მთავარი » 2011 ოქტომბერი 14 » სარწმუნოების ერთგულების შესახებ
2:58 AM სარწმუნოების ერთგულების შესახებ | |
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე პირველი ნიშანი და თვისება ახლანდელთა მაცდურთა ის არის, რომ იგინი თავის ლაპარაკში აურევენ სულიერსა და ხორციელსა, ქვეყნიერსა და ზეციერსა, სამოქალაქო წყობილებასა და საღმრთოსა სჯულსა, სარწმუნოების სწავლასა და სოფლის მდგომარეობასა . . . ზოგიერთნი საცოდავნი და საბრალონი ჩვენნი ყმაწვილნი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობენ, რაც არის იქ პატიოსანი და ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა ნეხვსა შინა და აქაც იმას მოგვიტანენ, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლებად იყოს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) “ვისაც შიშისა, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა და სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისათვის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აღიმაღლოს, იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფებ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა“. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |