მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 6 » რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა
4:41 PM
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა


შეიკრიბა აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფის დავით აღმაშენებლის ბრძანებით, იმ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებ ქვემოთ არის მსჯელობა.

მთელი ხილული და უხილავი სოფლის და ყველა ცნობილი და გრძნობადი ბუნების არაარსისგან არსებად მომყვანმა ღმერთმა უხილავთა და ზესთა სოფლის ძალთა ბუნება უკვდავებითა და უხრწნელობით შეამკო, ხოლო ქვენა სოფლის ყველა მკვიდრი შექმნასა და ხრწნილებას შორის განაწესა.

ამის შემდეგ მოიგონა რაღაც ახალი და უცხო დაბადებული კაცი, რომელიც თავის თავში ატარებდა თვითონ დამბადებელს, მეტყველისა და უტყვის და ყოველივე შექმნილის ბუნების ზიარებას. მის მიერ, როგორც საერთო საკვრელის მიერ, ღმერთთან შესაერთებლად შეიკრიბება ყველა დაბადებული და ხუთივე სახე არსებათა დაყოფისა თანადროულად დაიშლება. იგი როგორც რაღაც მეორე სოფელი დაამკვიდრა ქვეყანაზე - მცირე დიდში ან დიდი მცირეში. ღმრთივმშვენიერი და დიდებული სამოთხე გააშენა ედემის აღმოსავლეთით. მაგრამ, როდესაც კაცმა თვითმფლობელობის საგნად მისთვის მიცემული სჯული საღმრთო ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ეშმაკის შურით და დედაკაცის ცდუნებით გზას ასცდა, განიდევნა ცხოვრების ხისა, სამოთხისა და ღმრთისაგან ბოროტებისათვის, და სიკვდილითა და ხრწნილებით დასჯილი მრავალი ვნებითა ძვირით მოცულ იქნა.

პირველად ძმის სისხლით ხელშეღებილმა კაენმა ღმრთის მეორე წყევის ღირსი გახადა ქვეყანა, შემდეგ გმირთა სიბოროტემ დამბადებელს შეანანებინა უცხო ცოცხალი კაცის ესოდენ საკვირველებით დაბადება და მიწის პირისაგან ყოველივეს აღმგველი წარღვნის შეჩერება. ამის შემდეგ გოდლის მაშენებელთა თავხედობამ ენათა შერევნით და ტომების დაშლით მეოთხედ დასაჯა კაცთა მოდგმა. ხოლო კერპთა თაყვანისცემის სიბეცემ და დამბადებლის ნაცვლად დაბადებულის მსახურებამ სრულიად განაშორა და უცხო-ყო კაცი შემოქმედი ღმერთისაგან. სოდომელთა სიბილწით ცხოვრების ღაღადისმა ღმერთი აიძულა, ხუთქალაქის მხარე ცეცხლით დაეწვა. შემდეგ ფარაონის გულფიცხელობასა და ეგვიპტელთა უსახურობას არნახული ძალადობისათვის უცხო სამაგიერო და მათ გვამებს უჩვეულოდ დამმარხველი საფლავი მიეზღო.

ამის შემდეგ - დიდი მოსე, სჯული, მღვდელობა, მსხვერპლნი, სხვადასხვა სალხინებელი, მსაჯულნი, მეფობა, წინასწარმეტყველება, მოსახდენის წინასწარ ცნობა, ღმრთის სახეცვლილი გამოცხადებები. მერმე ისევ კერპთმსახურება თვით მოსეს მიერ ეგვიპტიდან გამოყვანილი, სჯულდებული, ამდენი პატივის ღირსქმნილი და ღმრთის პირმშო ძედ აღიარებული ერისაგან. ამის შემდეგ ისევ ძალადობა, ისევ ტყვეობა მრავალჯერ მრავალი ნათესავისა და ბოლოს ბაბილონელთამიერი ტყვეობა, რომელთა მეფის ღმრთისსაწინააღმდეგო გამონაგონნი საქმით ამხილა სამმა ისრაიტელმა ჭაბუკმა, როცა რკინის ბორკილების გამდნობმა ღუმელმა შეუხებლად დაიცვა დაწვისაგან მათი ადვილად დასაწვავი თმები და სამოსელი. შემდეგ კიდევ ქალაქი და ტაძარი, ისევ სჯული და მღვდლობა, და რამდენი რამ იყო სჯულისეული და საკვირველი სჯულიერი მსახურებისეული, მაგრამ ვერც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილთაგანმა ვერ შეძლო ბუნების განკურნება. ტანჯვა და საშინელება, ქველმოქმედებითი სიტკბოება და მათთან ერთად ბუნებითი და დაწერილი სჯულიც უქმნი იყვნენ და უბოროტესი სატკივრისათვის უძლიერესი წამალი იყო აუცილებელი.

ამისთვის თვითგვამოვანი სიბრძნე და ძალა და მამა ღმერთის თანაარსი სიტყვა, რომელიც დასაბამს იყო, ღმერთთან იყო და მარად იყო, მოვიდა თავის ხატთან და უხრწნელი და ყოვლად უბიწო სისხლისაგან ჭეშმარიტებით და საკუთრად ღმრთისმშობლის, მარადის ქალწულის ხორცი შეიმოსა ხორცისათვის და გონიერ და სიტყვიერ სულს შეეზავა ჩვენი სულისათვის მსგავსის მსგავსით განსაწმედად, რადგან მიუღებელი უკურნებელიც არის და თავისი შექმნილის ნაცვლად თვითონ მიიღო ბრძოლა. ამგვარად ყველა ხორცთამიერი განგება ჯვარზე ვნებით, საფლავით და ღმრთივმშვენიერი აღდგომით სრულყო რა ქვეყანაზე, ზეცაში დიდებით აღმავალმა წარავლინა თავისი თორმეტი მოწაფე, რომლებსაც მოციქულები უწოდა, რომ ღმრთის ცოდნის ნათლით სოფლის ყველა მხარეს მოაშორონ უღმრთოების სიბნელე და წმინდა სამების სახელის მიმართ ნათლისცემით ასწავლონ თაყვანისცემა თანაარსი ერთღმრთეებისა და მაცხოვნებელი მცნებების დაცვით დაუბრუნონ კაცს თავდაპირველი ნეტარებითი დიდება.

მოციქულები, როგორც იმ სიმართლის მზის შარავანდედნი მოეფინენ ქვეყნის კიდით კიდეს და უღმრთო კერპთაყვანისმცემლობის გონებაარეულობის ყველა ნაყოფი სულიერი მახვილით მოჭრეს, სარწმუნოების ცეცხლით მოწვეს და შემწყნარებელი კაცების გული ჯვრის სახნისით აღბეჭდეს, მათში სარწმუნოების კეთილმსახურების თესლი დათესეს, ღმრთეებრივი მშვენიერებით ასწავლეს ერთი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება და თაყვანისცემა მრავალი და სიცრუით მოპოვებული ღმერთების ნაცვლად. საკერპო ტაძრებისა და სვეტების ნაცვლად მრავალი ეკლესია და საკურთხეველი აღუმართეს ღმერთს ქვეყნის ყველა მხარეში. ასწავლეს სოფლის სიძულვილი და ხორცის მტრობა იმათ, ვისაც სოფელი (ეს ქვეყანა) ღმერთად შეურაცხავს და ხორციელ გემოთა ძალადობის მონად გაუხდია თავი. ელინური გამონაგონი სიბრძნე, რომელიც ზოგის გულუბრყვილობით მათთვის ღმრთით ბოძებულ სიბრძნედ ითვლებოდა (რის გამოც პავლეს დასცინოდნენ ათენელები), სრული სიბრძნით ამხილეს და ცხად-ყვეს, რომ მათი ზღაპარმწერლობითი ხელოვნება ლაპარაკის ღირსიც არ არის. დიდი კლიმენტოსის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა ოთხმოცდახუთი საეკლესიო კანონი.

მოციქულთაგან ერთი - პირველწოდებული ანდრია, მოციქულთა თავის, პეტრეს ძმა ჩვენამდე მოვიდა, სახარების საცხოვნებელი ქადაგება მთელ საქართველოში იქადაგა, ერის ურიცხვი სიმრავლე ორმაგი ეშმაკეულობის საცთურისგან განაშორა და ასწავლა ერთი ღმერთის, ქრისტეს და მათი თანაარსის სულიწმიდის თაყვანისცემა. ქართლის უმრავლესმა ერმა დიდი დროის შემდეგ დაივიწყა მოციქულის ქადაგება და კერპთა საცთურს დაუბრუნდა.

მოციქულის ქადაგების ნაყოფად მთელი მსოფლიოს ყველა მხარეში აღმოცენდა ღვაწლის დამდები ქრისტეს სიკვდილს მიმსგავსებული მოწამეების სიმრავლე. გავიდა სამასი წელი კონსტანტინეს გამეფებამდე, კონსტანტინე გახდა პირველი ქრისტიანი მეფეთა შორის, თვითონ გახდა მოციქული, საცხოვნებელი ქადაგების მქადაგებელი და ქრისტიანთა ღმრთივმშვენიერი მოქალაქობისათვის თავისუფლების ნათლის მიმფენელი.

ამავე დროს უკვე მაღლით გადმოგვხედა ჩვენ აღმოსავალმა: ვინმე ტყვე დედაკაცმა, რომელსაც ნუნნა კაპპადუკიელს უწოდებენ ჩვენში არსებული საეკლესიო მოთხრობები, თავისი სარწმუნოების მიმართ ნიშებშემოსილი სასწაულების საკვირველთმოქმედებით მიიზიდა ქართველთა სრული მოდგმა.

ქართველთა მეფემ მირიანმა მეფეთა შორის დიდ კონსტანტინესთან გაგზავნა წარმომადგენელი, გამოითხოვა მისგან ანტიოქიის დიდი ეკლესიის საყდრისმპყრობელი ევსტათი და თავის ქალაქ მცხეთაში ჩამოიყვანა. მისი წმინდა ხელით ნათელ-იღო მან და მთელმა ქართველმა ერმა. თვითონ პატრიარქთა შორის სახელგანთქმულმა ევსტათიმ ხელით ჩაუყარა საფუძველი მცხეთაში აშენებულ ეკლესიას, რომელიც დიდი გულმოდგინებით დაამთავრეს რა, განწმინდა იგი და მასში ქართველთათვის ხელთდასხმულ ყო ეპისკოპოსი-კათალიკოსი. ამან, საუკუნოდ ხსენებულმა კონსტანტინე მეფემ შეკრიბა პირველი მსოფლიო წმინდა კრება ნიკეას, რომელსაც სამასთვრამეტი წმინდა მამა ესწრებოდა. მათ ოცი კანონი დაადგინეს. ამ კრებამდე იყო სხვა, ადგილობრივი კრებები: პირველი აკვირიის, რომელმაც 24 კანონი დაადგინა, მეორე ნეოკესარიას, 14 კანონი გამოიტანა. დიდი და მსოფლიო ნიკეის კრების შემდეგაც იყო ადგილობრივი კრებები, როგორიცაა: ღანგრის, რომლის კანონები ოცია რიცხვით, აგრეთვე ანტიოქიის, ოცდახუთი კანონის გამომცემელი, ამასთანავე ფრიგიის ლაოდიკიის კრების კანონები ოცდაერთია. ამათ შემდეგ შედგა მეორე წმინდა და მსოფლიო კრება კონსტანტინეპოლში, რომელსაც ასორმოცდაათი წმინდა მამა ესწრებოდა. მათ შვიდი კანონი მიიღეს. შემდეგ მესამე წმინდა და მსოფლიო კრება ეფესოს, თეოდოსი მეფის მიერ შეკრებილი, მიიღეს რვა კანონი. მეოთხე იყო ქალკედონის მსოფლიო კრება კეთილად მსახური მარკიანე მეფის დროს, რომელსაც ექვსასოცდაათი მამა ესწრებოდა. მიიღეს ოცდარვა კანონი. შემდეგ იყო კართაგენის ადგილობრივი კრება. მისი კანონები ას ოცდათვრამეტია. კონსტანტინეპოლის მეხუთე წმინდა და მსოფლიო კრებამ კანონთა განწესებისათვის მცირედ იზრუნა. ხოლო მეექვსე წმინდა და მსოფლიო კრებამ, რომელიც მეფის სასახლის გუმბათის ქვეშ შეიკრიბა კეთილად მსახური მეფის იუსტინიანეს დროს, შეავსო მეხუთე მსოფლიო კრების ნაკლი, დაადგინა ას ორი კანონი. ნიკეის მეორე (VII) მსოფლიო წმინდა კრებამ დაადგინა თვრმაეტი (ოცდაორი) კანონი. ამის შემდეგ იყო კიდევ ორი კრება იმავე სამეფო ქალაქში, წმინდა და ყოვლადქებული მოციქულების ტაძარში რომ შეიკრიბა, რომელმაც 17 კანონი განაჩინა; წმინდა და მსოფლიო მეშვიდე კრებამ,* რომელიც წმინდა ხატების გამო შეიკრიბა, მხოლოდ სამი კანონი მიიღო.

ამ წმინდა კრებების დადგენილ კანონებთან ერთად არიან და აღირიცებიან თითოეული წმინდა მამის მეირ განწესებული კანონებიც:

დიონისე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ოთხი კანონი.

პეტრე ალექსანდრიელი მღვდელმთავრისა და მოწამის თხუთმეტი კანონი.

გრიგოლ ნეოკესარიელი ეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედის კანონიკური ეპისტოლე.

ბასილი დიდის ოთხმოცდახუთი კანონი.

მისივე კანონიკური ეპისტოლე დიოდორე ტარსელის მიმართ.

მისივე კანონიკური ეპისტოლე გრიგოლი ხუცესის მიმართ.

მისივე კანონიკური ეპისტოლე ქორეპისკოპოსთა მიმართ.

მისივე კანონიკური ეპისტოლე მისი ხელქვეითი ეპისკოპოსების მიმართ.

მისივე ამფილოქე იკონიელის მიმართ სულიწმიდის შესახებ მიწერილი თავებიდან.

გრიგოლ ნოსელის რვა კანონი.

ტიმოთე ალექსანდრიელის თხუთმეტი კანონი.

ფილოთეოს (თეოფილე) ალექსნადრიელის ღმრთის გამოცხადებისათვის თქმულიდან.

მისივე სხვა ათი კანონი.

მისივე ეპისტოლე აფინგიონ ეპისკოპოსის მიმართ.

მისივე ეპისტოლე აგათონ ეპისკოპოსის მიმართ.

მისივე ეპისტოლე მინა ეპისკოპოსის მიმართ.

კირილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის შვიდი კანონი.

გენადი წმინდა კონსტანტინეპოლელი პატრიარქის და მასთან ერთად წმინდა კრების ეპისტოლე ირგვლივ მდებარე სამთავროების მიტროპოლიტების მიმართ.

ეს არის წმინდა და საეკლესიო კანონთა კრებული, დაბეჭდილი და შენახული ყოველგვარი შემატებისა და მოკლების გარეშე. ამათი ცოდნა, მიყოლა და მტკიცედ პყრობა მართებს ყველა ქრისტიანული მადიდებლობის წინამძღვარ მღვდელმთავარს, მღვდელსა და დიაკვანს, ჩვენს შორის მოძღვრად სახელდებულ მონაზვნებს და მთლიანად და სრულიად მართლმადიდებელთა ეკლესიას. ჩვენ ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენეთ, რომ თავიდანვე ჩვენი სიტყვის სახე განვმარტოთ.


დასაბამს ღმერთმა დაჰბადა კაცი ხატად და მსგავსად თვისად, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, მის მიერ ხილულისა და უხილავის საზოგადო საკვრელით თავის თავში შეაერთოს ყოველი შესაცნობი და გრძნობადი დაბადებული, რომ სათნოებით ექცეს თავის შემოქმედს საკუთრებად, ხოლო ის ასეთი მადლის სიმდიდრისაგან გაშიშვლდა ცთომის მიერ და განდგომილ და შერისხულ მონათა მონობა მოუტანა თავს.

მაგრამ მისმა სახიერმა დამბადებელმა თითქოსდა თავს იდვა მისი ხელით ქმნილი ამოდენა საქმის - კაცის უგულებელყოფა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის და მარადის ქალწულის უხრწნელ საშოში არა პირველისამებრ ეჭვის მადლით, არამედ გვამოვნებით შეაერთა იგი თავის თავთან და ზესთა ბუნებისა გააღმერთა მისგან მიღებული და მასთან ერთგვამქმნილი კაცი, რომელიც იყო პირმშო ყოველი შექმნილისა. მან თავს იდვა მრავალ ძმათა შორის პირმშოდ ყოფნა და ყრმებსაც ეზიარა ხორცით და სისხლით. მან, რომელიც ერთია და ყველას თავი, ჩვენ, მისი სახელის მიმართ წოდებულნი, მადლით მის ძმად აღიარებულნი და იმ თავის გვამად გამოჩენილნი, იქ აგვიყვანა, სადაც თვითონ არის ჩვენი იმედის თავი. წმინდათა თანამოღვაწე და ღმრთის თანამკვიდრნი გაგვხადა და სულის სამკვიდრებლად გამოგვაჩინა, რადგან როცა თავის მიმართ შეიკრიბება თითოეული ასო, ცომად გარდაიქმნება ყოველივე აზელილი.

ამისთვის მოგვეცა პირველად ბუნებითი და მერმე დაწერილი რჯული, განკაცდა ღმერთი, ამისთვის იყო ქალწულისაგან შობა, ბაგა, შეხვევა, მადიდებელი ანგელოზები, ვარსკვლავის მოძრაობა, მოგვთაგან ძღვენის მორთმევა, წინადაცვეთა, ნათლისღება, ზეციდან დამოწმება, გამოცდა, ჩვენთვის ჩაქოლვა და ვნება უვნებელისა, გაცემა, დალურსმვა, დამარხვა, აღდგომა, ზეცას აღსვლა. ამისთვის იყო მოციქულთა ქადაგება, მოწამეთა სისხლი, მოძღვართა სწავლანი, ღირსნი მამების ოფლი, კეთილმსახური და მორწმუნე მეფეების გულმოდგინება, ღმრთისმოყვარე მთავრების მოწადინება, ღმრთის სახის მღვდელმთავრობის რწმუნებულთა გამბედაობა მოწინააღმდეგის მიმართ, მღვდლებისა და სამღვდელოების სიმხნით თანამებრძოლობა, ცოდვისთვის სიმამაცით წინააღმდეგობის გაწევა, ნივთიერი ქონებისაგან დაცლილი მონაზვნების დასისა და ქრისტეს მოყვარე ერის სასულიერო დასთან ერთხმობა.

ამისთვის იქნა ქრისტესმოყვარე და ღმრთივდაცული მეფეების მიერ ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსებისა და ღმრთის სათნოყოფილი მამების კრებების მოწვევა დროდადრო, რომ საქმით სრულყოფილი სარწმუნოებით ღმერთთან შეაერთონ ქრისტიანები, რომელთა მონდომებას კეთილად მიჰბაძა ჩვენმა გვირგვინოსანმა, საყვარელმა და სასურველმა ძემ დავითმა, რომელიც ერთდროულად მხნეც არის და ბრძენიც, მართალიც და წმინდაც, მყუდროცა და მშვიდიც, სახიერიც და ტკბილიც, მოწყალეც და ძვირუხსენებელიც და მიმსგავსებულია სახიერებით ღმრთისა, რომელიც აღმოუბრწყინებს მზეს კეთილთა და ბოროტთა და ყველას თანასწორად ზრდის წვიმით. გარეშე ბრძოლაში წინ ვერვინ აღუდგება და გარეგნული შესახედაობით სხვა კაცთა შორის სწორუპოვარია. დიდად კეთილი არის, როგორც გმირი, მშვენიერია, როგორც სიძე, ბრწყინვალეა როგორც ცისკარი, ნაყოფიერია სიკეთით, როგორც აღმოსავლეთი, წარმატებებით ყვავილოვანია, როგორც ღმრთის სამოთხე, თავს არ იდვა, რომ უფრო მეტად არ ეღვაწა შინაგანი სულის სიკეთის გაბრწყინვებისთვის, რადგან ისინი წარმავალნი, ხოლო ესენი ღმრთის უსასრულობასთან ერთად უსასრულონი არიან. ამიტომ შეიკრიბა ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსთა, პატიოსან მღვდელთა, ღირს დიაკონთა, ქრისტესმოყვარე მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა კრება ქართლის მიდამოებში, ორ ახლოს მდებარე საეპისკოპოსოსში - რუისსა და ურბნისში. ქართველთა უბიწო სარწმუნოებას რაიმე ბიწი არ შეჰხებია, ეს ღმერთმა ნუ ქნას! არ გეცრუვებით შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო წმინდაო კათოლიკე ეკლესიაო, არც გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო - მართლმადიდებლობავ, რომლისთვისაც არასოდეს გვიღალატნია, რაც მისი შეცნობის ღირსნი გავხდით და რისი მოწმეც ჭეშმარიტებაა. ეს შეკრება მოხდა სხვა საეკლესიო, სამღვდელო და საქრისტიანო საკითხთა ძიებისთვის. ამ კრების თავი, წინამძღვარი და სახე იყო ღმრთის კუთვნილი, სულიერი სიმშვიდით მოსეს მსგავსი, დიდი სამოელისებრ ერისთვის მლოცველი და სრულყოფადთა მადლით მცხებელი ღირსი მთავარეპისკოპოს-კათალიკოსი იოვანე, მთელი საქართველოს მამათავარი, და მასთან ერთად იღვწოდა სრულად ზემოთ ჩამოთვლილი მრავალრიცხოვანი კრებული.
კატეგორია: რუის-ურბნისის საეკლესიო კრება | ნანახია: 1623 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: