათდა“(ებრ. 7-25).

კ: რომის პაპის მეთაურობის შესახებ ლათინთა სწავლებასთან დაკავშირებით ზემოთთქმულიდან რა დასკვნა უნდა გაკეთდეს?
პ: უნდა დავასკვნათ, რომ ეს სწავლება მაცხოვრისა და წმ. მოციქულთა სწავლების, წმ. ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა.

პაპის მეთაურობის შესახებ<

კითხვა: სწორად ამტკიცებენ თუ არა კათოლიკები, თითქოსდა რომის პაპი არ შეიძლება შეცდეს, როცა რწმენის შესახებ განსჯის?

პასუხი: არა, ეს სწორი არ არის, რადგან იყვნენ პაპები, რომლებიც სარწმუნოებაში უეჭველად სცდებოდნენ.

კ: სარწმუნოებაში შეუმცდარი პაპებიდან რომელია ცნობილი?

პ: ცნობილია პაპი ვიქტორი (192წ.), რომელიც ერთ დროს მონტანელთა ერესს ეთანხმებოდა; ცნობილია პაპი ლიბერიუსი, რომელმაც მხარი დაუჭირა წმ. ათანასეს გასამართლებას და იმისათვის, რომ გადასახლებიდან დაბრუნებულიყო და ადრინდელი კათედრა ისევ მიეღო, არიანელი გახდა (358წ.); ასევე ცნობილია პაპი ჰონორიუსი (625წ.), რომელიც მონოთელიტური ერესის მიმდევარი იყო, რის გამოც მე-6 მსოფლიო კრებამ დაგმო იგი.

კ: კიდევ რატომ არ შეიძლება რომის პაპის უცდომელობის ცნობა სარწმუნოებრივ საკითხებზე განსჯაში?

პ: იმიტომ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ეს უცდომელობა მთელ ეკლესიას ჩააბარა. ცალკეული ადამიანი კი ყოველთვის შეიძლება შეცდეს და არასწორად განსაჯოს.

კ: უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ამის შესახებ როგორი სწავლება დაგვიტოვა?

პ: მან თქვა: ,,ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას. რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი; ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი; ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“(მათე 18,15-17).

კ: რატომ მიანდო უფალმა სარწმუნოებრივ საკითხებში უცდომელობა მთელ ეკლესიას და არა რომელიმე ცალკეულ პირს?

პ: იმიტომ, რომ მოციქულის სწავლებით მხოლოდ ეკლესიაა ,,სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი“(1 ტიმ. 3,15). გარდა ამისა პაპები ხშირ შემთხვევებში მძიმედ ცოდვილნი იყვნენ, რასაც პაპისტებიც ვერ უარყოფენ. ასეთ ადამიანებს კი ღვთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობა არ შეუძლიათ.

კ: საიდან ჩანს ეს?

პ: ეს ჩანს ღვთის სიტყვიდან, რომელიც დაამოწმებს, რომ ,,რამეთუ ბოროტსა მოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე და არცა დაიმკვიდროს ხორცთა შინა განკაფულთა ცოდვითა. რამეთუ სული წმიდაი სწავლისაი ევლტის ზაკუვასა და განეშორების გულისსიტყუათაგან უგულისხმოთა, და ემხილოს, მო-რაი-იწიოს მათ ზედა სიცრუვე”(სიბრძ. სოლომ. 1,4-5).

კ: სცნობდა თუ არა პაპის უცდომელობას სარწმუნოებრივ საკითხებში ძველი ეკლესია?

პ: არა, არ სცნობდა.

კ: საიდან ჩანს ეს?

პ: ეს ჩანს შემდეგიდან: როცა ეკლესიაში ერეტიკოსები ჩნდებოდნენ და სარწმუნოებაზე განსჯას იწყებდნენ, ეკლესია არასდროს ცალკეული პირის ხმას არ ეყრდნობოდა, არამედ მსოფლიო კრებებს იწვევდა.
კ: იქნებ მსოფლიო კრებები რომის პაპების ხმით ხელმძღვანელობდნენ?

პ: არა, პაპები კრებებზე არც კი ცხადდებოდნენ. ისინი თავიანთ მოადგილეებს აგზავნიდნენ, რომლებსაც არასდროს ეკავათ პირველი პირის მდგომარეობა.

კ: კრებებზე რომელი განმანათლებლები თავმჯდომარეობდნენ?

პ: პირველ მსოფლიო კრებაზე თავმჯდომარეობდა ოსია კორდუბელი(?); მეორეზე ერთმანეთის მიყოლებით თავმჯდომარეობდნენ აღმოსავლელი განმანათლებლები: მელეტი ანტიოქიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტიმოთე ალექსანდრიელი და ნექტარიოს კონსტანტინეპოლელი; მესამეზე - წმ. კირილე ალექსანდრიელი; მეოთხეზე - ანატოლი კონსტანტინეპოლელი; მეხუთეზე - ევტიხი კონსტანტინეპო-ლელი; მეექვსეზე - თავად ბერძენი იმპერატორი კონსტანტინე ჰაგონატი 668-685წ. მეშვიდე კრებაზე - კონსტანტინოპოლის პატრიარქი ტარასი.

კ: სცნობდნენ თუ არა სარწმუნოებაში პაპის უცდომელობას თუნდაც დასავლეთის ძველ ეკლესიაში?

პ: პაპის უცდომელობას სარწმუნოებრივ საკითხებში არა მარტო არ სცნობდა დასავლეთის ძველი ეკლესია, მსოფლიო ეკლესიისაგან მისი განყოფის შემდგომაც კი ლათინური კრებები ასამართლებდნენ და განაყენებდნენ პაპებს. ასე მაგალითად პიზის კრებამ (1409წ.) განაყენა პაპი გრიგოლ მე-12 და ბენედიქტე მე-13; კონსტანცის კრებამ (1414-1418წლები) პაპს იოანე 23-ეს ხარისხი ჩამოართვა.

კ: როდის გამოცხადდა ლათინურ ეკლესიაში სწავლება პაპის უცდომელობის შესახებ?

პ: ეს სწავლება გამოცხადებულ იქნა რომში, ვატიკანის კრებაზე 1870 წელს.

კ: რა უნდა ითქვას ამ სწავლების შესახებ?

პ: ეს სწავლება ახლადგამოგონილია და წმ. წერილისა და საეკლესიო გადმოცემების საწინააღმდეგოა.

სულიწმიდის გამომავლობის შესახებ

კ: სწორად ამტკიცებენ თუ არა კათოლიკები, თითქოსდა სული წმიდა არა მხოლოდ ,,მამისაგან“, არამედ ,,ძისაგანაც“ გამოვალს?

პ: არა, არასწორად. წმ. წერილში არის მოწმობები, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს.

კ: წმ. წერილის რომელი მოწმობიდან ჩანს ეს?

პ: უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს უთხრა: ,,ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის” (იოანე 15,26). აქ პირდაპირ ნათლადაა ნათქვამი, რომ სულიწმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს.

კ: სახარების რომელი ადგილიდან ჩანს, რომ სული წმიდა არ შეიძლება ძისაგან იყოს გამომავალი?

პ: ეს ჩანს ნათლიღების ამბიდან, სადაც ნათქვამია, რომ სული წმიდა ,,გარდამომავალი ვითარცა ტრედი მოვიდა და დაადგრა მას ზედა“(მათე 4,16); ,, ... და სული ღმრთისაი გარდამომავალი ვითარცა ტრედი მოვიდა და დაადგრა მის ზედა(მარკ. 1,10); ,,და გარდამოხდა სული წმიდაი ხორციელითა ხილვითა ვითარცა ტრედი მის ზედა“(ლუკა 3,22); ,,რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“(იოანე 1,33). სულიწმიდა ძისაგანაც რომ გამოსულიყო, რისთვისღა ,,დაადგრებოდა მას ზედა“ მამისაგან?

კ: თუკი სულიწმიდა არ გამოდის ძისაგან, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ წმ. წერილის ის ადგილები, სადაც ძის სულზეა ლაპარაკი? ,,და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისაი გულთა შინა ჩუენთა(გალატ. 4,6); ,,რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექნეს მე საცხოვრებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესოისითა“(ფილიპ. 1,19); ,,უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი“(რომ. 8,9).

პ: ზემოთ მოყვანილ ადგილებში ლაპარაკია არა სულიწმიდაზე, არამედ იმ სულიერ ნიჭებზე, რომლებიც უნდა გააჩნდეთ ქრისტეს მორწმუნე ადამიანებს. წმ. მოციქული წერდა: ,,რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაი, რაითამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაი, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო“(რომ. 8,15).

კ: შეიძლება თუ არა ძისაგან სული წმიდის გამომავლობის შესახებ ისწავლებოდეს მაცხოვრის შემდეგი სიტყვების საფუძველზე: ,,ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“?
პ: არა, არ შეიძლება. პირველ რიგში: სიტყვებს, ,,მე მოვავლინო“, მაცხოვარმა დაუმატა - ,,მამისა ჩემისა მიერ“ და ამით გვიჩვენა, რომ სულიწმიდა მამისაგან გამოვალს; მეორე - თუკი სულიწმიდის გამომავლობას ვასწავლით მხოლოდ ,,მე მომავლინოს“ საფუძველზე, მაშინ ლაპარაკი მოგვიწევს სული წმიდისაგან ძის გამომავლობაზეც იმდენად, რამდენადაც წმ. წერილში მოიპოვება ცნობები სული წმიდის მიერ ძის გამოგზავნის შესახებ(ესაია 48,16; 61,1; ლუკა 4,18).

კ: როგორ ასწავლიდა სული წმიდის გამომავლობას ძველი ეკლესია?

პ: ძველი ეკლესია ასწავლიდა, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს. წმ. მამებმა მე-2 მსოფლიო კრებაზე დაადგინეს: ,,და სულიწმიდა უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს“.

კ: ჰქონდათ თუ არა ქრისტიანებს უფლება სულიწმიდის შესახებ მეორე კრების ამ განსაზღვრებისათვის რაიმე დაემატებინათ, მაგ: ,,და ძისაგან“, როგორც ეს კათოლიკებმა გააკეთეს?

პ: არა, არ ჰქონდათ. მე-6 მსოფლიო კრების მონაწილე მამებმა დაადგინეს: ,,ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქუმულთა ამით კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობდეს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელჰყოფდეს, იყავ შეჩუენებულ წინაისწარ განჩინებულისა მისებრ საზღვრისა პირველმოხსენებულთა მიერ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ქრისტეანეთა კრებულისაგან, ვითარცა უცხოი განიხადენ და განვარდინ, რამეთუ ჩუენ არცა შემატებასა რასმე და არცა დაკლებასა თავს-ვიდებთ, რაითურთით პირველ განჩინებულთა მათ სარწმუნოებისა საზღვართასა, ანუ გარდავხდებით რომელსაცა სიტყუასა“(მე-6 მსოფ. კრე. წესი 1).

კ: საიდან გაჩნდა კათოლიკებთან სარწმუნოების სიმბოლოში დამატება - ,,და ძისაგან“?

პ: ამ დროის ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ კარგა ხნის მანძილზე კათოლიკები მართლმადიდებლების მსგავსად სარწმუნოების სიმბოლოს ,,და ძისაგან“ - სიტყვების გარეშე კითხულობდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 809 წელს, რომის პაპმა ლეონ III-მ რომში, წმ. პეტრეს ტაძარში ორი ვერცხლის დაფა დაადგმევინა. ერთ დაფაზე სიმბოლო ლათინურად ეწერა, მეორეზე - ბერძნულად. ორსავე დაფაზე ის ,,და ძისაგან“ - სიტყვების გარეშე იყო დაწერილი.

კ: სულიწმიდის ძისაგან გამომავლობასთან დაკავშირებით კათოლიკების სწავლებაზე, ყოველივე ზემოთთქმულის მიხედვით რა შეიძლება ითქვას?

პ: ეს სწავლება წმ. წერილისა და წმ. გადმოცემების საწინააღმდეგოა და ამიტომ ერეტიკულია.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ

კ: სწორად ასწავლიან თუ არა კათოლიკები, როცა ამტკიცებენ, თითქოსდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მართალთა ოაკიმე და ანასაგან უბიწოდ ჩაისახა და იესო ქრისტეს მომავალ დამსახურებათა გამო თავისუფალი იყო პირველქმნილი ცოდვისაგან?

პ: არა, ეს სწორი არ არის. წმ. წერილიდან ვიცით, რომ ჩვენი პირველი მშობლის - ადამის ცოდვა ყოველ ადამიანზე გადადის: ,,ამისათვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“(რომ. 5,12). ე.ი. ადამისაგან ბუნებრივი გზით წარმოშობილი ყოველი ადამიანი ცოდვაში იბადება, რადგან ადამში, როგორც მოციქული ამბობს, ,,ყოველთა შესცოდეს“.

კ: შეიძლებოდა თუ არა ამ შემთხვევაში, რომ ღვთისმშობელი გამონაკლისი ყოფილიყო?

პ: არა, არ შეიძლებოდა. ერთადერთი გამონაკლისი უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. იგი პირველ რიგში არაჩვეულებრივად ჩაისახა - სული წმიდისაგან; მეორე - ქრისტეს შესახებ იგივე მოციქული ამბობს, რომ იგი გამოცხადდა მხოლოდ ,,მსგავსად მათ ხორცთა ცოდვისათა“(რომ. 8,9). ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე კი წმ. წერილში არაფერი ამგვარი არ წერია.

კ: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის უარყოფით მის დიდებას ხომ არ ვაკნინებთ?

პ: არა, რამეთუ ჩვენ თაყვანს ვცემთ ღვთისმშობელს, როგორც “უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა”, მაგრამ ეს დიდება მას თავიდანვე არ ჰქონია, არამედ იმის შემდგომ, რაც თვით მასში უმწიკვლოდ ჩაისახა ძე ღვთისა.

კ: დიდი ხანია, რაც კათოლიკებთან გაჩნდა სწავლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ?

პ: არა. ეს სწავლება 1854 წელს, პაპის, პიუს IX-ის მიერ გამოცხადდა.

კ: რა შეიძლება ითქვას ამ სწავლებაზე?

პ: ეს სწავლება ახლადგამოგონილია, წმ. წერილისა და წმ. გადმოცემების საწინააღმდეგოა და ამიტომ ერეტიკულია.



წმიდანთა ზედამსახურებებსა და ინდულგენციებზე

კ: რაში მდგომარეობს კათოლიკური სწავლება წმიდანთა ზედამსახურებების შესახებ?

პ: ეს სწავლება უპირველესად იმაში მდგომარეობს, რომ წმიდანები თითქოსდა იმაზე მეტ კეთილ საქმეებს აკეთებდნენ, ვიდრე ეს ცხონებისთვის იყო საჭირო; მეორე - თითქოსდა რომის პაპს უფლება ჰქონდა ,,ზედმეტი” კეთილი საქმეები იმათთვის მიეწერა, ვინც ამის უკმარისობას განიცდიდა.
კ: სწორია თუ არა ეს სწავლება?

პ: არა, სწორი არ არის, რადგან ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება.

კ: რაში მდგომარეობს კათოლიკეთა მათავარი შეცდომა, როცა ისისნი ამ სწავლებას ქადაგებენ?

პ: კათოლიკების მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მათი აზრით ადამიანებს საუკუნო ნეტარებას მათი სათნო ცხოვრებისათვის მიჰმადლის ღმერთი, როგორც გარკვეულ საზღაურს, რომლის მოთხოვნაც ადამიანს შეუძლია. სინამდვილეში კი ეს სრულიადაც არ არის ასე. რამდენად მართალი და წმიდაც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენი სიკეთეც არ უნდა აკეთოს, ვერასდროს იტყვის, რომ ის ღირსია ცათა სასუფევლისა. პირიქით, მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ კიდეც რომ მიემადლოს საუკუნო ნეტარება, ეს იქნება არა მის მიერ დამსახურებული, არამედ იქნება ძღვენი ღვთის ენითუთქმელი მოწყალებისა. ამიტომ წერდა წმ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: “რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილ არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი - ცხოვრება საუკუნო ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა”(რომ. 6,23).

კ: რატომ არ შეუძლია ადამიანს მიიღოს საუკუნო ნეტარება, როგორც ერთგვარად დამსახურებული რამ?

პ: უპირველესად იმიტომ, რომ ადამიანთა დამსახურებანი არარაობაა საუკუნო ნეტარებასთან შედარებისას(I კორ. 2,9 I იოანე 3,2). მეორე კი ის არის, რომ ადამიანი ამ დამსახურებებს საკუთარი ძალებით არ აღწევს, არამედ ღვთიური მადლის დახმარებით. ეს ჭეშმარიტება თვით მაცხოვარმა დაამოწმა, როცა თავის მოწაფეებს უთხრა: “დაადგერით თქუენ ჩემ თანა. ვოთარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა; მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი; რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი”(იოანე 15,4-5).

კ: აქვთ თუ არა ამის შესახებ სწავლება წმ. მამებსაც?

პ: აქვთ. წმ. ირინეოსი წერს: “როგორც მშრალი მიწა ტენის გარეშე ნაყოფს არ გამოიღებს, ჩვენც ასევე ვერ შევძლებთ ცხოვრების ნაყოფის გამოღებას ციური მადლის წვიმის გარეშე. ამდენადაა საჭირო ჩვენთვის ღვთიური ნამი, რათა არ დავიწვათ და არ გავხდეთ უნაყოფონი”. წმ. იოანე ოქროპირი წერს: “გვახსოვდეს, ათასგზის რომ ვეცადოთ, თუ ზეციურ შეწევნას არ ვითხოვთ, სიკეთის ქმნას ვერასდროს შევძლებთ”; ნეტარი ავგუსტინე ამბობს: “როგორც ხორციელ თვალს არ შეუძლია რაიმეს დანახვა სინათლის გარეშე, ასევე ადამიანს, თუნდაც სრულიად გამართლებულს, არ ძალუძს მართლად ცხოვრება, თუ ის სიმართლის მარადიული ნათლით არ იქნა ზეციდან შეწევნული”.

კ: როგორ მართებთ ადამიანებს საკუთარი კეთილი საქმეების ცქერა?

პ: მაცხოვარმა დაუწესა მოციქულებს: “ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ”(ლუკა 17,10).

კ: არის თუ არა სახარებაში მინიშნება იმაზე, რომ ცათა სასუფეველი ადამიანებს მიემადლებათ არა გაკეთებულ სიკეთეთა რაოდენობის მიხედვით, არამედ უმთავრესად ღვთის მოწყალებით?

პ: არის. უფლის იგავში ვენახში მომუშავე მონების შესახებ მოთხრობილია, რომ მონები თანაბარი რაოდენობის საათს არ მუშაობდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ყველამ ერთნაირი საზღაური მიიღო (მათე 20,1-15). ეს მოწმობს იმაზე, რომ ცათა სასუფეველი ადამიანისაგან არა გაკეთებულ სიკეთეთა გარკვეული რაოდენობით მიიღწევა, როგორც სათანადო მისაგებელი, არამედ როგორც უფალი-ღმერთის წყალობა.

კ: სახარების რომელ ადგილას ჩანს, რომ წმიდანთა დამსახურებებს არ შეუძლიათ ჩვენი ვალდებუ-ლებების
შენაცვლება და ნაკლოვანებების შევსება?

პ: ეს ჩანს იგავში ათ ქალწულზე(მათე 25,1-13).

კ: ზემოთთქმულის მიხედვით რა შეიძლება ითქვას კათოლიკეთა სწავლების შესახებ წმიდანთა ზედამსახურებაზე?

პ: ეს სწავლება ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება და ამიტომ ერეტიკულია.



ჩვილებისათვის მირონცხების აღკვეთა

კ: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკები, როცა ჩვილებს მირონს არა ნათლობისთანავე, არამედ გარკვეული დროის შემდეგ სცხებენ?

პ: არა, სწორად არ იქცევიან, რადგან ეკლესია ჩვილთა ნათლობისთანავე ზეთის ცხების წესს მოციქულთა დროიდან იცავს.

კ: ამის შესახებ როგორ გვასწავლიდნენ წმ. მამები?

პ: წმ. კვიპრიანემ დაგვიწერა: “ნათელღებული ასევე ცხებულიც უნდა იყოს, რათა ამით იგი ცხებული იყოს ღვთისა და აქუნდეს მადლი ქრისტესი”; “ნათელღებულნი ნათლობისთანავე ზეციური ცხებით უნდა იქნენ ცხებულნი და იყვნენ ზიარნი ცათა სასუფევლისა” - განსაზღვრა ლაოდოკიის კრებამ.

კ: რატომ უნდა სრულდებოდეს მირონცხება ნათლობისთანავე?

პ: ადამიანს მირონცხებით ღვთაებრივი ძალები ეწყალობება, რომლებიც მას სულიერ ცხოვრებაში ზრდის და ამტკიცებს. ბუნებრივია, რომ ეს ძალები ადამიანს განსაკუთრებით მაშინ ესაჭიროება, როცა მან ის-ისაა შეაბიჯა ახალ, სულიერ ცხოვრებაში და მომაგრებასა და მხარდაჭერას საჭიროებს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: “თუკი თავს ბეჭდით შემოიზღუდავ, შენს მომავალს უსაფრთხოს ქმნი საუკეთესო და უნამდვილესი საშუალებით. სულისა და სხეულის მირონცხებითა და სულით მონიშვნით თავს დაიზღვევ, როგორც ისრაიტელებმა დაიცვეს თავიანთი პირმშონი სისხლითა და ცხებით. მაშინ რაღა უნდა შეგემთხვიოს?”

კ: შესაძლოა თუ არა სულიერ ცხოვრებაში გაზრდა, მირონცხების გარეშე?

პ: არა, არ შეიძლება. აი რას გვამცნობს წიგნი “საქმეთა მოციქულთა: “ესმა რაი უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალემს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუაი ღმრთისაი, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოანე; რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა-ყვეს მათთვის, რაითა მიიღონ სული წმიდაი; რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედამოწევნულ სული წმიდაი; გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუისითა” (საქმე 8,14-16).

კ: კათოლიკებს ყოველთვის წესად ჰქონდათ თუ არა ნათლობისთანავე არ ეცხოთ მირონი ჩვილებისათვის?

პ: არა, თავდაპირველად ისინი, ისევე როგორც მართლმადიდებლები, მირონს ნათლობისთანავე სცხებდნენ.

კ: კათოლიკებმა რის საფუძველზე შეცვალეს ეს ძველი წესი?

პ: კათოლიკე ღვთისმეტყველნი ამტკიცებენ, თითქოსდა ბავშვების მირონცხება მხოლოდ მაშინაა აუცილებელი, როცა ისინი თვითშეგნების ასაკს მიაღწევენ.

კ: სამართლიანია თუ არა ასეთი მსჯელობა?

პ: არა. ამ საფუძველზე დაყრდნობით ნათლობაც უნდა გადაიდოს გარკვეულ ასაკამდე, რასაც კათოლიკები არ აკეთებენ.

კ: რა შეიძლება ითქვას კათოლიკების წესზე - გადაიდოს ბავშვების მირონცხება გარკვეულ ასაკამდე?

პ: ეს წესი უკანონოა, რადგან ის ეკლესიის ძველ წესსა და გადმოცემებს ეწინააღმდეგება.

ჩვილების უზიარებლობის შესახებ

კ: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკები, როცა ჩვილებს გარკვეულ ასაკამდე არ აზიარებენ?

პ:არა, სწორად არ იქცევიან, რამეთუ უფლის სიტყვით: “უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა”(იოანე 6-53).

კ: იქნებ მაცხოვრის ეს სიტყვები ჩვილებისადმი არ არის მიმართული?

პ: მაცხოვრის ეს სიტყვები ჩვილებისადმი რომ არ ყოფილიყო მიმართული, მაშინ ძველი ეკლესია, რომელსაც თავად მოციქულები და მათი მოწაფეები ხელმძღვანელობდნენ, მათ კვალს არ გაყვებოდა. ძველ ეკლესიაში ჩვილებს მუდამ აზიარებდნენ, თვით კათოლიკებს ჩვილების ზიარების წესი მთელი 12 საუკუნის განმავლობაში ჰქონდათ.

კ: მაშინ რატომ შეცვალეს მათ ეს ჩვეულება?

პ: ისინი ამბობენ, თითქოსდა იმიტომ არ შეიძლება ჩვილების ზიარება, რომ მათ შეგნებული რწმენა ჯერ არ გააჩნიათ.

კ: შეიძლება თუ არა ჩვილების უზიარებლობა ამის საფუძველზე?

პ: არა, არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც ჩვილების ზიარება მათი მომყვანებლის რწმენით ხდება.

კ: განა უფალი მომყვანებელთა რწმენა მოყვანილებს შეერაცხებათ?

პ: დიახ, შეერაცხებათ. სახარებაში მოთხრობილია, რომ უფალმა განრღვეული მის მიმყვანებელთა რწმენით განკურნა: “და იხილა იესო სარწმუნოებაი იგი მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი”(მარკ. 2,5).

კ: თუ ეს ასეა, რა უნდა ითქვას კათოლიკეთა წესზე - არ აზიარონ ჩვილები?

პ: ამ წესს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, საეკლესიო გადმოცემის საწინააღმდეგოა და ამიტომ უკანონო.

[/b]ერისკაცთათვის “წმ. სისხლის” აღკვეთის შესახებ

კ: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკები, როცა ერისკაცებს “უფლის სისხლით” არ აზიარებენ?

პ: არ იქცევიან სწორად. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ადამიანებს დაუწესა: ,,ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა; ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუანაისკნელსა მას დღესა“(იოანე 6,53-54).

კ: კათოლიკები ამბობენ, რომ უფლის ხორცთან ზიარებით ერისკაცნი მისი სისხლითაც ეზიარებიან, ვინაიდან სადაც ხორცია, იქაა სისხლიც.

პ: ასე, ამგვარად მხოლოდ ბუნებრივ შემთხვევებში ხდება, მაგრამ ზიარებისას ხორცი და სისხლი ცალკ-ცალკე, პურისა და ღვინის სახით მოიღება. ასე დაადგინა თვით იესომ საიდუმლო სერობაზე, როცა მოციქულნი ცალკე პურით და ცალკე ღვინით აზიარა და ამიტომაც კათოლიკე მღვდლები ორივეთი ცალკ-ცალკე ეზიარებიან.

კ: როგორაა სახარებაში ამის შესახებ მოთხრობილი?

პ: წმ. სახარებაში ამის შესახებ მოთხრობილია შემდეგი: ,,და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა; ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“(მათე 26,26-28).

კ: თუკი თვით ქრისტემ ხორცითა და სისხლით აზიარა მოციქულნი, რატომ არ მისდევენ კათოლიკები მის მაგალითს?

პ: ისინი ამბობენ, რომ ქრისტეს მიერ მოციქულთა ზიარების მაგალითი ერისკაცებს არ ეხებათ, არამედ მხოლოდ მღვდლებს, როგორც მოციქულთა მემკვიდრეებს.

კ: ასეა ეს თუ არა?

პ: არა. მოციქულთა ზიარების მაგალითს უნდა მისდიონ არა მხოლოდ მღვდლებმა, არამედ ყველა ქრისტიანმა, ყოველმა ადამიანმა. წმ. პავლე მოციქული გვიწესებს: ,,გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგანი ჭამენ და სასუმელისა მისგანი სუნ“(I კორ. 11,28) და კიდევ: ,,რამეთუ რავდენ გზისცა სჭამდეთ პურსა ამას და ჰსმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ, ვიდრემდის მოვიდეს (I კორ. 11,26).

კ: ყოველთვის აღუკვეთდნენ თუ არა კათოლიკები ერისხალხს “წმ. სისხლთან” ზიარებას?

პ: არა. თავიდან კათოლიკე ერისკაცები იმავე წესით ეზიარებოდნენ, როგორც მართლმადიდებლები. ეს არასწორი წესი მათ მე-15 საუკუნეში შემოიღეს.

კ: როგორ უნდა შევხედოთ ამ წესს?

პ: ამ წესს უნდა შევხედოთ როგორც თვითნებურს, მაცხოვრის სწავლების, მოციქულებისა და ძველი ეკლესიის გადმოცემების საწინააღმდეგოს.

ხმიადით ზიარების შესახებ

კ: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკები, როცა ისინი “ზიარების საიდუმლოს” არა გაფუებული პურით, არამედ ხმიადით ასრულებენ?


პ: არა, სწორად არ იქცევიან. ზიარებისას მოვალენი ვართ მივსდიოთ მაცხოვრის მაგალითს. მისი ბრძანების მიხედვით: “და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ხორცი ჩემი, თქუენთვის მიცემული; ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა”(ლუკა 22,19). მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო არა ხმიადით, არამედ გაფუებული პურით აღასრულა.
: საიდან ჩანს ეს?
პ: ეს ჩანს სახარებიდან, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო იუდეველთა პასექზე ადრე აღასრულა, როცა ხმიადს ჯერ კიდევ არ იყენებდნენ: “და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესო, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაითა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი”(იოანე 13,1).
კ: სახელდობრ რომელი ადგილიდან ჩანს, რომ ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეს ხმიადს ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ?
პ: როცა საიდუმლო სერობაზე ზიარების საიდუმლოს დაწესების შემდეგ უფალმა უთხრა იუდას: “რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე”, მოწაფეებმა იფიქრეს, რომ მაცხოვარმა უთხრა: “იყიდე, რაი-იგი გიხმიდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაიმე გლახაკთა”(იოანე 13,27-29). ე.ი. პასექის დღესასწაული ჯერ არ იყო დამდგარი, რადგან დღესასწაულზე კანონი კრძალავდა ყოველგვარ აღებ-მიცემობას. და თუკი ჯერ არ იყო პასექი, არ იყო ხმიადიც. და კიდევ: როცა მეორე დღეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა იესო პილატესთან მიიყვანეს, სახარების მიხედვით ისინი “არა შევიდეს ტაძრად, რაითა არა შეიგინნენ, არამედ რაითა ჭამონ პასექი”(იოანე 18,28). აქედან ნათელია, რომ უფლის მიერ ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეს ხმიადი ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა.
კ: თუკი მაცხოვრის მიერ ზიარების საიდუმლოს დაწსების დღეს ხმიადს ჯერ კიდევ არ იყენებდნენ, მაშინ როგორღა უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: “პირველსა მას დღესა უცომოებისასა”(მათე 26,17) და “მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი”(ლუკა 22,7)?
პ: წმ. იოანე ოქროპირი ამ სიტყვებს ასე განმარტავს: “უცომოების პირველ დღეს მოციქული უცომოების დღესასწაულის წინადღეს უწოდებს - დადგა, ანუ მოახლოვდა, კარს მოდგა დღე, როცა იუდეველები კრავს კლავდნენა”
კ: თუკი მაცხოვარმა მოციქულებთან საიდმულო სერობაზე არ მოიღო ხმიადი-უცომო, მაშინ რომელი პასექი მოიხსენია მან, როცა მოწაფეებს უთხრა: “გულის-სიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა”(ლუკა 22,15)?
პ: სიტყვა “პასექში”, რომლის ჭამაც მას მოწაფეებთან ერთად სურდა, ახალი აღთქმის პასექი იგულისხმა, რომელიც მისი ხორცისა და სისხლის საიდუმლოს შეადგენდა. ძველი ეკლესიის მასწავლებელი ტერტულიანე ამას ასე განმარტავს: არასწორი იქნებოდა იმის გაფიქრება, რომ მაცხოვარს რაიმე სხვისი სდომებოდა. მან პასექის მსხვერპლის დაწესებაც ძველი აღთქმის მსხვერპლის მიხედვით საკუთარი ხორცითა და სისხლით ინება და ამიტომაც “აღიღო პური და ქმნა მისგან ხორცი თვისი”.
კ: კათოლიკები ზიარების საიდუმლოს ყოველთვის ხმიადით აღასრულებდნენ?
პ: არა. თავიდან ისინი მართლმადიდებელთა მსგავსად გაფუებული პურით აზიარებდნენ, მაგრამ შმდგომში ეს კეთილმსახური წესი შეცვალეს და ზიარება ხმიადით დაიწყეს, რითაც მაცხოვრის მაგალითისა და ძველი ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოიქცნენ.

შაბათობით მარხვა

კ: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკები, როცა შაბათობით მარხულობენ?

პ: არა, რადგან მოციქულთა 64-ე კანონი გვამცნობს: ,,უკუეთუ ვინმე მოყუასთაგანი იპოოს მმარხველად კვირიაკესა, ანუ შაბათისა თვინიერ ხოლო ერთისა მის, განიკუეთენ, ერისკაცი უზიარებელ იქმენინ“.
კ: ეკლესია აქცევდა თუ არა ყურადღებას შაბათობით მარხვის უკანონო ჩვეულებას?
პ: დიახ, აქცევდა. მე-6 მსოფლიო კრებამ 55-ე წესად დაადგინა, რომ რომის ეკლესიაშიც იქნეს შესრულებული მოციქულთა 64-ე კანონი, რომელიც შაბათობით მარხვას კრძალავს: “წმინდა კრება დაადგენს, რომ რომის ეკლესიამაც შეუცვლელად დაიცვას ის კანონი [მოციქულთა 64-ე კანონი], რომელიც ბრძანებს, რომ თუ სასულიერო პირმა მარხვა დაიცვას კვირა დღეს ან შაბათს, გარდა დიდი შაბათისა, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებელი იყოს”. აქედან გამომდინარე შაბათობით მარხვით კათოლიკები წმ. მოციქულთა და წმ. მამათა წესებს არღვევენ.

ღვთისმსახურება გაუგებარ ენაზე

კ: რითი ამართლებენ კათოლიკები მლოცველთათვის გაუგებარ ენაზე მსახურების წესს?
პ: ისინი ამბობენ, რომ მათთან ღვთისმსახურებაზე მლოცველები ლოცვანით დგანან, რომლებშიც ლოცვები მათთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი.
კ: სამართლიანია ეს თავისმართლება?
პ: არა, სამართლიანი არ არის. ტაძარში ხალხმა თავის მოძღვართან ერთად ერთი პირითა და ერთი გულით უნდა მიიღოს მონაწილეობა ღვთისმსახურებაში. ამის მაგივრად კი ისინი ლოცვას თავისთვის და თავისებურად კითხულობენ.
კ: რა შეიძლება ითქვას გაუგებარ ენაზე ლოცვის კათოლიკურ წესსზე?
პ: ეს წესი უკანონოა, რამდენადაც გამართლება არა აქვს და იგმობა ღვთის სიტყვით.

დასკვნა

კ: ყოველივე ზემოთთქმულის საფუძველზე მართლმადიდებლებმა როგორ უნდა უყურონ კათოლიკებს?
პ: კათოლიკებს უნდა უყურონ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოკვეთილ ერეტიკოსებს, რომლებმაც, როგორც დასაწყისში ითქვა, ჭეშმარიტი რწმენა დაამახინჯეს და ის წესები მიიღეს, რომლებიც არ ეთანხმება წმ. ეკლესიის გადმოცემებს.
კ: დასაშვებია თუ არა მართლმადიდებელთათვის კათოლიკურ ტაძრებში სალოცავად სიარული?
პ: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება: ანკვირიის კრების მე-7 კანონი ადგენს: ,,რომელთა დღესასწაულსა საწარმართოსა წარმართთა თანა ისამხრონ ამისთვის განჩინებულსა შინა ადგილსა თვისთა ჭამადთა მიხუმითა და მათ თანა ჭამითა, გუთნდა შემდგომად ორ წელიწდეულისა შევრდომისა შეწყნარებაი მათი. ხოლო უკუეთუ ზიარებადცა ჯერ-არს შეწყნარებაი მათი, ეპისკოპოსთა მიერ განიხილვოდედ თითოეულისათვის და სხუაიცა ცხორებაი მათი გამოიძიებოდედ”. წმ. მოციქულთა 64-ე კანონში ნათქვამია: “უკუეთუ ვინმე მოყუასი ანუ ერისკაცი შევიდეს შესაკრებელსა ჰურიათასა ანუ მწვალებელთასა ლოცვად, განიკუეთენ მოყუასი და უზიარებელ იქმენინ ერისკაცი”.
კ: დასაშვებია თუ არა ქორწინება მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის?
პ: საეკლესიო წესებით არ შეიძლება. მე-6 მსოფლიო კრების 72-ე კანონი ბრძანებს: “არა ჯერ-არს, რაითა მართლმადიდებელი მამაკაცი მწვალებელსა დედაკაცსა შეეყოს, არცა რაითა მწვალებელსა მამაკაცსა მართლმადიდებელი დედაკაცი შეეუღლოს, არამედ უკუეთუ გამოჩნდეს ეგევითარი რაიმე ვისგანცა ყოველთაგანისა მიერ ქმნილად ოდესცა, დაუმტკიცებელ იყავნ ქორწილი იგი და დაჰხსენინ უწესოი თანამკვიდრობაი”. მე-4 კრების მე-14 კანონში ნათქვამია: “გარნა თუ სადმე აღსთქუმიდეს მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა მომართ მოცვალებასა მართლმადიდებელისადა შეყოფილი იგი პირი.
კ: ასე რომ ერეტიკოსები ქრისტიანებად არც კი იწოდებიან?
პ: არ იწოდებიან. მათთვის ამ წოდების აღკვეთით ეკლესია უფლის სიტყვის თანახმად იქცევა: “უკუეთუ კრებულსაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი”(მათე 18,17).
კ: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მართლმადიდებლებს კათოპლიკებისადმი?
პ: მართლმადიდებლებმა მათი სინანულისა და გონს მოსვლისათვის უნდა ილოცონ და მათ თვინიერად მოეკიდონ. კართაგენის კრების 77-ე წესის თანახმად: “სიმშვიდით შევკრიბნეთ თითო სახეთა ვნებათა მიმართ გამყოფილნი იგი, ნუუკვე მოსცეს მათ ღმერთმან სინანული შესამეცნებლად ჭეშმარიტებისა და გამოხსნაი მახეთაგან ეშმაკისათა წარტყუენულთა მის მიერ ნებისა მიმართ მისისა”.


კატეგორია: პაპიზმი | ნანახია: 1416 | დაამატა: Barbare | ტეგები: კათოლიციზმის სამხილებელი მართლმადიდ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: