მთავარი » 2011 სექტემბერი 13 » საბრალო ერის ადამიანები საკუთარი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით იცვამენ
11:00 PM საბრალო ერის ადამიანები საკუთარი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით იცვამენ | |
- წმიდაო მამაო, მისურვეთ რაიმე. - გისურვებ, რომ წმ. სალოსის ისიდორას მსგავსად [1] „სულიერად შეიმოსო“, რომ შენ „კეთილ თვალღებას“ მიაღწიო. შეხედე - საბრალო ერის ადამიანები საკუთარ ერულ თვალთმაქცობას აჩვენებენ და შინაგანი მდგომარეობის შესაბამისად იმოსებიან. ძველ დროში სამასკარადოდ წელიწადში ერთხელ ირთვებოდნენ - ყველიერის კვირაში, დღეს კი ადამიანების უმრავლესობა ამას ყოველდღიურად აკეთებს. ანუ წარსულში მასკარადს წელიწადში შვიდ დღეს ნახულობდი (ყველიერის კვირაში), ახლა კი - მთელი წლის მანძილზე - ყოველდღიურად. თითოეული ადამიანი ისე იცვამს, როგორც მოეპრიანება! ადამიანები მეტად ახირებულები გახდნენ. ისინი ჭკუიდან შეიშალნენ! ძალიან ცოტაა მოკრძალებული და თავშეკავებული - კაცი იქნება, ქალი თუ ბავშვი. განსაკუთრებით - ქალები, ისინი უკვე საზღვარს გადადიან. დღეს ქალაქისკენ რომ მოვდიოდი, გზად შევხვდი ერთ არსებას. ფართე ბაფთითა თუ ბინტით ერთიანად შემოგრაგნული, უაზრო ჩექმებითა და მოკლე ქვედაკაბით. ასეა მოდაშიო - ამიხსნეს. სხვა ქალები ძალიან მაღალი და წვრილი ქუსლებით დაბაკუნობენ. აქეთ-იქით არათანაბრად მიაბიჯებენ, თითქოს ქირურგი-ორთოპედი ჭირდებოდეთ. ვარცხნილობებზე ხომ საერთოდ, ჯობია, არაფერი თქვა. ვნახე, ერთი ასეთი „ლამაზმანიც“. ღმერთმა მაპატიოს - ეს რა ადამიანი იყო! სახე ველურს უგავდა, კბილებში სიგარეტი და - აბოლებს, თვალები ჩაწითლებული!.. ამბობენ, რომ საზოგადოებაში გადაწყვიტეს, რომ სახლში - ბავშვებთან არ მოსწიონ. საცოდავი ბავშვები! უკვე გამოყვანილი თევზებივით შებოლილები იბადებიან. ყავასაც არ მოაქვს სიკეთე. ღვთის მადლი აღარსადაა, მან დატოვა ადამიანები. მახსოვს, სინაზე რომ ვიყავი, იმგვარად ჩაცმული ადამიანები მოდიოდნენ, რომ სიტყვას ვერ იპოვიდი - გადმოსაცემად. როგორ მტკიოდა გული იქ მოსული ტურისტების გამო! რა უსახურნი იყვნენ ისინი! ეს იგივეა, სანაგვეზე გადაგდებული, მშვენიერი, ბიზანტიური ხატი რომ ნახო, იმ განსხვავებით, რომ აქ ადამიანები - ღვთის ხატები - საკუთარ თავს თვითონ აგდებენ ნაგავზე. ერთხელ ერთი ქალი ვნახე, რომელსაც ფილონის [2] მსგავსი სამოსი ეცვა და ვთქვი: - „მადლობა ღმერთს, ერთს მაინც ჩაუცვამს წესიერად, იყოს ფილონში ჩაცმული, სამაგიეროდ სხვებისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია“. მაგრამ აი, „ფილონიანი ქალი“ ჩემსკენ სახით მობრუნდა... და რას ვხედავ! წინ მთლიანად ღია ჰქონდა! აი, სადამდე მივიდნენ ადამიანები. ერთი პატარძლის სურათი გამომიგზავნეს და მთხოვეს, მისი ბედნიერი ქორწინებისთვის მელოცა. მისი საქორწინო კაბა არანაირი წესიერების ჩარჩოებში არ თავსდებოდა. ასე რომ ხარ ჩაცმული, ე.ი. უპატივცემულობას გამოხატავ საიდუმლოს მიმართ, თვით ეკლესიის სიწმიდის მიმართ. სულიერი ადამიანები არ ფიქრობენ ამაზე და დანარჩენებზე რაღა უნდა ვთქვათ?! და ამიტომ ვამბობთ, თუ მონასტრები არ გახდა დამამუხრუჭებელი ძალა, მაშინ არანაირი სხვა მუხრუჭი არ უშველის, დღეს ადამიანები აულაგმავები არიან, მათ მუხრუჭი არა აქვთ. ადრე, როდესაც ქრისტესთვის სულელები ცხოვრობდნენ, ქვეყანაზე ცოტა შეშლილი მოიძებნებოდა. ამიტომ ალბათ ქრისტესთვის სულელებს უნდა მივმართოთ, რომ განკურნონ ბუნებით სულელები და კვლავ ქრისტესთვის სულელთა სამყაროში აღმოვჩნდეთ. და რა არის სათქმელი: დღეს ყველაზე უაზრო და წარმოუდგენელ რამეს ხედავ და ისმენ. ერთი კაცი მიყვებოდა, რომ დღევანდელი მოდის მიმდევარი - უქნარები იღებენ საკუთარ ტანსაცმელს, ადგილ-ადგილ ხეხავენ და ძენძავენ, შემდეგ ჭრიან და მსხვილი ნემსით აკერებენ საკერებლებს. ეს რომ მოვისმინე, პირჯვარიც კი გადავიწერე. კარგი, შეიძლება, მშრომელი ადამიანი იყოს ასე ჩაცმული, მაგრამ - უქნარა? ამ კაცმა კიდევ მომიყვა რაღაც: „წმიდაო მამაო, უარესსაც გეტყვი, - მეუბნება იგი. - თანხმობის მოედანზე [3] ჩემი ცოლი ჩვენი ახლობელი ოჯახის შვილს შეხვდა. ხედავს, რომ ამ ყმაწვილს, იმ ადგილას, სადაც ფეხები ეწყება, შარვალი აქვს გახეული. „შვილო, ხელი მაინც მიიფარე უკან“ - ეუბნება ჩემი ცოლი. „თავი დამანებე, ახლა ასეთი მოდაა!“ - პასუხობს ეს ახალგაზრდა უსაქმური. საბრალო ბავშვები!..“ - წმიდაო მამაო, ზოგიერთი წმიდანების გამოსახულებიან ბლუზსა და ხალათს ატარებს. შეიძლება? - თუ წმიდანები კურტაკებსა და ბლუზებზეა გამოსახული, კიდევ არაუშავს, საშინელება არ არის. სჯობს, წმიდანების გამოსახულება ატარონ, ვიდრე - ეშმაკის სურათები; მაგრამ შარვალზე - წმიდანის გამოსახულება - არ შეიძლება. ეს ღვთისმოსაობას არ ჰგავს. არსებობენ ღვთისმოსავი ადამიანები, რომელთაც სურთ, სამოსი ქრისტიანული გამოსახულებებით შეიმკონ. მაგალითად, როდესაც პატრიარქი დიმიტრი ამერიკაში იყო, იქ გამოუშვეს ბლუზები და მაისურები პატრიარქისა და კონსტანტინეპოლის წმ. სოფიას ტაძრის გამოსახულებით. - ეს მათ ღვთისმოსაობის კარნახით გააკეთეს? - ეს ებრაელებმა კი არ გააკეთეს, არამედ - ქრისტიანებმა. ხომ არსებობენ კარგის გამკეთებელი ადამიანები, ისევე, როგორც შარლატანების გვერდით არსებობენ კარგი ექიმები. - წმიდაო მამაო, უწესო ჩაცმა საზღვარგარეთის გავლენის შედეგია? - აბა, კიდევ რისი?! ამიტომ იყო, რომ ჩემს ახალგაზრდობაში ამბობდნენ: ესენი „სმირნელები არიანო“. სმირნა ზღვისპირა ქალაქი იყო და იქ ბევრი უცხოელი ჩამოდიოდა. წმ. არსენი ძალიან მკაცრი იყო ტანსაცმელთან მიმართებაში. ერთი გოგონა გათხოვდა და სმირნიდან ჩამოტანილ ჭრელ ხილაბანდს ატარებდა. წმ. არსენიმ არაერთგზის მისცა შენიშვნა და ეუბნებოდა, რომ გადაეგდო ეს ხილაბანდი და მოკრძალებულად ჩაეცვა, როგორც ეს ფარსელს შეეფერებოდა, მაგრამ ახალგაზრდა კოპწია მას არ უსმენდა. ერთხელ წმ. არსენიმ ის ისევ ჭრელ ხილაბანდში დაინახა და მკაცრად უთხრა: „დასავლეთის სენი ფარასაში არ მჭირდება. იცოდე, თუ გონს არ მოეგები, შენგან შობილი შვილები ნათლობისთანავე მოკვდებიან. ისინი ღმერთთან ანგელოზებად მივლენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანით შენ ვერ გაიხარებ“. მაგრამ იგი არც ამის შემდეგ მოეგო გონს და მას ორი ჩვილი მოუკვდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, გადააგდო ის ჭრელი ხილაბანდი, მივიდა წმ. არსენისთან და შენდობა სთხოვა. - წმიდაო მამაო, ეხმარება მუქი ტანსაცმელი სულიერ ცხოვრებაში მონაზვნობის მსურველთ? - დიახ, მუქი ფერის სამოსი ძალიან ეხმარება. ის შველის სოფლიდან განრიდებაში, ხოლო ფერადი ტანსაცმელი ადამიანს ერს მიაჯაჭვავს ხოლმე. თუ იგი, ვისაც ბერობა სურს, იტყვის: „აი, როცა მონასტერში წავალ, შავს მაშინ ჩავიცვამ და მონაზვნურ წესებს მაშინ შევასრულებ“, - ის იქ - მონასტერშიც თავის შავბნელ ცხოვრებას განაგრძობს. თუ ერში ყოფნისთანავე ადამიანი სიხარულით აკეთებს იმას, რასაც ბერები აკეთებენ და მოუთმენლად ელის ამას. იგი ერშიც ხარობს სულით და მონაზვნურ ცხოვრებაშიც წინ მიიწევს. - ორ და სამ საფეხურს ერთად ადის. - წმიდაო მამაო, ხშირად მოკრძალებულად ჩაცმული და ეკლესიაში მოსიარულე ბავშვები უფროსებისაგან მკაცრ შენიშვნებს იღებენ. - როდესაც ისინი ამგვარად სარწმუნოებისა და გულის კარნახით იქცევიან, იმასაც შეძლებენ, რომ მშობლებს თავისი ადგილი მიუჩინონ. ვიცნობდი ერთ გოგონას, რომელიც შავ, გრძელსახელოებიან კაბას ატარებდა. რა ღვისმოსაობას ფლობდა იგი! ერთხელ ერთი ძალიან „მოდასაყოლილი“ ბებრუხანა ეუბნება მას: - „არ გრცხვენია, რომ ახალგაზრდა გოგონა შავებში და გრძელსახელოიან კაბაში დადიხარ?“ „- რადგან, თქვენ, ხანშიშესულები არ გვაძლევთ ასეთ მაგალითს, მაშინ ჩვენ, ახალგაზრდებმა, მაინც უნდა ჩავიცვათ შავები“. - უპასუხა გოგონამ და ასე მიუჩინა ამ მოხუც მოდასაყოლილს თავისი ადგილი. ხედავ, რა ხდება: ქალი მარხავს ქმარს და მაშინვე ფერადებს იცვამს. რაღა გვეთქმის? ჩემს დას, რომელსაც ოცდასამი წლისას გარდაეცვალა მეუღლე, სიკვდილამდე შავი არ გაუხდია. ჩემთვის ნეტარნი ეს თვალშისაცემად შემოსილი საბრალონი კი არ არიან, ცოდვილ „თვალშისაცემ“ ცხოვრებას რომ ატარებენ, არამედ ის ქვრივები, სიკვდილამდე შავით მოსილნი რომ დადიან, თეთრი, სპეტაკი ცხოვრებით ცხოვრობენ და უდრტვინველად ადიდებენ ღმერთს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |