მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » პროსტიტუციის ლეგალიზაციისა და გარყვნილების შესახებ - დეკანოზი დავით ისაკაძე
3:11 AM
პროსტიტუციის ლეგალიზაციისა და გარყვნილების შესახებ - დეკანოზი დავით ისაკაძე


- აღვირახსნილი მრუშობა, სიძვა რყვნის ერსა და საზოგადოებას. გარკვეული ძალები ამით სარგებლობენ, რადგან გარყვნილი და ცოდვაში მდგარი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია, ვიდრე რწმენაში მყოფი და ეკლესიურად მცხოვრები ადამიანებისა. საუბარი უკვე ღიად მიდის პროსტიტუციისა და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე და რამდენადაც ვიცი, ამის შესახებ კანონპროექტიც არსებობს, რომელიც ახლო მომავალში პარლამენტმა უნდა განიხილოს. სახარება კი ღაღადებს, ,,ვაი მას, ვისგანაც მოდის საცდური”! ეს საცდური იმ კრებულისგან მოდის, რომელსაც ამ უზნეობის დაკანონება შეუძლია და, სამწუხაროდ მათ, ხელისუფლება ეწოდებათ. ეს ადამიანები საკუთარ სულზე არ ფიქრობენ და არც ის ედარდებათ, რომ მათი დაკანონებული უზნეობა მათივე ოჯახებსა და შთამომავლებსაც შეეხება! მე მათ პირში ვეტყოდი, რომ ასეთ ადამიანებს ჩემს ხელისუფლებად ვერ აღვიქვამ! - გვითხრა სოფელ დიღმის, წმ. დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ. საუბარი 100 000 მოწამის ხსენების დღეს შედგა.



- მამაო დავით, რატომ ხდება, რომ ამ წამებულთა რაოდენობაშიც სწორედ ახლა, სულიერი კრიზისის დროს შეიტანა ეჭვი ერთმა ცნობილმა მწერალმა.



- ჯალალედინის მიერ 100 000 მოწამის მკვლელობა ისტორიული ფაქტია და ,,ქართლის ცხოვრებაშია შესული. სამწუხაროა, რომ ნაკითხი, წიგნიერი ადამიანი აყენებს ამ ფაქტს ეჭვის ქვეშ. მსოფლიო ისტორიაში ეს ცნობილი და უნიკალური მოვლენაა, რომ საქართველოში ერთ დღეს ამდენმა მოწამემ შესწირა სიცოცხლე სარწმუნოებას და ქრისტესთვის ეწამა. სამწუხაროა, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა დათესა ეჭვი და ამით შეუწყო ხელი მტრულ ძალებს. ეს მის ათიეისტურ-მატერიალისტურ აზროვნებაზე მეტყველებს. 100 000 წმინდანი კი ზეციური საქართველოდან ლოცულობს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყანა დღემდე ამ წმინდანთა ლოცვის მადლით არსებობს.



- მამაო, რატომ დააყენეს დღის წესრიგში პროსტიტუციის დაკანონება?



- მსმენია იმ უზნეო მოომხრეების არგუმენტი, თითქოს პროსტიტუციის დაკანონება ვენერიული დაავადებების გავრცელებას შეზღუდავს... შიდსის პრევენციასაც ამგვარად ასწავლიან მოზარდებს - ნარკოტიკის გაკეთების დროს, ნახმარი შპრიცი არ გამოიყენო, ახალი შპრიცით გაიკეთეო, ასეთი პრევენციით ადამიანებს ნარკოტიკის გაკეთებას ასწავლიან და უბიძგებენ! მრუშობა ავადმყოფობაა, რასაც სულის მკურნალობა სჭირდება და არა კანონის დონეზე წახალისება. წახალისება კი, მართლაც სჭირდება ოჯახური თანაცხოვრებისა და ერთგულების ტრადიციას, რისთვისაც ჩვენი კანონმდებლები არაფერს აკეთებენ!



- როგორია გაუკუღმართებული სექსუალური კავშირების მიმართ ეკლესიის პოზიცია?



- არსებობს ასეთი ორგანიზაცია ,,21-ე საუკუნე - ექსკლუზივი”, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, ჰომოსექსუალისტთა კავშირსაც აერთიანებს. ისინი ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზებას ითხოვენ! ჰომოსექსუალიზმიც ავადმყოფობაა. ჩვენთან ეკლესიაში ასეთი ადამიანებიც მოდიან ხსნის ძიებაში. ჩვენ მათ ვიღებთ და გარკვეული ხნით ეპიტიმიასაც ვაკისრებთ, რომ ცოდვის დატევება შეძლონ. თუ მამათმავლობა დაკანონდება და სხვადასხვა საშუალებებით: ლიტერატურით, პრესით, კინოთი და ა.შ. რეკლამაც გაეწევა, ეკლესიამდე მოსვლას და სულის მკურნალობას ნაკლებად ისურვებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოება ამ უმსგავსობის დაკანონებას, არასოდეს შეეგუება. ჰომოსექსუალიზმით შეპყრობილნი პირველ რიგში მკურნალობას საჭიროებენ, როგორც ხორციელად, ისე სულიერად და არა რეკლამირებას, რასაც სახელმწიფო, სთავაზობს მათ. აქვე მინდა გითხრათ იმ ოპერაციების შესახებ, რომლითაც მამაკაცის - ქალად და ქალის მამაკაცად გადაკეთება ხდება, ეს ტრაგედიაა! ყველა ის ექიმი, რომელიც ამაში მონაწილეობს, დიდ ცოდვაში დგამს ფეხს, რადგან ღვთის განგებას ეწინააღმდეგება. გულისტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ მოხშირდა ინცესტის, ანუ ახლონათესაური კავშირის (სისხლის აღრევის) შემთხვევები. ეს არის დიდი ტრაგედია, რომლის მიმართ ეკლესიას მკაფიო დამოკიდებულება აქვს. ის კატეგორია, ვინც სოდომ-გომორულ ცოდვას ამართლებს, ამ ცოდვასაც გაამართლებს და შეიძლება ზოოფილიაც (ცხოველების მიმართ სექსუალური ლტოლვა) გაამართლოს! აქვე ვიტყვი, რომ ადამიანების ნაწილმა გადალახა მკაცრი სასჯელის შიში და ნათელ-მირონს ბღალავენ, როცა არც თუ იშვიათად, მირონით ნათესავთან ქმნიან ოჯახს ან ურთიერთობას ამყარებენ. სამწუხაროდ დემოკრატიის არასწორი და დამახინჯებული გაგება ადამიანებს ცოდვებისკენ უბიძგებს! თავისუფლება - ყველაფრის ჩადენის უფლება კი არ არის, ნამდვილი თავისუფლება ცოდვისგან გამიჯვნას და გათავისუფლებას გულისხმობს!



- სააკაშვილი ბოჰემური ცხოვრების მიდრეკილებაშია შემჩნეული. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საზოგადოებაზე?



- სარწმუნოებრივი, პატრიოტული თუ ზნეობრივი თვალსაზრისით ხელისუფალი თავისი ქვეშევრდომისთვის კეთილი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ოჯახის სიწმინდე უმნიშვნელოვანესია და ამ მხრივ ხელისუფლების პოზიციას დიდი ფუნქცია აქვს. როცა ხალხი ასეთ ხელისუფალს მიყვება, ქვეყანა ბედნიერია და მოწესრიგებული. საქართველო მაშინ ყვაოდა, როცა მოწესრიგებული ხელისუფალი ყავდა სათავეში. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, თავისი ცხოვრების წესით საწინააღმდეგო მაგალითს იძლევა, თანაც ამას კი არ მალავს, პირიქით ხალხის წინაშე მოურიდებლად გამოჰფენს. ასეთი რეკლამა, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ხალხში და აღარც არის გასაკვირიმ რომ კანონის დონეზე ინერგება გარყვნილება.



ძალიან დიდი პრობლემაა ქორწინებამდელი სექსუალური უთიერთობები და სამწუხაროდ, ჭაბუკებთან ერთად ამ ცოდვაში ყმაწვილმა გოგონებმაც შეაბიჯეს. ჩვენთან ეკლესიაში არაერთი ყმაწვილი გოგონა მოდის, შეცდომით თუ ცნობიერად ქალწულება დათმო და მერე ამას ძალიან განიცდის. გოგონების სხვა, არც თუ მცირე ნაწილს კი, არც ადარდებს ეს მძიმე შედეგი, იმდენად აქვს ცნობიერებაში გამჯდარი უზნეო პროპაგანდა, რომ ოჯახის შექმნამდე არაერთი სექსუალური პარტნიორი იყოლიოს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ცნობილი პიროვნებები ასეთი ურთიერთობებისკენ ყმაწვილებს საჯაროდ, პრესის, ტელევიზიით მოუწოდებენ, თუნდაც პრეზიდენტის მიერ ბანაკში მყოფი ბავშვების ბუჩქებისკენ დაკვალიანება ავიღოთ! თუ სასწრაფოდ ამ ტენდენციას საზოგადოება არ დაუპირისპირდა, შედეგები დამღუპველი იქნება!



კიდევ ერთ თემას შევეხები. საქართველოში მომრავლებული კაზინოები, ტოტალიზატორები, სლოტ-კლუბებეი და აზარტული თამაშების სხვა კერები ერს ანადგურებს და ახალგაზრდობას რყვნის. არაერთ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია ასეთი გართობა. მგალითად, ისრაელში. ჩვენთან ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ასეთ კლუბებს და მათ გვერდით ლომბარდებსაც შენიშნავთ. წააგე? დაალომბარდე ნივთი! ასე ხდება აზარტული თამაშების წახალისება, რაც ადამიანს ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს. რამდენჯერმე დარიგებით, მოფერებით, თხოვნით გამომიყვანია სათამაშო დაწესებულებიდან ახალგაზრდები და ბოლო დროს დაცვა შიგნით აღარც მიშვებს. თუ ხელისუფლება ხალხზე ფიქრობს, სათამაშო სახლები უნდა აკრძალოს ან თუნდაც ქალაქგარეთ, მოშორებით გადაიტანოს, რომ ბავშვებს მაინც გაუძნელოს იქ მოხვედრა. თამაშზე დამოკიდებულება ნარკოტიკზე უარესია!



- პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა გაძლევთ იმედს, რომ უზნეობას გზა საკანონმდებლო დონეზე გადაეკეტება?



- ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ქველმოქმედება გააკეთა. დაე, ღმერთმა უფრო მეტი სარწმუნოებრივი და მამულიშვილური საქმე აღასრულებინოს! ,,ხე ნაყოფით შეიცნობა” და დაე, საქართველოს მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, ვის დაუჭიროს მხარი - ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუ ბიძინა ივანიშვილს. ეკლესიისთვის ორივე მხარე პოტენციური მრევლია და ეკლესიას ორივე მხარისთვის ლოცვა მართებს. ვისურვებდი, რომ ხალხის ნამდვილ ნებას გაემარჯვოს და ნამდვილი არჩევნებით ხალხის, სარწმუნოებისა და სახელმწიფოსთვის სასარგებლო ძალა მოეყვანოთ სათავეში!



ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი ,,ასავალ-დასავალი” № 47
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1089 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: