მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » წმიდა იოანე ოქროპირი რჩეული ადგილები თხზულებებიდან
1:18 AM
წმიდა იოანე ოქროპირი რჩეული ადგილები თხზულებებიდან


რისთვის ისჯებიან აქ ერთნი, ხოლო მეორენი კი
ისეთივე ბრალეულნი - არ ისჯებიან

იკითხავ ალბათ, რად ისჯებიან ერთნი აქ, მეორენი იქ და არა ყველანი აქვე? რატომაა ასე? იმიტომ რომ, ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ყველა დავიღუპებოდით; რამეთუ ყველა განკითხვას ვექვემდებარებით. მეორეს მხრივ, აქ რომ არავინ ისჯებოდეს, ბევრი კიდევ უფრო დაუდევარი გახდებოდა, მრავალნი კი იტყოდნენ, რომ განგებულება არ არსებობს. რამეთუ, თუკი ახლაც კი მრავალი ღვთისმგმობელობს, თუმცა კი ხედავენ, რომ ცოდვილთაგან ბევრი ისჯება; რაღას არ იტყოდნენ, ესეც რომ არ ყოფილიყო? როგორ ბოროტებამდე არ მივიდოდნენ მაშინ? ამის გამოც, ღმერთი ზოგს სჯის აქ, ზოგს კი - არა. სჯის ზოგიერთებს, მოჰკვეთს მათ ცოდვებს, უმსუბუქებს მომავალ სასჯელს, ან სულაც ათავისუფლებს მათ ამისგან, და მათი დასჯით უბიწოებს ხდის უკეთურებაში მყოფთ; ხოლო სხვებს, პირიქით, არ სჯის, რათა, თუკი ისინი საკუთარ თავს ჩაუღრმავდებიან, სინანულში ჩავარდნენ და შერცხვეთ ღვთიური სულგრძელების გამო, და გადაურჩნენ როგორც აქაურ სასჯელს, ისე მომავალ სატანჯველს; ხოლო თუ უღირსებაში დარჩებოდნენ, ვერ შემტკბობნი ღვთიური წყალობისა, კიდევ უფრო მეტ სასჯელს მიიღებდნენ თავისი უკიდურესი დაუდევრობისათვის. ხოლო თუკი ვინმე კეთილმეცნიერთაგან დაიწყებს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ დასჯილნი უსამართლობას განიცდიან, რადგანაც მათ კიდევ შეეძლოთ შეენანათო; ამაზე ჩვენ ვეტყვით: ღმერთს რომ წინასწარმცნობელობით მათში სინანული დაენახა, მაშინ არ დასჯიდა. რამეთუ თუკი ის იმათ უთმენს, ვისზედაც უწყის, რომ გამოუსწორებელნი დარჩებიან; რამდენად უფრო მოუთმენდა აწინდელ ცხოვრებაში მათ, ვისზედაც ეცოდინებოდა, რომ მის სულგრძელებას სასიკეთოდ გამოიყენებდნენ, ისარგებლებდნენ დროის გადავადებით სინანულისთვის. მაგრამ ამჟამად, წინაუსწრებს რა მათ, იგი იმათაც უმსუბუქებს იქაურ ხვედრს, და ამათაც განაბრძნობს იმათი დასჯით. მაგრამ ყველა ცოდვილთან რად არ იქცევა ასე? იმად, რომ ცოცხლად დარჩენილები სხვისი შიშითა და დასჯით გამოსწორდნენ, და ღვთიური სულგრძელების მაქებართა და მისი სიმშვიდით დარცხვენილთა, დაუტეონ უღირსება. მაგრამ ისინი, მეტყვი შენ, არაფერს ასეთს არ აკეთებენ? - მაგრამ ამაში უკვე დამნაშავეა არა ღმერთი, არამედ იმათი უზრუნველობა, რომელთაც თავისი ცხონებისათვის არ ისურვეს ამგვარი შეწევნით ესარგებლათ. და შენ რომ დარწმუნდე, რომ იგი ამას სწორედ ამისთვის იქმს, - ყური მომაპყარ. ოდესღაც პილატემ გალილეველთა სისხლი სამსხვერპლო სისხლს შერთო, და ზოგიერთებმა, მოვიდნენ რა, ეს ქრისტეს ამცნეს; მან კი თქვა: „იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო მეტად ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ? არა გეუბნებით თქვენ: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით" (ლუკა 13, 2-3). სხვა დროს 18 კაცი დაიღუპა დაქცეული გოდოლის ქვეშ მოყოლილი; და მათზედაც იგივე თქვა მან. - რამეთუ სიტყვებით: „იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო მეტად ცოდვილნი იყვნენ? არა გეუბნებით თქვენ", - მან აჩვენა, რომ ცოცხლად დარჩენილნი ისეთივე ცოდვილები იყვნენ; ხოლო სიტყვებით: „თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით", აჩვენა, რომ იმათი ვნება იმისთვის დაუშვა, რათა ცოცხლად დარჩენილები შეშინდებოდნენ რა და შეინანებდნენ, სასუფევლის მკვიდრნი გამხდარიყვნენ. რა გამოდის? იტყვი შენ, - ესა და ეს იმისთვის ისჯება, რათა მე უკეთესი გავხდე? - არა, ამისთვის არ ისჯება, არამედ თავისი ცოდვებისთვის; მაგრამ ამასთან, იგი ყურადღებიანებისთვის ასევე საშუალება ხდება ცხონებისა; რამეთუ შიშნეულობას ჰგვრის რა იმით, რაც მას შეემთხვა, უგულსმოდგინესს ხდის მათ სიკეთის მიმართ. ასევე იქცევიან ბატონებიც: მრავალგზის სჯიან რა ერთ მსახურს, შიშით სხვებს უფრო უბიწოს ხდიან. მაშ, როცა ნახავ, რომ ზოგიერთები ან ზღვათაღელვაში დაიღუპნენ, ან ჩამოქცეულმა სახლმა მოიყოლა ქვეშ, ან ხანძრისას დაიწვნენ, ან მდინარეში დაიხრჩვნენ, ანდა სხვაგვარი სახის ძალადობრივი სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე, მაშინ როცა სხვებს, ასეთსავე ან უფრო ცოდვილებს, არაფერი მსგავსი არ შემთხვევიათ, - ნუ აფორიაქდები და ნუ იტყვი: რატომაა, რომ ერთნაირად ცოდვილები ერთნაირად არ ევნენ? არამედ ასე განსაჯე, რომ ღმერთმა მიუშვა ერთი მოკლულიყო და გასრესილიყო, რითაც მას მომავალ ხვედრს უმსუბუქებს, ან სულაც ათავისუფლებს მომავალი სასჯელისაგან; ხოლო მეორეზე კი არაფერი მსგავსი არ დაუშვა - რათა იგი სხვისი დასჯით უფრო კეთილზნიანი გამხდარიყო. თუკი ცოდვებში დაახანებ, მაშინ საკუთარი უზრუნველობით უსიხარულო ტანჯვისთვის განიმზადებ თავს, და ღმერთი არაა დამნაშავე ამ აუტანელ სასჯელში. და კვლავ, თუ დაინახავ, რომ მართალი წუხს ან ყოველივე ის გადაუტანია, რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ნუ დაეცემით სულით: რამეთუ მასაც უმზადებენ უბედურებანი უნათლეს გვირგვინებს. და საერთოდ, ყოველგვარი სასჯელი, თუ ცოდვილებს ეწევა, ცოდვათა სიმძიმეს უმსუბუქებს, თუ მართლებს - სულს უნათლესს ხდის; ე.ი. ერთსაც და მეორესაც უდიდესი სარგებელი აქვს ჭირ-ვარამისაგან, ოღონდ კი მადლიერებით გადაგვქონდეს ეს ყველაფერი: რამეთუ სწორედ ესაა საძიებელი.
კატეგორია: მამათა სწავლება | ნანახია: 1204 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: