მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » VIII მსოფლიო კრება განდგომილების კრება იქნება
10:18 PM
VIII მსოფლიო კრება განდგომილების კრება იქნება


მსოფლიო მართლმადიდებლობა შეშფოთებით ადევნებს თვალს მართლმადიდებელთა “მსოფლიო კრებისათვის” მზადებას. განგაშის წერილები იწერება მრავალ ადგილობრივ ეკლესიაში (იხ. დანართი), რასაც ჩვენც ვუერთებთ ჩვენს ხმას. თუ რა იწვევს ჩვენს შეშფოთებას, ამის შესახებ რამდენადმე დეტალურად გადმოვეცით ქვემოთ, კომენტარებში. აქ კი მოკლედ შევეხებით შემდეგს: მსოფლიო კრების მოსამზადებელი კომისიის თავმჯდომარემ, პერგამოს მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი) მსოფლიო კრების გამართვის “აუცილებლობის” შემდეგი მიზეზები დაასახელა:



• კრების მოწვევა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითობის პრინციპიდან გამომდინარე;



• ღმრთის ხალხის მოთხოვნა;



• არამართლმადიდებელთა მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის გაკიცხვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უუნაროა მოიწვიოს სრულიად მართლმადიდებელთა კრება მსოფლიო კრების სახით;



• რიგი შიდასაეკლესიო საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა.



ყველა ამ დასახელებულ მოტივს, სინამდვილეში, არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია. პირველი, მეორე და მესამე აშკარად გამოგონილი და ხელოვნური ხასიათისაა. მეტიც, იმის მტკიცება, რომ მსოფლიო კრებას ღმრთის ხალხი სულმოუთქმელად ელის, აშკარა ტყუილია, რადგან სწორედ ერისა და კლიროსის მიერაა მტკიცედ გაცნობიერებული, რომ კრება განდგომილებისა იქნება (ე.წ. “ავაზაკთა კრება”). განდგომილებად მისი სახელდება, რომ არც თუ უსაფუძვლოა, დავრწმუნდებით, თუ განვიხილავთ საკითხთა იმ წრეს, რომელიც განხილული იქნება მსოფლიო კრებაზე:



1. მართლმადიდებლური დიასპორა. მართლმადიდებლური გაერთიანებების იურისდიქციის განსაზღვრა ეროვნულ საზღვრებს გარეთ; “დღეს არსებული კანონებით - გვიხსნის პატრიარქი ბართლომე - თავის სამშობლოს გარეთ მყოფი მორწმუნეები უნდა ეკუთვნოდნენ მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციას”;



2. საეკლესიო ავტოკეფალიის სტატუსის ცნობის პროცედურა;



3. საეკლესიო ავტონომიის სტატუსის ცნობის პროცედურა;



4. დიპტიხი. მართლმადიდებლური ეკლესიების კანონიკური ურთიერთცნობის წესები;



5. დღესასწაულების საერთო კალენდრის დადგენა;



6. წესები და წინააღმდეგობები ქორწინების საიდუმლოს შესრულებისათვის;



7. მარხვის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში;



8. სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან კავშირის საკითხები;



9. ეკუმენისტური მოძრაობა;



10. მართლმადიდებლობის წვლილი ქრისტიანული იდეალების - მშვიდობის, ძმობისა და თავისუფლების - განმტკიცების საქმეში.



ის, თუ რა იგულისხმება ამ საკითხებში, უკვე ცნობილი გახდა (მაგალითად, ერთიანი კალენდრისა და ახალი პასქალიის შემოღება, კლირიკოსებისათვის განმეორებითი ქორწინების ნებართვის დადგენა და სხვა).



სავსებით ცხადია, რომ “კრება”, თუ შედგა, არ იქნება მსოფლიო, რადგან მსოფლიო კრების ბუნება, მისი მოწვევის კანონიკური წინაპირობები და განსახილველ საკითხთა რანგი სრულიად განსხვავებულია. მხოლოდ გარეგნული მხარე, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატის მოწვევა დიდი რაოდენობით არ ნიშნავს, რომ ეს კრება თავისი არსით მსოფლიოა და მისი გადაწყვეტილებები სავალდებულო ხასიათისაა. მსოფლიოობისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს კრებაზე წარმოდგენილი საკითხები და დადგინდეს მიღებული გადაწყვეტილებების ჭეშმარიტებასთან შესაბამისობის ხარისხი.



კრება არც მართლმადიდებლური იქნება, რადგან დარღვეულია მემკვიდრეობითობის პრინციპი, - დაგეგმილი კრება აშკარად რეფორმატორული ხასიათისაა და მიზნად ისახავს არა წინამორბედ კრებათა დადგენილებების განმტკიცებას, არამედ მათ შეცვლას, მსოფლიო კრებათა სულისკვეთების საწინააღმდეგო რეფორმებს (პასქალიისა და კალენდრის, სასულიერო პირების მეორედ ქორწინების, მარხვების შემცირებისა და შესუსტების, კონფესიათა და რელიგიათა შორის დიალოგის, ერთობლივი ლოცვების, ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობისა და სხვა მიმართულებით).



თვით დიასპორის საკითხი, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო განიხილავს როგორც “ახალ მოვლენას მართლმადიდებელი ეკლესიისათვის”, ასევე გამოგონილი პრობლემაა. მსოფლიო საპატრიარქოს მისწრაფება, გადაწყვიტოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი დაავადებულია კოსმოპოლიტიზმის სულით. შესაძლოა ეს სიტყვები რამდენადმე მკვეთრია, სამაგიეროდ ზუსტად გამოხატავს კონსტანტინოპოლის დღევანდელ საეკლესიო ამბიციებს. დიასპორის საკითხი, მაშინაც კი, თუკი იგი იარსებებდა როგორც პრობლემა, სრულებითაც არ მოითხოვს მის განხილვას უმაღლეს საეკლესიო დონეზე. ბევრი საკითხი, თუნდაც კანონიკური რიგისა, სავსებით შეიძლება განიხილებოდეს ეკლესიათა წარმომადგენლებს შორის მიმოწერის დონეზე, რომელთა პოზიციები საგანგებოდ იქნებოდა მომზადებული კანონიკური სამართლისა და სარწმუნოების საკითხთა სპეციალური კომისიის მიერ ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიაში.



ამგვარად, თუ გადავხედავთ განსახილველად შემოთავაზებულ საკითხებს და შევაფასებთ მათი განხილვის ხერხებსა და პრინციპებს, მივხვდებით, თუ როგორი საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ჩვენ ჩვენს ეკლესიას, თუკი მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო კრების მომზადებასა და ჩატარებაში. ასეთი კრების გადაწყვეტილებებს არ მიიღებს ეკლესიის სისავსე, მოხდება დაპირისპირება დამყოლ იერარქიასთან, შეიქმნება დაპირისპირებული დაჯგუფებები.



ჩვენს ამ შესავალს ვასრულებთ ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) სიტყვებით: “ჩემი სინდისი მაიძულებს ისევ მივმართო ვედრებით სერბეთის მოწამებრივი ეკლესიის წმიდა სინოდს: დაე, ჩვენმა ეკლესიამ თავი შეიკავოს ე.წ. სრულიად მართლმადიდებელთა კრების მომზადების საქმეში და თავად მასში მონაწილეობისგან. რადგან, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი კრება ჩატარდება, მისგან მხოლოდ ერთს უნდა მოველოდეთ: განხეთქილებებს, მწვალებლობებსა და მრავალი სულის დაღუპვას. და ეკლესიის ისტორიული სამოციქულო წმიდამამობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი კრება კურნების ნაცვლად ახალ ჭრილობებს გააჩენს ეკლესიის სხეულზე და შექმნის მისთვის ახალ პრობლემებსა და გაჭირვებებს”.



წყარო: http://religia.ge/
კატეგორია: ფსევდო VIII მსოფლიო კრება | ნანახია: 957 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: