მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » მწვალებლობა და ურთიერთობა მწვალებლებთან.
1:29 AM
მწვალებლობა და ურთიერთობა მწვალებლებთან.


>დიდი სჯულის კანონი

მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაგან.

... მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს (ნაწილნი კანონებრივთა განწესებათანი. ნაწილი იბ (12). მწვალებელთათვის და ჰურიათა და ელლენთა).

ლაოდიკიის კრების 10 კან. განმარტებიდან

მწვალებლობა ყოველთვის მწვალებლობად რჩება, მაშინაც, როდესაც ასწავლის – ძე ღმერთი არ არის მამის ერთარსიო, და მაშინაც, როდესაც ქადაგებს – სული წმიდა მამისაგან და ძისაგან გამოვალსო; რამეთუ ყველა შემთხვევაში იგი ერთნაირად შეურაცხყოფს სახარებისეულ სწავლებას სარწმუნოების ძირეულ დოგმატებზე, რის შედეგად ყოველი მწვალებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ანათემის ქვეშ ექცევა(2 მს. კრებ. 1 კან. ბასილი დიდის 1 კან.).

მოციქულთა 45 კანონის განმარტებიდან

იმის შესახებ, თუ ვინ იწოდება მწვალებლად და რა არის მწვალებლობა, ნათქვამია ბასილი დიდის პირველი კანონის განმარტებაში. მოციქულთა მეათე კანონი, როგორც ვნახეთ, საეკლესიო ერთობიდან განყენებულებთან ერთად სახლში ლოცვასაც კი კრძალავს და განაყენებს ყველას, ვისაც განყენებულთან ლოცვითი ერთობა ექნება. საეკლესიო ერთობიდან განყენებულს, ბუნებრივია, ყველა მწვალებელი მიეკუთვნება; აქედან გამომდინარე სრულიად თანმიმდევრულია ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის მათთან ლოცვითი ერთობის აკრძალვა. მით უმეტეს უფრო მეტად უნდა აეკრძალოთ მსგავსი ერთობა სასულიერო პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მაგალითი იყვნენ მორწმუნეთათვის ყოველგვარი ცრუ სწავლებისაგან შეუბილწავი სარწმუნოების სიწმინდის დაცვაში.

ეპისკოპოსი ნიკოდიმოს მილაში (სჯულისკანონის განმმარტებელი, XIX ს.)

წმიდა თეოფანე დაყუდებული

მწვალებლობა არის რაიმეს განსჯა საკუთარი გონებით, იმასთან შეუთანხმებლად, რაც უფალმა გადმოსცა ეკლესიას ამ საკითხის შესახებ. არიოზმა დაიწყო უფლის შესახებ თავისებურად განსჯა და წვალებაში ჩავარდა, რადგან არ აღიარებდა უფლის ერთარსებობას მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან. ლუთერმა თავისებურად დაიწყო ქრისტიანული სწავლების სისტემის შედგენა და რამდენი სიცრუე გამოიგონა? ასევეა პაპი, ასევეა ყველა ახალი გზააბნეული სწავლებები. როდესაც იბადება კითხვა, მის გადაწყვეტას ქრისტიანი თავის თავში და საკუთარ გონებაში კი არ უნდა ეძიებდეს, არამედ ყველასათვის საერთო აღმსარებლობაში. იმას როდი ვამბობ, თითქოს თვითონ არც განსჯა შეეძლოს და არც თავისი აზრი გააჩნდეს, იგი მას შეიძლება სხვაზე ადრე დაებადოს; მაგრამ საქმე ისაა, რომ ქრისტიანი ამ მოსაზრებებს არავითარ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, ვიდრე საერთო მოძღვრებით არ შეამოწმებს. თუკი მისი აზრები ამ მოძღვრებას ეთანხმებიან, დაიტოვებს მათ, და თუ არ ეთანხმებიან – განაგდებს. ამაშია მისი სიმშვიდე; იგი დგას ამ საერთო მოძღვრებაზე, როგორც მტკიცე კლდეზე, რადგან მისი მეშვეობით ადის ღმერთთან, ჭეშმარიტების წყაროსთან.

"და სიმონსაცა თვით ჰრწმენავე და ნათელ-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა" (საქმე 8.13). ირწმუნა და ნათელ-იღო კიდეც, მაგრამ მისგან არაფერი გამოვიდა. უნდა ვიფიქროთ, რომ მისი რწმენის წყობაში იყო რაღაც ურიგო. გულწრფელი სარწმუნოება საკუთარი გონების უარყოფაა. უნდა გაშიშვლდეს გონება და სუფთა დაფასავით დახვდეს რწმენას, რომ მან გამოსახოს თავი ამ დაფაზე ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი უცხო გამოთქმებისა და სწავლებების გარეშე. როდესაც გონებაში რჩება საკუთარი წარმოდგენები სარწმუნოებაზე, მაშინ მასში წარმოდგენათა შენარევი აღმოჩნდება; ცნობიერება დაიბნევა, რადგან რწმენის მოქმედებაში საკუთარი გონების ცრუ სიბრძნესაც შეხვდება. ასეთი იყო სიმონი – სახე და ხატი ყველა მწვალებლისა. ასეთნი არიან ყველანი, ვინც უწინ და დღესაც ბედავს საკუთარი აზრებით სარწმუნოების სამფლობელოში შესვლას. ისინი იბნევიან სარწმუნოებაში და მათგან არაფერი გამოდის გარდა ზიანისა თავისთვის, თუ ჩუმად არიან, და სხვებისთვის, თუ მათში არ ჩერდება ეს არეულობა, არამედ გარეთ გამოხეთქავს დამოძღვრის წყურვილით. მათგან ყოველთვის გამოდიან ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან საშინელი თავდაჯერებულობით საკუთარ შეუცდომლობაში და აქვთ ჭირვეული სურვილი, რომ ყველა თავისნაირი გახადონ.

წმიდა ათანასე დიდი (ალექსანდრიელი)

ყველა მწვალებლობას საკუთარი გამონაგონის მამად ჰყავს იმთავითვე დაცემული, კაცისმკვლელად ქცეული, მტყუარი ეშმაკი და რცხვენია რა ბოროტის საძულველი სახელის წარმოჩენა, თვალთმაქცურად ირქმევს მაცხოვრის სახელს – უმშვენიერესს და ყველაზე აღმატებულს; კრიბავს წმიდა წერილიდან გამონათქვამებს, სიტყვებს წარმოთქვამს და ჭეშმარიტ აზრს კი მალავს; და ბოლოს, ფარავს რა ერთგვარი მზაკვრობით თავის გამონაგონს, ღუპავს ცთუნებაში შეყვანილ ადამიანებს ("ეპისტოლე ეგვიპტისა და ლიბიის ეპისკოპოსთა მიმართ, არიოზელთა წინააღმდეგ").

"მთაჲ ღმრთისაჲ, მთაჲ პოხილი" (ფსალმ. 67.16). მთად სახელდებს ეკლესიას, ხოლო პოხილს იმიტომ უწოდებს, რომ თავის კუთვნილ სულებს გამოკვებავს და ნელსურნელებით ავსებს.

"მთა შეყოფილი, მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო?" (ფსალმ. 67.17). შეყოფილი აღნიშნავს რძით, ანუ უბრალო მოძღვრებით გამოკვებილს, როგორც ნათქვამია: "სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი" (I კორ. 3.2). ამგვარად იმათ ჰყვედრის, ვინც უშვებს, რომ მწვალებლური ეკლესიებიც შეიძლება იყვნენ შეყოფილნი; მათში არაფერია ისეთი, რაც ადამიანის სულიერ წარმატებას შეუწყობდა ხელს, ამიტომაც "რასამე ჰგონებთ", თითქოს არის სხვა შეყოფილი მთები გარეშე ეკლესიისა და არა ეს ერთი მთა, "რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა" (ფსალმ. 67.17); და რომ უფალი ცხოვრობს ეკლესიაში, ეს ცხადია მის მიერ თქმულიდან "ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავსესე" (ფსალმ. 131.14) (67-ე ფსალმუნის განმარტებიდან).

წმ. მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ბუკვალური განსწავლულობა, საკუთარ თავს მინდობილი, დაუყოვნებლივ შობს საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენასა და ამპარტავნებას, მათი საშუალებით ადამიანს ღვთისგან განაშორებს. ასეთი ცოდნა გარეგნულად ღვთის შემეცნებას წააგავს, არსებითად კი შესაძლოა ღვთის სრული უმეცრება, მისგან განდგომა აღმოჩნდეს. შეიძლება სარწმუნოებას ქადაგებდე და ურწმუნოებაში იძირებოდე. უწიგნურ ქრისტიანთათვის განცხადებული საიდუმლონი ძალიან ხშირად დაფარულია მეტისმეტად განსწავლული ადამიანებისთვის, რომელნიც კმაყოფილდებიან ღვთისმეტყველების მწიგნობრული შესწავლით ისე, თითქოს ერთ-ერთ კაცობრივ მეცნიერებათაგანს სწავლობდნენ. სწორედ ასეთი ხასიათი აქვს მინიჭებული ღვთისმეტყველებას მთელს არამართლმადიდებლურ დასავლეთში, პაპისტურშიც და პროტესტანტულშიც.

...საშინელი იარაღია ბოროტ სულთა ხელში მწვალებლობა! მისი საშუალებით მათ მთელი ერები დაღუპეს, მოსტაცეს რა, მათთვის შეუმჩნევლად, ქრისტიანობა; ქრისტიანობა მათ ღმრთის მგმობი სწავლებით შეცვალეს და ეს სიკვდილშემოსილი სწავლება შეამკეს განწმედილი, ჭეშმარიტი, აღდგენილი ქრისტიანობის სახელწოდებით. მწვალებლობა ცოდვაა, რომელიც უპირატესად გონებაში აღესრულება. ეს ცოდვა, გონების მიერ მიღებული, გადაეცემა სხეულს, დაიღვრება მასზე, შეაგინებს თვით ჩვენს სულს, რომელსაც ისიც შეუძლია, მიიღოს განწმედა ღმრთის მადლთან ერთობით და ისიც, რომ შეგინებულ იქმნეს და დაავადდეს დაცემულ სულებთან თანაზიარობით ("სიტყვა მართლმადიდებლობაზე").

წმიდა ანტონი დიდის ცხოვრებიდან

სარწმუნოებითა ფრიად საკვირველ იყო და ღმრთის-მსახურ, არცაღა მელეტიანოზთა განხეთქილთა ეზიარა სადამე, იცოდა მათი იგი პირველითგან სიბოროტე და განდგომაჲ, არცაღა მანიქეველთა უღმრთოთა, არცა სხუათა მწვალებელთა ეტყოდა სადამე მოყვრობით, გარნა სწავლისათვის ღმრთისმსახურებისა მოქცევად. ეტყვინ და ამცნებნ: მეგობრობაჲ ამათი და ზრახვაჲ სავნებელ და წარწყმედა სულისა.

ესრევე სახედ არიანოზთაჲცა წვალებაჲ სძულდა და ამცნებნ ყოველთა არა მიახლებად მათა, ნუცა ბოროტსა სარწმუნოებასა მათსა სმენად. მი-ვინმე-ვიდეს მისა არიანოზთა მათგანნი და გამოიკითხა უღმრთოებაჲ იგი მათი და წარმოდევნნა იგინი მთით და ჰრქუა: "გუელთა უბოროტეს არიან სიტყუანი ამათნი".

წმიდა იოანე კიბის-აღმწერელი

გონება ცთომილთა მათ თქმულთა და სიტყვათა, პირველ დიდისა სისრულისა ნუ იკითხავ, რამეთუ ბნელისა სიტყვანი არიან იგინი და უძლურთა დააბნელებენ.

ვითარცა არა იპოოს ცეცხლი თოვლსა შინა, ეგრეთვე არცა მწვალებელთა თანა იპოოს სიმდაბლე.

არიან ეშმაკები, რომლებიც წმიდა წერილის განმარტებას გვასწავლიან; ამას უმეტესად მზვაობართა გულებში იქმან, უფრო კი ფილოსოფიით განსწავლულებში. პირველად სიმართლეს ასწავლიან, რათა თანდათან აცდუნონ და წვალებასა და გმობაში ჩააგდონ.

წმ. ისააკ ასური

უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რადგან ყველაზე მეტად ეს აიარაღებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ.

წმ. პეტრე დამასკელი

რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ამას ვერ ხედავენ გამოუცდელნი.

წმიდა ექვთიმე მთაწმიდელი

წიგნნი, რომელთა კათოლიკე ეკლესია არა შეიწყნარებს, არიან ყოველნი, რომელნი მწვალებელთა მიერ აღიწერნეს: ორიგენე მწვალებელსა მრავალნი წიგნები აღუწერია და არა შესაწყნარებელ არს და კუალად ევსები პამფილელისა წიგნი არსა, მრავალთა რათამე საქმეთა და თხრობათა წარმოიტყვის თვითო სახეთა, რომელ მრავლითა ფილოსოფოსებითა დაწერილ არს იგი, არამედ წვალებანი მრავალნი ჩაურთავნ მასვე და ამისთვის არა შეიწყნარებს ეკლესიაჲ...

წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი

დაიცავი გონება და გული ცრუმოძღვრებათაგან. ნუ ისაუბრებ ქრისტიანობის შესახებ ცრუ აზრებით მოწამლულ ადამიანებთან; ნუ წაიკითხავ ცრუმოძღვართა მიერ ქრისტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებს. ჭეშმარიტებაში სული წმიდა მკვიდრობს – სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეში ეშმაკის სული მოქმედებს, ის არის სიცრუე და მამა სიცრუისა.

წმ. შიო მღვიმელის სასწაული

დიდებული მამა შიოს ხსენების დღეს მღვიმის (შიომღვიმის) მონასტერში შეიკრიბა ერი; ჩვეულებისამებრ იქ იყო მეფე და ყველა მთავარი, და მამათმთავარი სარმიანე, თავის ყველა ეპისკოპოსთან ერთად. იქ იყვნენ აგრეთვე იაკობიტთა სარწმუნოების[1] ეგვიპტელი კაცები, რომლებიც თბილისიდან მოვიდნენ. მათ, როგორც კი ნახეს, რომ კათალიკოსი მოვიდა, მივიდნენ მასთან და თავიანთი ქვეყნიდან ჩამოტანილი ძღვენი მიართვეს. მისგან კურთხევის მიღების შემდეგ უთხრეს: "წმიდაო მეუფეო, დღეს შენი წმიდა ხელით ზიარების ღირსი გაგვხადე". ხოლო კათალიკოსმა არ გამოიკითხა, თუ ვინ ან რა სარწმუნოებისანი იყვნენ და დაავალა თავის დიაკონს, ზიარების დროს მოეყვანა ისინი. აღესრულა წირვა, მივიდნენ ეს კაცები და აზიარა სარმიანე კათალიკოსმა თავისი ხელით. ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ, მეფემ ყველანი ტრაპეზზე დაპატიჟა და ამის შემდეგ კათალიკოსი მცხეთაში წავიდა, რადგან მეორე დღეს ყოველთა სულთა ქრისტიანეთა სახსენებელზე იყო მისასვლელი.

ღამით ძილში სარმიანე კათალიკოსს საშინელი და დიდებული შესახედაობის კაცები ეჩვენნენ. ერთი მათგანი იყო მღვდელთმოძღვარი, რომელსაც თავზე კუნკულის მსგავსი თავსაბური ემოსა, ხოლო მეორე – მოხუცებული მონაზონი, რომელსაც ჯვრიანი ოქროს კვერთხი ეკავა. ამ კაცების დანახვაზე სარმიანეს ზარი დაეცა და ფიქრობდა, თუ ვინ იყვნენ ისინი. ვიდრე იგი საგონებელში იყო, უცნობები მივიდნენ მასთან და მოსასხამი მოხადეს, რის შემდეგაც მღვდელთმოძღვარი გაუჩინარდა, ხოლო მონაზონმა უთხრა: "ჰოი, სარმიანე, როგორ განიცდი შენს თავს?" სარმიანემ მიუგო: "შეურაცხყოფილად". ბერმა ჰკითხა: "ძალიან მოგწონს ეგ საქმე?" კათალიკოსმა მიუგო: "არა, რადგან ჩემზე მყოფი ღვთის ნიშანი წამართვით". ბერმა ჰკითხა: "ჰოი, ძმაო! რომლებმაც განაშიშვლეს ქრისტე ღმერთი ბუნებისა და მოქმედებისა და ნებისაგან და არცა ღვთაებით საცნაური ჰყვეს იგი და არც კაცებით გამოაჩინეს მისი ძალა, შენ ისინი ქრისტეს ხორცსა და სისხლს აზიარე. რამდენად მძიმედ მიიჩნევს ამას ცისა და ქვეყნის შემოქმედი!" კათალიკოსმა ჰკითხა: "ვის შესახებ მეუბნები უფალო ჩემო?" ბერმა მიუგო: "იმათზე, რომელთაგანაც ძღვენი მიიღე და ამან დააბრმავა შენი გული, რომ აღარ გამოგეკითხა, თუ ვინ არიან ისინი, და ამგვარად შეურაცხჰყავი სჯული ღვთისა იმ ბილწი მწვალებლების მიერ, და აი შენც შიშველი ხარ ღვთის მადლისაგან". კათალიკოსი შეშინდა ამ სიტყვების გამგონე, ზარი დაეცა და ძლივს მიუგო: "ვინ ხარ, ჩემო ბატონო, ესე რომ ეძიებ ჩემს ცხონებას, ან ის ეპისკოპოსი ვინ იყო, პირველად რომ ვიხილე შენთან ერთად?" მოხუცებულმა უპასუხა: "ის ეპისკოპოსი ალექსანდრიის მამამთავარი კირილეა, რომელმაც მრავალი იღვაწა მართლმადიდებელთა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, რომელიც შენ დღეს უწმინდურად დათრგუნე, მე კი შიო ვარ, მონა ღვთისა". ბერი გაუჩინარდა, ხოლო სარმიანეს ძილი გაუკრთა, შეშფოთებული ურვასა და მწუხარებას მიეცა და სასწრაფოდ ბრძანა, ყველა ეპისკოპოსი ეკლესიაში შეკრებილიყო. მან ეპისკოპოსებს ჩვენების შესახებ ცრემლით უამბო და ჰკითხა, როგორ შეენანებინა ეს საქმე. მათ გადაწყვიტეს, პირველ რიგში იაკობიტთაგან მიღებული ძღვენი ჭიშკრის გარეთ დაეწვათ, ხოლო კათალიკოსს უთხრეს: "შენ კი იჩქარე და მიდი წმიდა შიოს მონასტერში და პირველად მადლობა შესწირე, რადგან ასეთი ზრუნვით გამოგეცხადა, შემდეგ კი ამ ორმოცი დღის განმავლობაში დიდი მოღვაწეობით გამოაჩინე სინანული. ხოლო ჩვენ თითოეული გულმოდგინე ლოცვითა და მარხვით შევევედრებით ღმერთს მაგ შენი ბრალის შენდობისათვის, იქნებ ინებოს თავისი ძვირუხსენებლობით და საქმის აღსასრულიც გამოგვიცხადოს, რომლითაც გულსავსე ვიქნებით". მოეწონა ეს სიტყვა კათალიკოსს და განთიადისას ყველა ეპისკოპოსს ამცნო, რომ იქ (მცხეთაში) აღესრულებინათ მარტვილის დღესასწაული და ყველასგან ლოცვა ითხოვა. თვითონ სარკინის მღვიმეში მივიდა, ნეტარი შიოს საფლავის წინ დაემხო და მრავალი სინანულითა და ცრემლით ამას ამბობდა: "მამაო, განფინე წმიდანი ლოცვანი შენნი მამობრივი წინაშე ღვთისა და მითხოვე შენდობა, რამეთუ ჩემი უდებებით განვარისხე ღმერთი და არ გავალ აქედან, სანამ ბრალთა შენდობის გულსავსებას არ მივიღებ". იმყოფებოდა იმ მღვიმეში ფრიადი გულმოდგინებით, ლოცვითა და მარხვით. დადგა ღამე წმიდა და დიდებული კვირიაკისა და სარმიანეს დაღლილობისაგან ჩაეძინა. ძილში იხილა, რომ გოლგოთის წინ იდგა და ჯვარცმულ ქრისტეს, ჩვენს ღმერთს ხედავდა. სარმიანე საშინელ კაცებს ეპყრათ, რომლებმაც ჯვარცმულის წინაშე მიიყვანეს და იმ შეცოდებისთვის სთხოვდნენ პასუხს. ის კი აქეთ-იქით იხედებოდა, რომ შემწე ეპოვა და ვერავის პოულობდა. და აი, მოგვიანებით ნახა, რომ დიდებული მღვდელმთავარი კირილე, რომელიც მანამდეც იხილა, და ნეტარი მამა შიო, იმავე ჯვრიანი კვერთხით ხელში, იქ დიდი პატივითა და დიდი ბრწყინვალებით შემოსილნი შეიყვანეს. დადგნენ ისინი ჯვარცმული ქრისტეს წინაშე და ევედრებოდნენ სარმიანესთვის. წმიდა მამებმა ჯვარცმულისგან ასეთი ბრძანება მიიღეს: "ხომ ხედავთ, როგორ ვიტანჯები ამ ჯვარისაგან, და ჩემი მტრები, ვისგანაც ყოველდღე ეს ტანჯვა შემემთხვევა, ჩემი ხორცის საჭმელად შეიყვანა და ჩემი სისხლი მისცა სასმელად. არ არის სარმიანე შენდობის ღირსი, მაგრამ თქვენი სიყვარულისა და ვედრების გამო ვაძლევ შენდობას, უთხარით, რომ ამიერიდან გაფრთხილდეს". მოიტანეს წმიდა მამებმა იგივე მოსასხამი და შემოსეს სარმიანე. გამოიღვიძა კათალიკოსმა ამ ჩვენებისაგან და აღევსო გული სიხარულით, მაგრამ ეჭვობდა, იქნებ ეს ხილვა ჭეშმარიტი არ არისო. როდესაც გათენდა, მოვიდა მასთან ეპისკოპოსი ფილიპე, რომელიც ეპისკოპოსთა კრებას გამოეგზავნა, და მოიტანა ეპისტოლე, რომელშიც ეწერა: "დიდ მამამთავარს, ჩვენს მეუფე სარმიანეს, გიხაროდენ! შენი შვილები, შენს სიწმიდეს დამორჩილებულნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რომ აღარ დატანჯო შენი მოხუცებული გვამი, რადგან მოწყალება მოიღო ღმერთმა დიდებულმა წმიდა მამა შიოს მეოხებით, რომელიც გამოგვიჩნდა მის უღირს მონებს, რიცხვით ხუთს, და თითოეულს გვიბრძანა: "მიუტევა ღმერთმა კათალიკოს სარმიანეს ბრალნი მისნი და ეჭვის გარეშე მიიყვანეთ თქვენი მწყემსი". აწ გვიბრძანოს შენმა სიწმინდემ, რომ ყველანი მანდ მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირველმოქმედ მამა შიოს".

ეს წერილი რომ წაიკითხა, გამხნევდა სარმიანე და ყველა ეპისკოპოსის მასთან შეკრება ბრძანა, ეკლესიის კრებულთან ერთად, და მრავალი მადლობა შესწირა ღმერთსა და მამა შიოს. ამ საქმის სამადლობელად განაჩინა, რომ კათოლიკე ეკლესიის შემონაწირით ერთი კანდელი და ერთი სანთელი დაუშრეტელად ენთოს წმიდა შიოს საფლავზე.

დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

"თხრობა სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსთა", მიქაელ საბინინი "საქართველოს სამოთხე", პეტერბურგი, 1882, გვ. 262-264.

წმიდა ათანასე დიდის ეპისტოლე

მონაზვნურ ცხოვრებაში მოღვაწეებს და ღვთის რწმენაში განმტკიცებულებს, საყვარელ და სასურველ ძმებს ათანასე გისურვებთ უფლის მიერ სიხარულს.

ვმადლობ უფალს, რომელმაც თქვენ სარწმუნოება მოგანიჭათ, რათა წმინდანებთან ერთად საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროთ. ვინაიდან ზოგიერთი არიანულად მოაზროვნე დადის მონასტრებში, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი სახელით აცთუნოს უზაკველნი (ხოლო ზოგნი კი მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ, არიოზის თანამოაზრენი არ ვართო, მათთან ერთად დადიან და ლოცულობენ), სხვა გზა არ მქონდა და რამდენიმე გულწრფელი ძმის მიერ დარწმუნებულმა, საკუთარ თავზე ავიღე ღვაწლი მომეწერა თქვენთვის, რათა თქვენ, ვინც შეუცვლელად და უზაკველად ინახავთ კეთილმსახურ სარწმუნოებას, რომელიც თქვენში ღვთის მადლითაა დამტკიცებული, არ მისცეთ ძმებს საცთურის მიზეზი; რადგანაც, როდესაც უცხონი დაინახავენ, რომ თქვენ, ქრისტეს მიერ სარწმუნონი, არიოზელებთან იკრიბებით და ურთიერთობაში იმყოფებით, უეჭველად დაუშვებენ, რომ ამაში მნიშვნელოვანი არაფერია და ჩავარდებიან ბოროტმსახურების წუმპეში. ამიტომაც, ეს რომ არ მოხდეს, კეთილი ინებეთ, საყვარელნო, და განეშორეთ მათ, ვინც აშკარად უსჯულოდ აზროვნებს და უფრთხილდით მათ, ვინც თავს არიოზის თანამოაზრედ არ თვლის, მაგრამ ურთიერთობა კი აქვს უსჯულოებთან. ყველაზე მეტად მათთან ურთიერთობას უნდა გავექცეთ, ვის თანამოაზრეობაზეც უარს ვამბობთ; ხოლო თუ ვინმე გარეგნულად თავს მართლმორწმუნედ აჩვენებს და არიოზელებთან ურთიერთობაში მყოფი აღმოჩნდება, მაშინ მას შეაგონეთ, რომ მიატოვოს ასეთი ჩვეულება და თუ დადებს პირობას, მიიღეთ როგორც ძმა, ხოლო თუ ჯიუტად გააგრძელებს თავისას, მაშინ განაგდეთ იგი. ასეთი მოქცევით თქვენ დაიცავთ წმიდა სარწმუნოებას, ხოლო ისინი, თქვენი შემხედვარე, სარგებელს მიიღებენ, რადგან შეეშინდებათ, რომ უსჯულოებად და არიოზის მიმდევრებად არ იქნენ შერაცხილნი.

წმიდა იოანე დამასკელი

ხოლო მოღებაჲ ითქუმის წმიდათა საიდუმლოთაჲ და ზიარებაჲ. მოღებაჲ უკუე – ამისთჳს, რამეთუ მათ მიერ მოვიღებთ ჩუენ იესუს ღმრთეებისა თანაზიარ-ყოფასა, ხოლო ზიარება – ამისთჳს, რამეთუ არსცა ჭეშმარიტად თანაზიარ-მყოფელ ჩუენდა ქრისტესსა თავისა მიერ თჳსისა და გუყოფს თანახატ არა ხოლო ხორცთა, არამედ ღმრთეებისაცა მისისა. და მისითა მით ზიარ-ყოფითა ზიარ თავთა თჳსთა და ურთიერთას მყოფს ჩუენ, ვინაჲთგან ერთისაგან პურისა ჩუენ ყოველნი მოვიღებთ და ერთხორც ქრისტესსა და ერთსისხლ და ურთიერთას ასოებ ვიქმნებით.

აწ უკუე ყოვლითა დაცვითა დავიცვნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა არა მოვიღოთ ნაწილი მწვალებელთაჲ, არცაღა მივსცეთ მწვალებელთა ნაწილი საიდუმლოჲსაგან ჩუენისა. რამეთუ "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, – უფალი იტყჳს, – ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა". ამისთჳსცა გურწმენინ და ნუცა მივსცემთ, ნუცა მოვიღებთ მათგან ზიარებასა, რაჲთა არა ზიარ ბოროტადმადიდებლობისა მათისა ვიქმნნეთ. რამეთუ ზიარებაჲ წმიდათა საიდუმლოთაჲ უკუეთუ ნამდჳლვე შეერთებაჲ არს ქრისტეს მიმართ და ურთიერთას, უეჭუელად ცხად არს, ვითარმედ ყოველთავე ჩუენ თანა მიმღებელთა თანა შემაერთებს გონებითითა აღრჩევითა, რამეთუ გონებით და აღრჩევით იქმნების შეერთებაჲ ესე და არა თჳნიერ ცნობისა ჩუენისა. და ესრეთ "ყოველნი ერთგუამ ვართ" და "ერთისაგან პურისა მივიღებთ" (2. კორ. 10, 17), – ვითარცა იტყჳს მოციქული.

წმ. იოანე დამასკელი "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა",გვ. 252-253, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბ. 2000.

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

... კეთილთა საქმეთა სრულებასა (სრულყოფილებას) არა ეძიებს ყოველთაგან ღმერთი, არამედ ნაკლულევანებასა სათნოებათასა შეგვინდობს წყალობით, უკუეთუ ოდენ სრულიად არა ცარიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთაგან, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: "სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან" (იოანე 14.2); და მოციქული იტყვის: "ვითარცა ვარსკვლავი ვარსკვლავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეთ იყოს აღდგომაჲ მკუდართაჲ" (1 კორ. 15, 41-42); ესე სიტყუანი თითო-სახეთა მოქალაქობათათვის თქმულ არიან, რამეთუ რომელნიმე უმეტეს მოღუაწე არიან და რომელნიმე უდარეს, ხოლო სარწმუნოებისა ესე წესი არა არს, არამედ ყოველსა ქუეყანასა მართლაღსარებაჲ სრული თანააც, რაჲთა ყოველივე ნაკლულევანებაჲ არა იყოს; უკუეთუ კნინოდენი (მცირედი) შეემთხვიოს ნაკლულევანებაჲ და განდრეკილებაჲ სარწმუნოებისაჲ, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თვისი. ესე ჩემგან შეუძლებელ არს. რაჲცა გნებავს ქმენით ჩემ ზედა; მე შემწყნარებელთა წვალებისათა არა ვეზიარები.

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებიდან, "ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები", კიმენი, ტ. 1, გვ. 78, 80, 85, 87.

წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი

"ნუ სცთებით, ძმანო, რამეთუ უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდროს. და უკუეთუ ვინმე ტყუვილისა მეტყუელსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს. რამეთუ არცა მწვალებელთა ჯერ არს შეერთებაჲ და არცა მართლმადიდებელთაგან განშორებაჲ.

უკუეთუ ვინმე მწვალებელითა გონებითა ვიდოდის, ეგევითარი-იგი არა არს ქრისტესი, არცა ზიარი ვნებათა მისთაჲ, არამედ მელი განმრყუნელი ქრისტეს ვენახისაჲ (ქებ. 2.15). ესევითარსა მას ნუ თანააღერევით, რაჲთა არა წარწყმდეთ მის თანა; გინა თუ მამა იყოს, გინა თუ ძე, გინა თუ ძმა, გინა თუ მეგობარი (1 კორ. 5.11). რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: "არა ჰრიდოს მას თუალმან შენმან" (2 სჯ. 13.6,8).

საქ. ეკლესიის კალენდარი 1988წ. ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი, გვ. 572, თბ. 1988.

წმიდა თეოდორე სტუდიელი

დღეს სხვაგვარი, მწვალებლური ბრძოლა მოედო მთელ ქვეყანას; თუ გნებავთ გონების თვალით გადახედეთ და დაინახავთ, რომ მთელი ცისქვეშეთი ამ ბრძოლაში დაჭრილებითაა ავსებული; რადგანაც არა მარტო მწვალებლებს, მრუშებს, მეძავებს და მსგავსი უწესობის მოქმედთ მიითვალავს გველი თავის სამფლოებელოში, არამედ იმათაც, ვინც განურჩევლად შედის მათთან ურთიერთობაში, რამეთუ უტყუარია სიტყვა: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს, და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას" (ზირ. 13.1; ).

წმიდა ირინეოს ლიონელი

არიან ადამიანები, რომელთაც პოლიკარპე სმირნელისაგან მოუსმენიათ: ერთხელ იოანე, უფლის მოწაფე, აბანოში შევიდა ეფესოში. როდესაც იქ კერინთოსი[2] დაინახა, დაუბანელი გამოიქცა და თქვა: გავიქცეთ, ვაითუ დაიქცეს აბანო, რადგან იქ ჭეშმარიტების მტერი, კერინთოსი იმყოფება. თვითონ პოლიკარპემ მარკიონთან შეხვედრისას კითხვაზე: "მიცნობ მე?" უპასუხა: "გიცნობ, როგორც სატანის პირმშოს". ასეთ სიფრთხილეს იჩენდნენ მოციქულები და მათი მოწაფეები, რათა სიტყვითაც არ ჰქონოდათ ურთიერთობა ჭეშმარიტების მტრებთან, როგორც პავლემაც ბრძანა: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დასჯილ (ტიტე. 3; 10,11).

წმიდა ეფრემ ასური

იცოდეთ, რომ თუ კაცი იმ ადგილას შეიპყრეს, სადაც მეფეს აგინებდნენ, მიჰყავთ სასამართლოში დაკითხვაზე, და მართალია იგი უდანაშაულოა, რამეთუ თვითონ არ უგინებია მეფე, მაგრამ მაინც ისჯება, რაკი მის დასაცავად თავი არ გამოუდვია. ამიტომ, ნუ გექნებათ ურთიერთობა ცრუმოძღვრებთან და ნურც ურწმუნოთა საკრებულოებში შეხვალთ.

წმიდა ეფრემ ასურის ანდერძიდან.

წმიდა იოანე ოქროპირი

როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ გაარჩიე შენიანი უცხოსაგან. თუკი შენი ძმა, ღვიძლი დედითა და მამით, არ არის შენთან ერთობაში ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს უპყრიათ მართალი დოგმატები და სწამთ იგივე, რაც შენ გწამს, მაშინ ისინი უფრო ახლოს უნდა იყვნენ შენთან, ვიდრე ღვიძლი ძმა; ბარბაროსსა და არაბარბაროსს ჩვენ განვარჩევთ არა ენითა და წარმომავლობით, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც იმარხავს მართალ სწავლებას სარწმუნოებაზე და ეწევა კეთილმსახურ ცხოვრებას (143-ე ფსალმუნის განმარტებიდან).

წმ. მარკოზ ეფესელ

სიტყვა, რომელიც წარმოთქვა ჩვენმა წმიდა მამა მარკოზმა,

ეფესოს მთავარეპისკოპოსმა, მრავალი მღვდელმთავრის,

მღვდელმონაზვნის და მონაზვნის წინაშე იმ დღეს,

როდესაც წარსდგა ღვთის წინაშე. მათ, ვინც დაიმახსოვრა,

ჩაიწერეს ეს სიტყვა, უპატიოსნესი წმიდად სახსენებელი მამის

ბრძანებით
.

მსურს ჩემი განბჭობა უფრო დაწვრილებით გამოვხატო; განსაკუთრებით ახლა, ჩემი აღსასრულის მოახლოებისას, რათა თანხმობაში ვიყო საკუთარ თავთან დასაწყისიდან დასასრულამდე, და კიდევ იმისთვის, რომ არავინ იფიქროს, თითქოს ვამბობდი ერთს და გონებაში სხვა რაიმეს ვმალავდი, რისთვისაც სამართლიანად დავიმსახურებდი შერცხვენას ამ ჩემი აღსასრულის ჟამს.

პატრიარქის[3] შესახებ ვიტყვი: ნუ განიზრახავს ჩემთვის რაიმე პატივის მიგებას, ამ ჩემი მდაბალი სხეულის დაკრძალვისას, ნურც ჩემს საფლავზე გამოგზავნის ვინმე თავის მღვდელმთავართაგანს, ან მღვდელთაგანს, ან ვინმეს, მასთან ერთობაში მყოფს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ლოცვაში და შეუერთდნენ მსახურებისთვის მოწვეულ ჩვენს სამღვდელოებას; არ იფიქროს პატრიარქმა, რომ როდესმე, თუნდაც ფარულად შევსულვარ მასთან ერთობაში.

და რათა ჩემმა დუმილმა რაიმე თანხმობის ეჭვი არ აღუძრას მათ, ვინც კარგად და სრულად არ იცნობს ჩემს შეხედულებებს, – ვამბობ და ვმოწმობ აქ მყოფი მრავალი ღირსეული კაცის წინაშე: სრულიად არანაირად არ მსურს და არ ვღებულობ მასთან და მასთან მყოფებთან ზიარებას, არც ამ ცხოვრებაში, არც სიკვდილის შემდეგ; ასევე არ ვიწყნარებ ქმნილ უნიას, არც ლათინთა დოგმატებს, რომლებიც შეიწყნარეს პატრიარქმა და მისმა თანამოაზრეებმა და რომელთა დამტკიცებისთვისაც დაიკავა (პატრიარქმა) ეს მაღალი დასაჯდომელი (პატრიარქის საყდარი) – ეკლესიის მართალი დოგმატების დასამხობად.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რამდენადაც შორს ვიქნები მასთან და მისნაირებთან, იმდენად ახლოს ვიქნები ღმერთთან და ყველა წმინდანთან; და რამდენადაც გამოვეყოფი მათ, იმდენად შევუერთდები ჭეშმარიტებას და წმიდა მამებს, ეკლესიის ღვთისმეტყველებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ერთობაში მყოფნი განდგომილნი არიან ჭეშმარიტებისგან და ეკლესიის ნეტარი მოძღვრებისგან. ამიტომაც ვამბობ: როგორც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიყავი განყოფილი მათგან, ასევე ვარ ახლაც, ჩემი აღსასრულისას და ასე ვიქნები სიკვდილის შემდეგაც; და ფიცით ვამცნებ: ნურცერთი მათგანი ნუ მოეახლება ჩემს დაკრძალვას, ნურც ჩემს საფლავს. ასევე დაუშვებელია მათი თანამსახურება რომელიმე ჩვენთაგანთან ერთად, რამეთუ ეს ნიშნავს შეურევნელის შერევას. ისინი სრულიად განშორებული უნდა იყვნენ ჩვენგან მანამდე, სანამ ღმერთი ჩვენს ეკლესიას განმართვასა და მშვიდობას არ მოანიჭებს.

დაე, ნურასოდეს ჩავვარდები ლათინებთან ერთობაში, ოჰ, სახიერო ნუგეშისმცემელო! დაე, ამ ზომამდე ნუ განვუდგები საკუთარ თავსა და ჯანსაღ გონებას; არამედ შენი და შენს მიერ განბრძნობილ კაცთა სწავლების მპყრობელი, დაე, ჩემს მამებს შევუერთდე, რათა ამ ქვეყნიდან, სხვა თუ არაფერი, მართლმადიდებლობა მაინც წავიმძღვანო.

ჩვენ ლათინები განვიშორეთ არა სხვა რაიმე მიზეზით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მწვალებლები არიან. ამიტომაც სრულიად არასწორია მათთან გაერთიანება.

წმიდა სქიარქიმანდრიტი პაისი

ნუ დაიანანებ ნურც ქონებას და ნურც ნათესავებს, თუკი არ დაგიჯერებენ, არამედ ყოველნაირად შეეცადე, რომ საკუთარი სული იხსნა წარწყმედისაგან, რამეთუ შენთვის სულზე ძვირფასი არაფერია, შენი სულისთვის მოკვდა ქრისტე. გაქცევისას მამულზე დარდმა არ დაგაბრკოლოს – ამქვეყნიური სიმდიდრე მალე წარხდება; შენთვის უკეთესია სიგლახაკეში ყოფნა, ვიდრე სულიწმიდის გმობა, როგორც ჰგმობენ რომაელები. წადი, გაექეცი უნიას, რაც შეიძლება სწრაფად, რომ სიკვდილმა არ მოგისწროს და ქრისტიანთა ნაცვლად მწვალებლებთან არ იქნე მითვალული. წადი და სხვებსაც ურჩიე წასვლა, იმათ, ვისზედაც სინდისი გკარნახობს, რომ შეისმენენ შენსას. ხოლო თუ არ შეისმენენ, შენ მაინც დააღწიე თავი მტრის ქსელს, სულითა და გულით შეუერთდი წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას და ამგვარად, სხვებთან ერთად უმწიკვლო სარწმუნოების დამარხვითა და ქრისტეს მცნებების აღსრულებით შეძლებ ცხონებას.

წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი

რუსები მიხვდნენ, რომ იტალიური ნახატები წმიდა ხატები არ არის. ამის მიუხედავად იტალიურმა ფერწერამ თითქმის ყველა რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში შეაღწია, მას შემდეგ, რაც რუსეთი დასავლეთ-ევროპულ ყაიდაზე გადასხვაფერდა... ჩვენს სამხატვრო აკადემიაში განსწავლულებმა დასავლური ყაიდის განათლება მიიღეს და ტაძრები ისეთი ხატებით აავსეს, რომლებიც სრულიადაც არ არიან ღირსნი ხატებად იწოდებოდნენ. ეს ხატები, რომლებსაც უბიწო ადამიანი თვალს არიდებს, ტაძარში რომ არ იდგნენ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მათ ხატების ღირსება მიეწერება. ყველაფრის მნახველი და დიდი გამოცდილების მქონე ერისკაცი ვერ წარმოიდგენს იმ ზემოქმედებას, რომელსაც ასეთი გამოსახულებები ახდენს ქალწულებრივ ბუნებაზე. ერთი ბერი უდაბნოში ამაღლებულ მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა. მას რაღაც გარემოებათა გამო პეტერბურგში მოუწია ჩასვლა. იქ იგი ერთ საღამოს მოხუცმა მორწმუნე ქალბატონმა მიიწვია სულიერი საუბრისთვის. ამ დროს ამ ქალბატონის ქალიშვილები ზეიმზე წასასვლელად ემზადებოდნენ. როდესაც ჩაიცვეს, უფრო სწორად კი – გაშიშვლდნენ, თანამედროვე მოდის მოთხოვნის შესაბამისად, დედასთან მივიდნენ, რათა ხელზე მთხვეოდნენ და შემდეგ კარეტაში ჩამსხდარიყვნენ. მათ შემხედვარე ბერს (რომელსაც არასოდეს ენახა დასავლური ჩვეულების მიხედვით ურცხვად გაშიშვლებული ქალიშვილები) თავზარი დაეცა. ის ირწმუნებოდა, რომ მის მიერ ნანახი საცდურის შემდეგ შესაცდენად თვით ეშმაკის გამოჩენაც აღარ იყო საჭირო. რა შთაბეჭდილებას მოახდენს ამგვარ ქალწულებრივ თვალზე იტალიური ფერწერით დახატული გამოსახულება, რომელიც აღძრავს არა ლოცვის, არამედ ყველაზე უწმინდურ აზრებს.

ყველა მოძრაობა, ყველა პოზა, ყველა ფიზიონომია იტალიურ ნახატებზე, და საერთოდ დასავლელი მწვალებლების მიერ დახატულ წმიდა საგნების გამომსახველ ნახატებზე, გრძნობისმიერი და ვნებიანია, საძაგელია, თეატრალურია: არაფერია მათში წმიდა, სულიერი. აშკარაა, რომ ფერმწერები სრულიად ხორციელი ადამიანები იყვნენ, მცირედი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სულიერ მდგომარეობაზე, არავითარი სიახლოვე მასთან, ამიტომაც ვერაფრით შეძლებდნენ თავიანთი ფუნჯით სულიერი ადამიანი გამოესახათ.

წმ. ამბროსი ოპტინელი

სადაც კი სასულიერო პირი განცხადებულად დაიწყებს ქადაგებას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე ცხონება შეუძლებელია, წარჩინებული უცხო სჯულის მიმდევრები წუხდებიან. ამ მდგომარეობის გამო რუსეთის მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ რაღაც ჩვევა და განმტკიცებული თვისება შეიძინა, ამ საკითხზე შეფარვით ილაპარაკოს. შესაძლოა ზოგიერთებმა ამ მიზეზით და უცხო სჯულის მიმდევრებთან მუდმივი ურთიერთობით, უფრო მეტად კი მათი თხზულებების კითხვით, სხვა აღმსარებლობებში ცხონების შესაძლებლობაზეც კი დაიწყეს ფიქრი.

წმ. თეოფანე დაყუდებული

ამბობენ: ლუთერმა ახალი სარწმუნოება მოიგონაო, თითქოსდა სახარებიდან, მაგრამ საკუთარი ჭკუით. ჩვენ რატომ აღარ უნდა შევქმნათ სწავლება ჩვენი ჭკუით, სახარების გარეშე? – და დაიწყეს გამოგონება და მარჩიელობა: ღმერთზეც და ადამიანზეც – ყველამ თავისებურად; და იმდენი სწავლება გამოიგონეს, მარტო მათი ჩამოთვლით აგემღვრევა გონება. და ახლა მათთან ასეა: ირწმუნე – როგორც მოგაფიქრდება, იცხოვრე – როგორც გსურს, ისიამოვნე – რითაც სული მოისურვებს. არანაირ კანონს და შეზღუდვას არ სცნობენ, ღვთის სიტყვას არ ემორჩილებიან. სიფართოვეა მათთან, ყველა ზღუდე მორღვეულია. მაგრამ, როგორც უფალი ამბობს, ამ ფართო გზას წარსაწყმედელისკენ მიჰყავს. აი სადამდე მიიყვანა სწავლებიდან გადახვევამ.

რწმენა ლათინებრ, ანუ რწმენა იმისა, რომ სული წმიდა ძისაგან გამოვალს, არის ეკლესიისგან განდგომა, მწვალებლობა... კათოლიციზმის სული მიწიერია, მათი ეკლესია არის პოლიტიკური კორპორაცია, რომელიც კაცობრივ ძალებსა და საშუალებებს ეყრდნობა...

წმ. იოანე კრონშტადტელი

კათოლიკეები, ლუთერანები და რეფორმატორები მოსწყდნენ ქრისტეს ეკლესიას... ისინი აშკარად ქრისტესა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ მიემართებიან.

წმ. ნექტარიოს ეგინელი

რომის, ანუ, უფრო სწორად, პაპისტური ეკლესია, ქადაგებს არა წმიდა მოციქულების, არამედ პაპების დოგმატებს.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს... მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებლებს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად; აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებლებს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ჩემი სამწყსო ჩემს ხმას ისმენს, იმას, რაც მოსმენილი მაქვს საღმრთო სიტყვათაგან, რაც მისწავლია წმინდა მამათაგან, ამასვე ვასწავლიდი დიდი ხნის განმავლობაში, არაფერს არ ვცვლიდი, და არც აწ შევწყვეტ სწავლებას, რადგან მასთან (ამ სწავლებასთან) ერთად დავიბადე და მასთანვე თანავარსებობ.

სიტყვა XXXII, არიანელთა მიმართ
კატეგორია: ეკუმენიზმი | ნანახია: 1492 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: