მთავარი » 2011 სექტემბერი 13 » საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება(1998 წლის 8 ოქტომბერი)
9:56 PM საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება(1998 წლის 8 ოქტომბერი) | |
1998 წლის 8 ოქტომბერი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა: I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებული საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე. წ. „შამბეზის შეთანხმებები”). II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი. III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: „უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს” (ე. წ. „ბალამანდის შეთანხმება”). IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის შესახებ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე ეს არის კანონიკური დარღვევა, და არა მწვალებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის იურისდიქციაშიც შედის ფინეთის ავტონომიური ეკლესია) უარყოფითადაა განწყობილი ამ კანონიკურ დარღვევისადმი და მიაჩნია, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად (იხ. კონსტანტინეპოლის პატრიარქის წერილი N 1214/1997). V. მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება ე. წ. „განშტოებათა თეორია”, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომელნიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას. VI. მიუღებელია არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და თანაზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (ქ. თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრილი – 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტით, რომლის მე-13-ე მუხლის ბ) პუნქტში წერია: „მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში”. წმიდა კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ მართლმადიდებელთა ქცევას მწვალებლებთან მიმართებით, დაითრგუნა და კვალად უსირცხვილოდ ითრგუნება. ყოველივე ამისგან დიდი საცთური მოდის. ზოგიერთები გადამეტებული დაჟინებით გვიყვებიან სიყვარულის მოთხოვნილებებზე, ამბობენ, რომ მისი გულისთვის ბევრი რამ უნდა დავთმოთ და მრავალი მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული პირდაპირ არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან; არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი; საჭიროა “ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა” (ეფეს. 4,15), ანუ უნდა გაგაჩნდეს ჭეშმარიტი და წრფელი სიყვარული შეერთებული ჭეშმარიტ რწმენასთან და უნდა გსურდეს სულიერი სიკეთე მისთვის, ვინც გიყვარს. სიყვარული ჭეშმარიტებისა და რწმენის გარეშე არის სიცრუე და მოტყუება. სიყვარული ზეციური ყლორტია, რომელიც ვითარდება, ყვავის და ნაყოფს იძლევა მხოლოდ ჭეშმარიტების ნიადაგზე; ხოლო ჭეშმარიტება _ არა ნაწილობრივი, არამედ სრული, მხოლოდ მართლმადიდებლობაშია”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |