მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » უსირცხვილობა ღვთის მადლს განდევნის!
0:56 AM
უსირცხვილობა ღვთის მადლს განდევნის!


დიდი ყურადღებაა საჭირო. მოურიდებელი და უყურადღებო საქციელი საღმრთო მადლის მიღებას აბრკოლებს. ადამიანებისადმი უპატივცემულობა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა პიროვნებისათვის, საღმრთო მადლის მისაღწევად. რაც მეტი პატივისცემით მოეპყრობიან ბავშვები მშობლებს, მასწავლებლებს, უფროსებს, მით მეტ საღვთო მადლს მიიღებენ. და თუ მოურიდებლები და გაუგონრები იქნებიან, საღვთო მადლი შესაბამისად დატოვებს მათ. ერულმა თავისუფლებამ განდევნა არა მხოლოდ ღვთისმოსაობა, არამედ ელემენტალური ერული თავაზიანობა. ზოგიერთ ყმაწვილს არ რცხვენია მამას დაუძახოს: „ჰეი, მამილო, სიგარეტი გაქვს? მე გამითავდა". განა ადრე გაიგონებდი ასეთ რამეს? მოზარდი თუ ეწეოდა, ამას მალულად აკეთებდა. ახლა კი - ვითომც არაფერი!.. ყოველივე ამის შედეგად როგორ არ დაკარგავენ ბავშვები ღვთის მადლს? თანამედროვე გოგონები მშობლების დასწრებით ყველაზე უკადრისი სიტყვებით ლანძღავენ ძმებს იმის გამო, რომ ისინი ეკლესიაში დადიან. მამა კი მხოლოდ დუმს. თმა ყალყზე დამიდგა, ეს რომ შევიტყვე. შემდეგ, მარტო დარჩენილმა საკუთარ თავს დავუწყე ლაპარაკი.

ერული გარემო და ერული მშობლები ღუპავენ შვილებს. გარემო ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს. მოკრძალებული ბავშვი ცოტაა, გაბოროტებული, გულქვა ბავშვები კი ასეთებად იმიტომ ჩამოყალიბდნენ, რომ ურცხვად იქცეოდნენ. ძალიან ხშირად მოჰყავთ ჩემთან შვილები მშობლებს და მეუბნებიან: „მამაო, ჩემს შვილს ეშმაკი დაეუფლა". ამ დროს ვხედავ, რომ ამ ბავშვში ეშმაკი არ არის. ღმერთმა დაიფაროს?! ძალიან ცოტაა ეშმაკეული ბავშვი. ყველა დანარჩენი ეშმაკეულ ქმედებებს გარედან ითვისებს. მაგრამ ეშმაკი გარედანაც ახერხებს თავისი გააკეთოს. და საიდან იწყება ეს? - უტიფრობიდან, უფროსებთან უტიფარი საუბრით ბავშვები საკუთარი თავიდან ღვთის მადლს განდევნიან. ხოლო როდესაც ღვთის მადლი მიდის, მოდის ეშმაკი და ბავშვები უწესოდ, უმსგავსოდ იქცევიან. და პირიქით... ღვთისმოსავი, უფროსების პატივისმცემელი ბავშვები აუცილებლად მიიღებენ საღმრთო მადლს. ასეთ ბავშვებზე ღვთის კურთხევაა გადმოსული. ღვთისადმი რწმენა და უფროსების პატივისცემა იმდენად დიდ მადლს შემოუკრებს ხოლმე ბავშვს, რომ ამ მადლს იგი სხვასაც გადასცემს. ღვთის მადლი არ მიდის პატარა მეამბოხეებთან და უწესო ბავშვებთან, არამედ იგი ღვთისმოსავ, კეთილგონიერ, წესიერ ბავშვებს პოულობს. ბავშვი რომ წესიერი და ღვთისმოსავია, მას ეს ეტყობა. მისი თვალები ბრწყინავს. და რაც მეტ პატივისცემას ავლენენ მშობლებისა და საერთოდ - უფროსების მიმართ, მით მეტად იღებენ საღმრთო მადლს. მაგრამ, რაც უფრო მოურიდებელი და გაუგონარია იგი, მით მეტად კარგავს საღმრთო მადლს.

ბავშვი, რომელიც სხვების მიმართ პრეტენზიულია, რომელსაც ვერაფრით აამებ - ვერც ასე და ვერც ისე, მეამბოხედ, ეშმაკად იქცევა ხოლმე. აბა, დააკვირდით, ყველა ბავშვი, რომლის კაპრიზებსაც უსიტყვოს ასრულებენ მშობლები, პატარა მეამბოხე ხდება. და თუ ისინი არ მოინანიებენ, არ მოინდომებენ, რომ გათავისუფლდენენ ამ მღელვარებისაგან, მათ რომ გონებას უბინდავს და კვლავ ურცხვად მოიქცევიან, მაშინ - ღმერთმა დაიფაროს! საღმრთო მადლი საერთოდ დატოვებს მათ. ისინი იქამდეც მივლენ, რომ ღმერთზე აუგს იტყვიან, რის შედეგადაც მათ მოქმედებას ბნელი ძალები წარმართავენ.
„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა"...

სადამდე მივიდნენ ახლანდელი ბავშვები! ერთი სიტყვის მოთმენაც კი არ შეუძლიათ და როზგებს ვინ მოითმენს! ბავშვები თავხედები, ძალიან ეგოისტები და ნერვიულები არიან. ისინი ბოროტად იყენებენ თავისუფლებას. ბავშვი მშობლებს ემუქრება, პოლიციაში წაგიყვანთო. სულ ახლახან თხუთმეტი წლის მოზარდი ისე დაბოლდა, რომ მამამ კარგად გაასილაქა. მაშინ ეს ბიჭუნა პოლიციაში გაიქცა, მამას უჩივლა და ისიც გაასამართლეს! სასამართლოზე მან თქვა: - „თქვენ უსამართლოდ იქცევით. მე რომ ის არ დამესაჯა, ხომ ციხეში მოხვდებოდა და მის გამო თქვენ კი არა, მე შევწუხდებოდი". ამ სიტყვებზე მან ხელი მოჰკიდა ამ ნორჩ „მოსარჩლეს", ორი სილა სკიცა და თქვა: „აი, ამ სილებისთვის გამასამართლეთ და არა - იმისთვის. ახლა ჩამსვით ციხეში, იმიტომ, რომ ტყუილუბრალოდ ვცემე".

იმის თქმა მინდა, თუ სადამდე დაეცნენ ბავშვები. ასეთია მათი ამჟამინდელი „მენტალიტეტი". ადრე მშობლები ქამრითაც აგვაჭრელებდნენ ხოლმე, მაგრამ მათზე ცუდს არ ვფიქრობდით. ქამარსაც კი მშვიდად და მორჩილებით ვიღებდით. იმაზეც კი არ ვფიქრობდით, მართლა ძალიან დავაშავეთ თუ - არა. გვჯეროდა, რომ ეს ქამარიც ჩვენს სასარგებლოდ იყო. ვიცოდით, რომ მშობლებს ვუყვარდით, ისინი ხან გვეფერებოდნენ, ხან გვკოცნიდნენ, არც დასჯას გვაკლებდნენ, მაგრამ ყოველივე ეს სიყვარულიდან მომდინარეობდა. როცა მშობლები ფიზიკურად სჯიან ბავშვებს, მათი გული იტანჯება, ხოლო დასჯისას ბავშვები ტკივილს მხოლოდ ლოყაში გრძნობენ. შეიძლება, გულის ტკივილი უფრო ძლიერიც კია, ვიდრე - სილაქებისაგან. როგორც არ უნდა ექცეოდეს დედა შვილებს - ლანძღავდეს, სცემდეს თუ ეფერებოდეს, ყველაფერი დედის მოსიყვარულე გულიდან გამოდის, ხოლო ბავშვები, როდესაც უტიფრად იქცევიან, მშობლებს წინააღმდეგობას უწევენ და ღრიალებენ, ეს მათგან მადლს განაშორებს. ამის შემდეგ კი კანონზომიერია, თუკი ისინი ეშმაკეულ ზემოქმედებას განიცდიან.

- წმიდაო მამაო, განა ვაი-მშობლები კი არ არსებობენ?

- კი, არსებობენ, და ასეთი მშობლების შვილებს ღმერთი ეხმარებათ. ღმერთი უსამართლო არ არის. ველური პანტაც ნაყოფითაა სავსე. ათონზე, ჩემი სენაკისკენ მომავალ გზაზე ველური ალუჩა ხარობს. ფოთოლიც კი არ ეტყობა, იმდენი ნაყოფი აქვს. სიმძიმისაგან ტოტები ემტვრევა, ხოლო კულტურული მცენარეები ხშირად ნაყოფს არც კი იძლევიან.
განხეთქილება თაობებს შორის

სამყარო საგიჟედ იქცა. პატარა ბავშვები დასაძინებლად შუაღამისას წვებიან, მაშინ, როცა მათ მზის ჩასვლისთანავე უნდა დაიძინონ. ისინი ცათამბჯენებში, ბეტონის კედლებში არიან გამომწყვდეულები და უფროსების განრიგით ცხოვრობენ. რა ვუყოთ ბავშვებს და რა ვუყოთ მშობლებს? მოდიან ბავშვები და მეუბნებიან: „მშობლები ვერ გვიგებენ". მოდიან მშობლები და მეუბნებიან: „ჩვენს შვილებს ჩვენი არ ესმით". მშობლებსა და შვილებს შორის უფსკრული გაჩნდა და იმისთვის, რომ ის ამოივსოს, მშობლებმა შვილების ადგილას უნდა წარმოიდგინონ თავი და შვილებმა მშობლების ადგილას. თუ ბავშვები მშობლებს არ გაამწარებენ, როდესაც გაიზრდებიან და თვით გახდებიან მშობლები, აღარც მათი შვილები დატანჯავენ მათ. და პირიქით: ვინც მშობლებს არ უგონებს და ამწარებს მათ, თვითონაც ამგვარადვე დასტანჯავენ მომავალში თავისი შვილები, იმიტომ, რომ აქ საღვთო კანონები ამოქმედდება.[i
]
კატეგორია: ბერი პაისი ათონელი | ნანახია: 820 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: